logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: რას მალავს ჩინეთი?
- +

20 აპრილი. 2020. 10:56

 

 

ბოლო დღეებში ზედიზედ ჩნდება ინფორმაციები, რომ კორონავირუსმა  გაჟონა არა უხანის ცხოველთა ბაზრობიდან, არამედ ლაბორატორიიდან.  ტელეკომპანია „Fox News“-მა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გაავრცელა მასალა, რომლის თანახმად COVID-19 უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ, როგორც ჩინეთის მცდელობა, ეჩვენებინა, რომ მისი შესაძლებლობები ვირუსების აღმოჩენისა და ვირუსებთან ბრძოლის კუთხით აშშ-ის შესაძლებლობებს აღემატება. ტელეკომპანიის ცნობით, „ნულოვანი პაციენტი“ ლაბორატორიაში მუშაობდა და შემდეგ უხანში მოსახლეობაში გავიდა.

 

საინტერესოა, რომ უხანის ცხოველების ბაზრობაზე, რომელზეც თავდაპირველად მიუთითებდნენ, როგორც ვირუსის წარმოშობის ადგილს, ღამურებს არასოდეს ყიდდნენ.  ბაზრობაზე ყურადღება ჩინეთის მთავრობამ განგებ გადაიტანა, რათა წარმოშობის კვალი დაეფარა.

 

კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ გამოძიება კორონავირუსის წარმოშობის კვალს უხანის ლაბორატორიაში მიაგნებენ, ჩინეთი პასუხს აგებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის. აქამდე ტრამპი აცხადებდა, რომ ჩინეთი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ერთობლივად მალავენ კორონავირუსით დაღუპულთა ზუსტ რიცხვს აზიის მოწინავე ქვეყანაში. ასეთივე ინფორმაციამ გაიჟღერა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში, კერძოდ აღინიშნა, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა კორონავირუსით დაინფიცირებულთა და დაღუპულთა მონაცემები, ნიმუშები. გარდა ამისა, წყაროს ცნობით,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავიდანვე თანამონაწილე იყო და ჩინეთს კვალის დაფარვაში ეხმარებოდა. ამის გამო, აშშ-ს პრეზიდენტმა დაფინანსებაც კი შეუწყვიტა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. ტრამპის თქმით ამ ორგანიზაციას აშშ-ის ხელმძღვანელობა ყოველწლიურად 300-500 მილიონი დოლარით აფინანსებდა, ეს მაშინ, როცა ჩინეთის მხრიდან დაფინანსება 40 მილიონს არ აჭარბებდა.

 

ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვის გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის მხრიდან კრიტიკის შემდეგ, მალევე ჩინელებმა უხანში კიდევ 1500-მდე გარდაცვლილი „აღმოაჩინეს“. ეს უკვე ცხადყოფს იმას, რომ ჩინეთი კიდევ ბევრ რაღაცას მალავს.

 

შაბათს ჩინეთის ტელევიზიით განცხადება გააკეთა უხანის მეცნიერებათა აკადემიისა და  ამავდროულად ვირუსოლოგიისა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იუან ჩჟიმინმა:

 

„ამერიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ამის შესახებ ჟურნალისტებმაც დაწერეს „ვაშინგტონ პოსტშიც“, მაგრამ მათ ამის მტკიცებულებები არ გააჩნიათ. მათი მიზანი ერთია: ხელი შეუშალონ ეპიდემიასთან ბრძოლის ჩვენებურ მეთოდებს და გარკვეულ წილად მიაღწიეს კიდეც საწადელს“.

 

იუან ჩჟიმინი ამტკიცებს, რომ ლაბორატორიიდან ვერანაირი ვირუსი ვერ გაჟონავდა.

 

შეგახსენებთ, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ერთადერთია ჩინეთში, რომელსაც BSL-4 სტანდარტის სერტიფიკატი გააჩნია.  ეს საშუალებას აძლევს ჩინეთს, გამოიკვლიოს მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ვირუსები.

 

ცხადია, ჩინეთი, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ს იქით სდებდა ბრალს კორონავირუსის გავრცელებაში, ბოლომდე დაიცავს თავის თავს, რადგან უკან დასახევი გზა არ გააჩნია. მსოფლიო მასშტაბით ჩინეთისადმი ნდობა 50-60 პროცენტით დაეცა. თუ დამტკიცდა, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ამ ქვეყანას სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება, პრობლემებიც გაუჩნდება და საკუთარი ეკონომიკაც, უხეშად რომ ვთქვათ, თავზე დაენგრევა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner