logo_geo
eng_logo
ვახტანგ შაქარიშვილი: ოპოზიციის მხრიდან გენგეგმასთან დაკავშირებით არასწორი აქცენტები კეთდება
- +

10 ივლისი. 2018. 17:11

 

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, გენგეგმის აღსრულება თითოეულ მოქალაქეზე აისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ მხარეს გასაგებად მიეწოდოს ინფორმაცია. ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებით, საკითხზე ოპოზიციის მხრიდან  არასწორი აქცენტები კეთდება. 

 

„ჩემთვის სამწუხაროა, რომ გენერალური გეგმის საკითხი ოპოზიციამ ძალიან  გააუფასურა და მხოლოდ ელიავას გადატანა-არგადატანაზე კეთდება აქცენტები, მაშინ როდესაც ეს დოკუმენტი მაგისტრალურ გადაწყვეტილებებზე გვესაუბრება და ქალაქის მომავალი განვითარების სტრატეგიას გვთავაზობს“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, აბსოლუტურად მისაღებია კონცეფცია, რომელიც მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქის იდეას გულისხმობს. ასევე  მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომპონენტი გაჩნდა - მედეგი ქალაქის სახით, რომელიც გულისხმობს ქალაქის უნარს გადარჩეს, ადაპტირდეს და განვითარდეს.

 

„თუმცა, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ გვინდა ამ მიზნების მიღწევა და ურბანული უწესრიგობიდან გამოსვლა, მზად უნდა ვიყოთ გარდამტეხი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც  ამ მიზნების შესრულებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, იქნება შეზღუდვებიც, მაგრამ იქნება ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლიანი პოზიცია. ჩვენ უნდა შევქმნათ სამართლიანი და ადეკვატური თამაშის წესები, სადაც მაქსიმალურად დავაბალანსებთ  ქალაქის, მოსახლეობის  და ბიზნესის ინტერესებს. მხოლოდ ასე შევძლებთ, შევქმნათ ახალი და შევინარჩუნოთ ის, რაც სამწუხაროდ მრავალწლიანი უსისტემობის შედეგად დაგვრჩა“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

 

მან ამის  მაგალითად 11 ჩარჩო გეგმა მოიყვანა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება თითოეული იქ მცხოვრები თუ სხვა დაინტერესებული მხარის ინტერესი, რის საფუძველზეც შეიქმნება უბნის განვითარების გააზრებული და კარგად დალაგებული სტრატეგია.

 

„სწორედ ასეთი საშუალო და გრძელვადიანი ხედვა და მიდგომა განაპირობებს ქალაქის განვითარებას ისე, რომ არ ავცდეთ დეკლარირებულ მწვანე, კომპაქტური, შეკავშირებული და მედეგი ქალაქის კონცეფციას“, - დასძინა ვახტანგ შაქარიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner