logo_geo
eng_logo
ბიოცისტერნას გასდის!
- +

8 მაისი. 2017. 17:54



ღია წერილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს


სოსო ბატონო, ერთი აქეთ მოიხედეთ, გეთაყვა!


კახელი კი ხართ, მაგრამ ასეთი სიჯიუტე მაინც მეტისმეტია, პატივცემულო!


დიახ, ამხელა „ფილარმონია" ხალხი, სულ ნარჩევ-ნარჩევი ნაცები, მათ პროპაგანდისტები და თუქსუსები, ბიოცისტერნები და „ძღვენის ბოჩკები" თქვენს გადადგომას რომ მოითხოვენ, რატომ არ იხურავთ ქუდს და სახლში რატომ არ მიდიხართ?!


ვინ მოგცათ უფლება, ქვეყნის აღმშენებელი და ამყვავებელი ნაცების მოთხოვნას რომ უგულებეყოფთ?!


ნუთუ ნაცებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიას აშენებდნენ და ადამიანის უფლებების დაცვაში ოფლი წურწურით გასდიოდათ, იმდენის უფლება არა აქვთ, რომ თქვენ თანამდებობიდან გაგიშვან?!


ვინ ხართ თქვენ, რომ საქართველოზე ზრუნვასა და ფიქრში დამაშვრალ ნაცებს ასე ანერვიულებთ და ხმის ჩახლეჩამდე აყვირებთ?!


თქვენ, პატივცემულო ბატონო სოსო, ნაკლად და დანაშაულად ისიც გეყოფათ, „ნაციონალურ მოძრაობაში" რომ არასოდეს ყოფილხართ და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში სააკაშვილის გვერდით არასოდეს მდგარხართ!


რა, ვითომ არ გეკადრებოდათ, „ნაცმოძრაობის" მანდატი რომ ჩაგედოთ ჯიბეში, პირჯვარი გადაგეწერათ, სააკაშვილი სამჯერ გეხსენებინათ და საქართველოს აყვავებაში თქვენი წვლილი შეგეტანათ?!


რაო? მაგ არამზადებთან და სისხლისმსმელებთან რა გინდოდათ?!


ჰოდა, თუ არ გინდოდათ, მაგიტომაც გიტევენ ახლა და მიზანში ჰყავხართ ამოღებული!


საერთოდ, სად იყავით თქვენ, ბატონო სოსო, სააკაშვილის კუდ-ი (ახლანდელი სუს-ი) საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე რომ ზრუნავდა?


24 საათის განმავლობაში გვისმენდნენ და გვითვალთვალებდნენ, რომ, ემანდ, ვინმეს რამე არ გაებედა და ეკადრებინა სააკაშვილის მიერ გაბედნიერებული ქვეყნის ბედნიერი მოქალაქეებისათვის. ჩვენი თითოეული ნაბიჯი იცოდნენ და ჩვენი სუნთქვაც ესმოდათ. გზას რომ ავცდებოდით, მაშინვე ხელს გვტაცებდნენ და ისევ ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენებდნენ. ზოგჯერ, ვითარცა მზრუნველი მამას უძღები შვილი, ურჩობას რომ დავუწყებდით, რეზინის ხელკეტსაც დაგვიბრახუნებდნენ და ცრემლსადენ გაზსაც მოგვასხურებდნენ, კრემლის აგენტებით სავსე ოპოზიციისაგან თავბრუდახვეულნი აზრზე რომ მოვეყვანეთ. დიახ, ჩვენთვის - გაბრწყინებული საქართველოს შვილებისთვის აკეთებდნენ ამას და თქვენ სად იყავით მაგ დროს, ბატონო სოსო?! რატომ არ იყავით ჩვენზე მზრუნველთა რიგებში? „დუბინკას" რატომ არ გვიქნევდით? ორ გვამს რატომ არ ითხოვდით?


ჰოდა, სწორედ ამას არ გპატიობთ ის ქვეყნის აღმშენებელთა დასი!


ყოფილიყავით, ბატონო, მათთან, მერე გადაპორტირებულიყავით დღევანდელ ხელისუფლებაში და რომელი ოხერი ნაცი ამოიღებდა ხმას თქვენს წინააღმდეგ?!


თქვენ ბატონო სოსო, ქვეყნის აღმშენებლობის პერიოდში ნაცებთან ყოფნა არ გინდოდათ და ახლა ისიც არ გინდათ, ნაცების მოთხოვნით თანამდებობა რომ დატოვოთ?!


ღმერთმანი, ძალიან უჯიათი ვინმე ბრძანდებით, პატივცემულო სოსო!


ანდა, რას გვიკეთებთ, მაგ თანამდებობაზე რომ მოკალათებულხართ?!


მიტინგი თქვენ ვერ დაგირბევიათ, ციხეები პოლიტპატიმრებით ვერ გაგივსიათ, პატიმრებისთვის უკანალში ცოცხი ვერ „გაგიკეთებიათ", ერთ ოპოზიციურ ტელევიზიაში სპეცრაზმი ვერ შეგიშვიათ და იქაურობა ვერ მიგილეწ-მოგილეწავთ, ბოლოს და ბოლოს, ბიზნესიც ვერ დაგიტერორებიათ და აბა, რის მაქნისები ხართ თქვენ და ბატონი გომელაური, მაგ თქვენი სუს-ით?!


არადა, რა დრო იყო, ბატონო სოსო - თუ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ბევრი ფიქრი და ტვინის ჭყლეტა ვინმეს ძალიან გადაღლიდა და თავს აატკივებდა, დასახმარებლად მაშინვე მზად იყვნენ სააკაშვილის ბიჭები - მივიდოდნენ და იმ კაცს ბიზნესს წაართმევდნენ, მის განვითარებაზე ტვინი რომ აღარ ეჭყლიტა!


როცა რომელიმე ბიზნესმენს საკუთარი ნაშრომ-ნაჯაფრის სახელმწიფოსთვის ჩუქება მოუნდებოდა, ქვეყნის აღმშენებლები სურვილს ისე ოპერატიულად უსრულებდნენ, დილამდეც კი არ ალოდინებდნენ - პირდაპირ შუაღამისას მიჰყავდათ ნოტარიუსთან, კეთილი საქმე რომ არ დახანებულიყო.


და თქვენ, ბატონო სოსო, ასეთ ღვთისნიერ კაცებთან, უფრო სწორად, ასეთ ღვთისნიერ ნაცებთან ყოფნა არ გინდოდათ?! ვერ იტანდით და ებრძოდით მათ?!


იქნებ, დღეს მაინც შეგაწუხოთ სინდისმა ამის გამო, იქნებ, დღეს მაინც გაუწიოთ ანგარიში სამშობლოს მეციხოვნე ნაცებს და მათი მოთხოვნის შესაბამისად, გადადგეთ!


რა ბრძანეთ? მეტი საქმე არა გაქვთ?!


რა ხართ ასეთი გულქვა, ბატონო სოსო?!


ჰო, გულქვაობაზე გამახსენდა: თქვენ ის კაცი არა ხართ, სოსო ბატონო, საკუთარი შვილი სამსახურიდან რომ დაითხოვეთ?


დიახ, დიახ, თქვენი ქალიშვილი სპეციალისტად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და როცა მაგ სამსახურის უფროსად დაგნიშნეს, პირველი ის გააკეთეთ, რომ შვილი სამსახურიდან გაუშვით - უხერხულიაო, პოლიტიკურად კორექტული არ იქნებაო, ნეპოტიზმში ჩამეთვლებაო და გაუშვით.


სწორედაც მოიქეცით, მაგრამ ღირდა კი ამის გამო ნაცების განაწყენება?


ხომ იცით, ეგენი წესიერებას და კეთილსინდისიერებას ვერ იტანენ და მოგდგნენ კიდევაც!


მაგ ნაბიჯით - საკუთარი შვილის სამსახურიდან გაშვებით - თქვენვე მიეცით ნაცებს სალაპარაკო და, ხომ ხედავთ, ახლა გაჰყვირიან - გოგაშვილს თავზე ჭერი რატომ აქვსო, გოგაშვილის ოჯახის წევრები უქონელ-უპოვარნი რატომ არ არიან და შიმშილით სული რატომ არ სძვრებათო?!


თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, პატივცემულო სოსო, გამოგენახათ საერთო ენა ნაცებთან და არ აგიშარდებოდნენ!


არ იცით, ეგენი რა ბიოცისტერნებიც არიან?! თანაც, მაგათი ყველაზე მსხვილი ბიოცისტერნა აპარებს, ყველა მხრიდან გასდის და ააყროლა ქვეყანა!


ბატონო სოსო, შეიგნეთ და შეისმინეთ, ბოლოს და ბოლოს - სანამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური და თქვენ ხელმძღვანელობთ, ნაცებს სახელმწიფო გადატრიალებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზა მოჭრილი აქვთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სააკაშვილისეული აღმშენებლობისა და აყვავების ეპოქა ვერ დაბრუნდება!


სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც სამშობლოს ბედით გულდათუთქული ნაცები გებრძვიან, სხვა ყველაფერი კი უბრალოდ საბაბია, შავი პიარის მასალა!


ასე რომ, დანარჩენი თქვენს სინდისზეა, ბატონო სოსო!


დიახ, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი - ან ნაცების დაბრუნება და პუტინის აგენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ დანგრეული საქართველოს ხელახლა აშენება, ანდა ამ ქვეყნის ბოლომდე დასამარება იმავე რუსი ოლიგარქისა და ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გამთხრელი ივანიშვილის მიერ.


მე ჩემი გითხარით და რას იზამთ, ეგ უკვე თქვენი საქმეა, ბატონო სოსო!



ჯაბა ხუბუა



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×