logo_geo
eng_logo
დონალდ რამსფელდი: აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესები საქართველოში
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:48



გავლენიანი ამერიკული გამოცემა «The Wall Street Journal», ასევე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსისა და სამხედრო მოღვაწის დონალდ რამსფელდის ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოში შეერთებული შტატების ინტერესებზეა საუბარი.


გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:


საქართველომ კვლავ მოხდინა დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულების მტკიცე დემონსტრირება: გასულ თვეში ქართველებმა, უკვე მეორედ ოთხი წლის მანძილზე, საარჩევნო ურნებთან ხმის მიცემის დროს ნამდვილი დემოკრატიის, პლურალისტური საზოგადოებისა და ტრანსატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება გამოხატეს. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით განმეორდა და კიდევ უფრო გაღრმავდა ოთხი წლის, 2012 წელს ჩატარებული არჩევნების დადებითი შედეგები


საქართველო, შეიძლება ითქვას, თითქმის უნიკალურია იმ ახალ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდნენ. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავარმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას და განაცხადეს, რომ ისინი აქტიურად უჭერენ მხარს ევროპასა და ნატოსთან ინტეგრაციას, აგრეთვე ურთიერთობის გაღრმავება-განმტკიცებას სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ ჩემთან საუბრისას, შემდეგ კი საჯაროდაც განაცხადა, რომ ეს პროცესი „შეუქცევადია" - ეს არის ის განწყობა, რომლითაც გამსჭვალულია მთელი ქართული საზოგადოება და მას დიდი რეზონანსი აქვს.


რის გაკეთება შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის, ასეთი მტკიცე მხარდაჭერისა და და სწრაფვის საპასუხოდ? მომავალმა ადმინისტრაციამ ყურადღება რამდენიმე ვარიანტს უნდა დაუთმოს, რომლებიც არ ითხოვენ მნიშვნელოვან ხარჯებს, მაგრამ იმავდროულად სავსებით შეესაბამებიან და ავითარებენ აშშ-ის ინტერესებს.


პირველ რიგში უნდა მოიხსნას ის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას: საქართველომ MAP ყოველგვარი დამატებითი დაყოვნების გარეშე უნდა მიიღოს. ქართველებს თავიანთი საწევრო შესატანი NATO-ში უკვე გადახდილი აქვს: თბილისმა ნებაყოფლობით გაგზავნა თავისი მეომრები ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში, რომლებიც ამჟამად ამერიკელებისა და NATO-ს სხვა ქვეყნების ჯარისკაცებთან მხარდამხარ იბრძვიან. თუ გადაითვლით და ერთმანეთს შეადარებთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას და ავღანეთში გაგზავნილ ქართველ ჯარისკაცთა რიცხვს, დაინახავთ, რომ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი უფრო მეტია, ვიდრე NATO-ს სხვა სახელმწიფოებისა (აშშ-ის გარდა). ამ „სხვა სახელმწიფოებში" იგულისხმებიან ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც გულგრილად არიან განწყობილნი საქართველოს NATO-ში მიღების მიმართ. გერმანიამ, რომლის მოსახლეობა 81 მილიონს აღწევს, ავღანეთში მიმდინარე NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში 55 ჯარისკაცი დაკარგა, 4,9 მილიონიანმა საქართველომ კი - 32 მამაცი მეომარი. განსხვავება აშკარაა.


ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამასწინათ მნიშვნელოვნად განამტკიცა თავისი ყოფნა საქართველოში - გაიხსნა სწავლება-შეფასების ერთობლივი ცენტრი, თუმცა NATO-მ უფრო უკეთ უნდა ისარგებლოს საქართველოს უნიკალური პერსპექტივებით ამ რთულ რეგიონში. საქართველოს რუსეთის აგრესიული მოქმედების მწარე გამოცდილება აქვს. საქართველო ესაზღვრება მშფოთვარე თურქეთს, თბილისი ავითარებს კავშირებს ირანთანაც. ამ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს - სადაზვერვო მონაცემების პერსპექტიული გაზიარებისა და კონტრდაზვერვითი ოპერაციების ჩათვლით.


რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს სწრაფვა NATO-ში გაწევრიანებისათვის მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს. რუსეთის უარყოფითმა რეაქციამ NATO-ს ზოგიერთი წევრი დაარწმუნა იმაში, რომ საქართველოს NATO-ში მიღების საკითხი უნდა გადადებულიყო. ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტებზე არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და მას NATO-ში სრულფასოვანი გაწევრიანების იმედი უნდა ჰქონდეს. ახლა მოქმედების დრო დადგა. დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესები უკმაყოფილო რუსეთის მძევალი არ უნდა გახდეს.


რუსეთი არმია კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას, რომელიც მოსკოვმა ხელში 2008 წელს განხორციელებული სამხედრო თავდასხმის შედეგად ჩაიგდო. რუსეთის განვითარების იმპერიული კონცეფცია, რომელიც უკრაინის კუთვნილ ყირიმსაც მოიცავს, დასავლური ფასეულობებისა და უსაფრთხოებისადმი შეუთავსებებლია.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] დაბრუნებისაკენ მიმართული დისკუსიები მაინცდამაინც შედეგიანი არაა, მხოლოდ მცირე პროგრესი შეიმჩნევა. ამასობაში კი რუსეთის ჯარები ნელ-ნელა, ჩუმ-ჩუმად სწევენ ე.წ. საზღვარს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებებზე თავისი ავტორიტეტი უნდა გამოიყენოს, რათა ზემოთ აღნიშნული საკითხები გადაიჭრას და მზად უნდა იყოს ისეთი ზომების მისაღებად, რომლებიც რუსეთისათვის ზარალის მომტანი იქნება, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო.


დროა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მნიშვნელობა აღიაროს და თბილისი რეგიონის სტრატეგიის დაგეგმვის აქტიურ მონაწილედ აქციოს. საქართველოზე ხომ ენერგორესურსების ტრანსპორტირების ძირითადი მარშრუტი გადის, რომლის მეშვეობით კასპიის ნავთობი და გაზი აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს მიეწოდება. საქართველო ბარიერის როლს ასრულებს ახლოაღმოსავლელი ჯიჰადისტების ნაკადის წინააღმდეგაც. გარდა ამისა, საქართველო, უეჭველია, მნიშვნელოვანი ფიგურაა NATO-ს სტრატეგიაში, რომელიც შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკიცებას და რუსული ავანტიურიზმისადმი „ახალი ევროპის" წინააღმდეგობას გულისხმობს.


იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატებმა აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი „აღმოსავლეთ-დასავლეთის" ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, რომლებშიც საქართველო და საერთოდ, კავკასია ცენტრალურ როლს ასრულებს. შავიზღვისპირა ქართული ნავსადგურები მიიღებენ და გაგზავნიან ტვირთებს (ნედლელულს) აზიიდან ევროპისაკენ და ევრაზიის კონტინენტის ყველა ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებენ. ამჯამად ამერიკული კომპანია ანაკლიაში ისეთ ღრმა ნავსადგურს აშენებს, რომელიც ყველაზე დიდი ტონაჟის მქონე სატვირთო გემების მიღების შესაძლებლობას იძლევა, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მისი მნიშვნელობა განსაკუთრებულია - ის იმ საყრდენისა [და ხიდის] როლს ასრულებს, რომელიც ევროპისა და აზიის ეკონომიკურ სისტემებს ერთმანეთთან აკავშირებთ.


ყველა ამ მიზეზის გამო შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედოს და საქართველოსთან თავისი ვალდებულება გააღმავოს არა როგორ ფილანტროპული [საქველმოქმედო] აქტის სახით, არამედ აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესების საფრთხისაგან დაცვის მიზნით. ქართველებმა აჩვენეს, რომ მათ სახელმწიფოს ნორმალური მართვა, დემოკრატიის განვითარება და დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულება შეუძლიათ, ურთულესი პრობლემების არსებობისა და [ერთმანეთთან] უთანხმოების პირობებშიც კი. საქართველო ჩვენი მოკავშირეა, რომელიც გვჭირდება და მას უნდა მივესალმოთ.


-----------

დონალდ რამსფელდი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 1975-77 წლებში (ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის დროს) და 2001-2006 წლებში (ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციაში). იგი ავტორია წიგნებისა „მემუარები: ცნობილი და უცნობი" და „რამსფელდის წესები". ამჟამად ექს-მინისტრი მისივე სახელობის ორგანიზაციას - „რამსფელდის ფონდს" ხელმძღვანელობს.




http://www.newspress.ge/uckhouri-presa/

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner