logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: „სუკის” და ,,ცეერუს” აგენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში უნდა მომიხადოს!
- +

21 აგვისტო. 2018. 20:28

 

 

„სუკის” და ,,ცეერუს” აგენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში უნდა მომიხადოს!

 

“ნაციონალების მასკარად-ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტმა და პარტიის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, შემაძრწუნებელი და ტუტუცური განცხადება გააჟღერა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვიცნობდი ამ ყმაწვილს, მაინც გამაკვირვა მისმა ასეთმა უტიფარმა განცხადებამ” – აცხადებს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პროფესორი გურამ შარაძე.

 

გურამ შარაძე: 1995 წლის პარლამენტი. არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირველ სხდომაზე მოვიდა ჩემთან და მითხრა: ვამაყობ, იმ პარლამენტში რომ მიწევს მოღვაწეობა, რომლის დეპუტატიც გურამ შარაძე ბრძანდებითო… მაშინ გამხდარი და კაფანდარა ბიჭი იყო… მას დაახლოებით ათი წელიწადია ვიცნობ და ასეთი გაცოფებული და ჭკუიდან გადასული არასდროს მინახავს, როგორც თავის ყრილობაზე იყო. პირდაპირი ტრანსლაციისათვის არ მიყურებია და ამის შესახებ მაშინ გავიგე, როცა საღამოს დამირეკეს და მკითხეს, რა პასუხს გასცემთ სააკაშვილს იმაზე, რომ მან ილია ჭავჭავაძეს და თქვენ ერთად გადაგიარათო… ასეთ გამოთქმებს ძალიან ვერიდები, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ასე იქნა აღქმული.

 

- მართლა საინტერესოა, რა პასუხს გასცემთ ამაზე პრეზიდენტს?

 

- როცა პრეზიდენტი გამოდის და ილია ჭავჭავაძესაც კი აღარ ინდობს, მაქვს კი უფლება გავჩუმდე?! საღამოს, ტელევიზიით, მხოლოდ ასეთი რამ მოვისმინე: ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, შარაძეს დაგლეჯდაო… მერე ვიღაცამ ამიხსნა, რომ ასე კი არ უთქვამს, არამედ პირიქით, ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, შარაძე მასაც დაგლეჯდაო… მაგრამ ორივე შეურაცხმყოფელია და დამანგრეველი ქართული ცნობიერების. გარდა იმისა, რომ ჭავჭავაძე ერის მამაა, იგი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდანზე ასეთი ტუტუცური და უზრდელური ლაპარაკი, სხვა თუ არაფერი, დიდი ცოდვაა!

 

გარდა ამისა, “რუსთავი 2”-ზე ვნახე სიუჟეტი, სადაც იყო მონტაჟი, რომელიც პრეზიდენტის ასეთი ფრაზით გრძელდებოდა: რეფორმების გატარებაში ხელს ყოველთვის სუკის აგენტები მიშლიდნენო, მაგრამ ვერ გეტყვით, სააკაშვილის ეს სიტყვები ჩემზე ითქვა, თუ ამ შემთხვევაში მან სხვაზე გააკეთა მინიშნება…

 

ახლა იძულებული ვარ, პასუხი გავცე მას, რადგან ამას ამბობს საქართველოს ფარისეველი პრეზიდენტი, რომელსაც ზურგს უკან ჭავჭავაძის სურათი უკიდია; კაცი, რომელიც “თავისუფლების ინსტიტუტის” გამოზრდილია და, რომელიც ხელისუფლებაში “კმარას” მხარდაჭერით მოვიდა; რომელიც იმ ბერძენიშვილის მეგობარი ბრძანდება, რომელმაც თავის დროზე ჭავჭავაძის სურათი ჩამოაგდო და წმინდანის ხსოვნა შეურაცხყო, – ასეთ პოეტს მე არ ვიცნობო! ამ გუნდის სული და გული – სააკაშვილი, ჭავჭავაძის სახელით ატყუებს საზოგადოებას. საბედნიეროდ, ჭირმა თავი ვერ დამალა და მან თავისი ტუტუცური საუბრით ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა! ის და მისი მეგობრები გულწრფელები იყვნენ მაშინ, როცა ილიას სურათს ხევდნენ, კედლებიდან გლეჯდნენ და აფურთხებდნენ მის ხსოვნას, ახლა კი ფარისევლურად უკიდია მისი სურათი ზურგს უკან და ასე უტიფრად და უხამსად საუბრობს მასზე.

 

- ბატონო გურამ, თქვენი აზრით, რატომ დაგგლეჯდათ ილია ჭავჭავაძე?

 

- რატომ დამგლეჯდა ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს: იმისთვის, რომ მისი უკვდავი ტრიადა: “ენა, მამული, სარწმუნოება” – ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის დევიზად გავიხადე და ამ მოძრაობაში ათასობით ადამიანი გავაერთიანე? ან იქნებ იმისთვის, რომ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ორტომეული დავწერე, რომელიც ყველა ჭეშმარიტი ქართველის სამაგიდო წიგნი გახლავთ და, რომლისთვისაც მე პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველი ეროვნული პრემია მომანიჭეს. რომ იცოდეთ, ეს ორტომეული ზვიად გამსახურდიას სამაგიდო წიგნი იყო (ასე დამხვდა იგი კოლხურ კოშკში მის საწერ მაგიდაზე!). ამისთვის დამგლეჯდა ილია ჭავჭავაძე?

 

- როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძეს ედრება და რაკი თქვენ პრეზიდენტის პოლიტიკას აკრიტიკებთ, თვლის, რომ თქვენ მის დაგლეჯას ცდილობთ…

 

- გარდა ჭავჭავაძისა, ის თავს ადარებს დავით აღმაშენებელსაც და შესაძლოა ისიც თქვას, აღმაშენებელი ცოცხალი რომ იყოს, ახალ რუის-ურბნისის კრებას მოიწვევდა და შარაძეს გაგლეჯდაო…

 

ახლა სააკაშვილის “საქმენი საგმირონი” ჩამოვთვალოთ, რისთვისაც ის მართლა გასაგლეჯია, მაგრამ არა წმინდანის ხელით. 22-23 ნოემბერს მოაწყო “ვარდების რევოლუცია”, რომელიც სატანისტმა სოროსმა დააფინანსა და გიორგობიდან ხუთი დღის შემდეგ, კოლინ პაუელის დაკვეთით, ვერაგულად რეგისტრაციაში გაატარა იეღოველთა სექტა, რომელიც თავის დროზე გავაუქმებინე უზენაეს სასამართლოს! ამისთვის არ არის სააკაშვილი გასაგლეჯი?! მოგეხსენებათ, თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და გააუქმა იეღოველთა სექტის რეგისტრაცია საქართველოში და რაკი მიხეილმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეცვალა, ვერაგულად შემოგვაპარეს ამ სექტის რეგისტრაცია და ამერიკული ორგანიზაციის საქართველოს ფილიალის სტატუსით დაარეგისტრირეს და ამ ცბიერი, შემოვლითი გზით, იეღოველებისა და კოლინ პაუელის დავალება შეასრულა. ილია ჭავჭავაძე რომ გაცოცხლდეს, შარაძეს დაგლეჯდა თუ საქართველოს იმ პრეზიდენტს, რომელმაც იეღოველები დაგვასვა თავზე? და რომელიც ცეცხლითა და მახვილით ებრძვის მართლმადიდებლობას?!

 

აქვე მინდა აღვნიშნო, დავითაშვილი სააკაშვილის ოპოზიციად და ეროვნულ გმირად რომ აქცია მედიამ, განა მან, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა არ წაგვართვეს ეროვნება?

 

კობა დავითაშვილმა არ გაარტყა რეზო მიშველაძეს იმისთვის, რატომ ილაშქრებთ ეროვნების რეკვიზიტის გაუქმების წინააღმდეგო? ჩემთვის მოქნეული ხელი კი ელდარ ნადირაძეს მოხვდა. ამ ფაქტებს იმიტომ ვიგონებ, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რა თავგამოდებით და მუშტიკრივით იბრძოდნენ სააკაშვილი და მისი მეგობრები ეროვნების რეკვიზიტის გაუქმებისთვის და ახლა ილია ჭავჭავაძე რომ გაცოცხლდეს, ვის დაგლეჯდა – მე თუ მიხეილ სააკაშვილს და კობა დავითაშვილს, რომლებმაც ეროვნება წავგართვეს?

 

ახლა ჭავჭავაძე რომ გააცოცხლოთ და უთხრათ, ქართველი აღარ ხარო (თუმცა ბერძენიშვილი სომეხს ეძახის), მე დამგლეჯს და ამათ მოეფერება? რომ უთხრათ, მამის სახელი ილია გრიგოლის ძე აღარ ხართ და არ ვიცით, ვინაა მამაშენიო, მოეწონებოდა ეს?! ჩვენს ეგრეთ წოდებულ “ნაციონალებს” გულში ჩაიკრავდა და მე დამგლეჯდა?

 

ჟვანიამ, ბურჯანაძემ, სააკაშვილმა დღემდე ყველაფერი გააკეთეს იმისთვისაც, რომ სახელმწიფო ენად ქართული არ გამოცხადებულიყო, რაც თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არაა სავალდებულო ქართული ენის ცოდნა. ახლა რომ უთხრათ ილია ჭავჭავაძეს, “ოთარაანთ ქვრივი” ან “განდეგილი” აღარ გვჭირდება, რადგან მათი წამკითხავი საქართველოში აღარავინ არისო, მე დამგლეჯს თუ ამ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოში ქართული ენის მნიშვნელობის დაკნინება სცადეს?

 

რელიგიის შესახებ კანონის მიღებაც ვერა და ვერ შევძელით, რას აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი, დიდი ეროვნული გმირი და ილიას მიმდევარი, რატომ არ ღებულობს კანონს რელიგიის შესახებ და არ აცხადებს მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად?

 

იეღოველები რომ თავზე დაგვასვა, ეს კიდევ არაფერი, ახლა ბაპტისტების მომრავლებაზეც მოგახსენებთ. სააკაშვილს დავალებული აქვს, რომ ააღორძინოს საქართველოში ბაპტისტები, რადგან მისი მფარველი, ჯორჯ ბუში ითხოვს ამას. რადგან მისი ოჯახის მოძღვარი, მსოფლიოში ცნობილი ბაპტისტი ბილ გერმია. იცით, ბასილ მკალავიშვილის პროცესზე მოვიდა მალხაზ სონღულაშვილი და განაცხადა, როგორ აბრალებთ ასეთ ღვთისნიერ და ჩემს ქრისტესმიერ ძმას ბაპტისტების და იეღოველების წინააღმდეგ ბრძოლას და რატომ არ ათავისუფლებთ მას სასწრაფოდო, შემდეგ ასეთივე მასკარადი მოაწყობინეს იეღოველებს და მათაც იგივე ათქმევინეს. მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, მეორე დღეს სონღულაშვილის საიუბილეო საღამოზე მკალავიშვილის მრევლის ორი კინკილა წევრი მივიდა და მას ბასილ მკალავიშვილის ნაქონი ხატები გადასცეს. ეს ხელისუფლების შორს მიმავალი გეგმებია და ხელისუფლების მიზანია, ჯორჯ ბუშს მოახსენონ, რომ ბაპტისტები სჯობნიან მართლმადიდებლებს კაცთმოყვარეობასა და მიმტევებლობაშიო!

 

მკალავიშვილის გათავისუფლებას ისე ითხოვენ ბაპტისტები და იეღოველები, თითქოს, ამ ხელისუფლებას არ დაეჭირა მკალავიშვილი მათ წინააღმდეგ ბრძოლისათვის და ხელისუფლებას არ მოეწყო მისი მრევლისთვის ის სისხლიანი თავდასხმა. ამ სპექტაკლების მომწყობი პრეზიდენტი აცხადებს ილია ჭავჭავაძეზე, რომ გაცოცხლდეს მე დამლოცავს და გურამ შარაძეს გაგლიჯავსო!

 

1998 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების სანაცვლოდ განა სააკაშვილმა და ლანა ღოღობერიძემ არ აგვკიდეს 400 ათასი თურქი-მესხის საქართველოში ჩამოსახლების ვალდებულება?!

 

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რა დღეში ჩააგდეს მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამბობენ, რომ აჭარა გაათავისუფლეს, სინამდვილეში კი გაძარცვეს იქაურობა. გადასცა ვარშალომიძეს და ხაბაზს ეს რეგიონი და მიწასთან გაასწორეს ეს ილიას და აკაკის ნაფერებ-ნალოლიავები მხარე. აჭარა კიტოვან-იოსელიანის ბანდებს გადაურჩა, მაგრამ ახლა ახალმა ბანდებმა გაასწორეს მიწასთან. ასლან აბაშიძის მიერ ნაშენები ბათუმ-ქობულეთის გვირაბის საუკუნის მშენებლობა მიიწერეს, ისევე როგორც სამების ეკლესიის. ურცხვად მიბრძანდა იქ პრეზიდენტი და არავის უხსენებია, რომ ამ ტაძრის აშენება პატრიარქის, ედუარდ შევარდნაძისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

 

ხალხი გაოცებული იყო, როგორ გაჭრა ამ ხელისუფლებამ ერთ დღეში ერედვსა და თამარაშენს შორის სასიცოცხლო გზაო, მაგრამ ეს მე 1990-1991 წლებში, ივანე მაჩაბლის საზოგადოების თავმჯდომარეობის დროს გავაკეთე, მაშინ, როდესაც როკის გვირაბსა და ცხინვალს შორის, დიდი ლიახვის ხეობაში 10 ქართული სოფელი მოამწყვდიეს ოსებმა, მაშინ გავჭერით ეს გზა, იქ ყოველდღე მივდიოდი და შემქონდა ყველაფერი, რაც ომისთვის საჭიროა… გარდა ამისა, მორალურად ვიდექი ამ ხალხის გვერდით და ვუნერგავდი იმედს, რომ ისინი არ იყვნენ მიტოვებული საქართველოს ხელისუფლების მიერ. ახლა გამოდიან ესენი და უტიფრად აცხადებენ – ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთო. ახლა ილია ჭავჭავაძე რომ გაცოცხლდეს გურამ შარაძეს დაგლეჯს ერედვი-თამარაშენის გზის გაჭრისთვის, თუ ამათ საქართველოს დაჩოქებისთვის?

 

ერთადერთი ხელმოსაჭიდი იურიდიული არგუმენტი, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, გახლდათ ის, რომ პარლამენტში იყვნენ აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენლები, ადგნენ და გაყარეს ეს ადამიანები პანღურის კვრით.

 

არძინბა ეუბნებოდა შევარდანძეს, მოლაპარაკებაზე წამოვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებ ჩემს ლეგიტიმურობას და დაითხოვ პარლამენტიდან აფხაზეთის დეპუტაციასო, შევარდნაძე ამაზე არ წავიდა, მაგრამ სააკაშვილმა ეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განახორციელა. მივიღეთ გაბითურებული, დაჩოქებული და დამცირებული საქართველო.

 

“ჯორჯიან თაიმსის” ფურცლებიდან ვუყენებ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილს: თუ მე მგულისხმობდა, როცა “სუკის” აგენტებზე საუბრობდა, გამოვიდეს და დაამტკიცოს ჩემი აგენტობა, თუ არ მგულისხმობდა, მაშინ ბოდიში მომიხადოს! თუ სააკაშვილი ამას არ გააკეთებს, მთელ საქართველოს დავაყენებ ფეხზე და სასამართლოშიც ვუჩივლებ ილია ჭავჭავაძის თუ ჩემი შეურაცხყოფისათვის.

 

ჩემი შვილი იმიტომ წევს საფლავში, რომ ეს ვერ გამაკეთებინეს ვერასდროს და ახლა, როცა ასეთი ბრალდება ისმის ჩემი მისამართით, როგორ მივიდე ჩემი შვილის საფლავზე? იციან, ჩემი აგენტობის შესახებ მასალას ვერ მოიპოვებენ ვერც საქართველოში, ვერც რუსეთში, ვერც ამერიკაში და ვერც მთვარეზე.

 

ამიტომ სკდებიან გულზე და ასეთი წამოსროლილი ფრაზებით ცდილობენ ჩემი სახელის გატეხას.

 

სააკაშვილი გახლავთ “სუკისა” და “ცეერუს” აგენტი და რაკი ამას ვამბობ, მეც მომიწევს ამის დადასტურება. ახლა პოლიტიკურ შეფასებებს გავაკეთებ. რატომ შეიწუხა თავი რუსეთის ამხელა უწყების ხელმძღვანელმა იგორ ივანოვმა სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთვის და რატომ დარბოდა იგი შუამავლად კრწანისის რეზიდენციასა და პარლამენტს შორის? იმიტომ, რომ როგორმე ხონჩით მიერთმიათ პრეზიდენტობა სააკაშვილისთვის. თუ ის ამერიკის კაცი იყო, რატომ იკლავდა მისთვის რუსეთი თავს? ჩამოვიდა ვინმე ამერიკიდან ან დასავლეთ ევროპიდან? მაშინ იქნებ, ივანოვმა ახსნას, რატომ დარბოდა ის შევარდნაძესა და რევოლუციონერებს შორის? ისიც უნდა ითქვას, ვინ არის სააკაშვილის გამზრდელი ბიძა ალასანია? ეს კაცი არის კაგებეს ოფიციალური აგენტი, საბჭოთა კავშირისდროინდელი დიპლომატი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის რომ კაგებეს აგენტი არ ყოფილიყო, ვინ გაუშვებდა მას დიპლომატად ამერიკაში? საინტერესოა, რატომ შეინარჩუნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან ეს მდგომარეობა? რატომ იცავს კვლავ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ამერიკაში? რა ისეთი დიპლომატია ალასანია, რომ ვერც რუსეთიდან გამოაგდეს და ვერც ამერიკიდან. ხომ იცით, მიშას ბიძამისმა ჩააბარებინა კიევში საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში.

 

გენერალი ვალერი ჩხეიძე რატომ მოხსნეს თანამდებობიდან იცით? იმიტომ, რომ მან სააკაშვილს სასაზღვრო ჯარში ოფიცრობის დამადასტურებელი სურათი ცხვირწინ აუფრიალა. მაშინ კი გაიღიმა მიშამ, მაგრამ მას ეს ღიმილი ჩხეიძეს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა. “კაგებეს” ოფიციალურმა აგენტმა თემურ ალასანიამ მიშას კიევის “კაგებეს” სკოლაში მიაღებინა განათლება, “კაგებეს” სასაზღვრო ჯარში ამსახურა და მერე გადააფრინა ამერიკაში და იქ მიაღებინა განათლება. სააკაშვილის “ცეერუს” აგენტობას ადასტურებს ისიც, რომ რევოლუციონერ მიშას კოლინ პაუელმა უბრძანა და სასწრაფოდ დააკანონებინა იეღოველთა სექტა საქართველოში. მე პაუელი და ბუში კი არა, ათასი ნაბუშარი რომ ამდგარიყო ამერიკაში, მაინც ვერ მაიძულებდნენ იეღოველთა სექტის დაკანონებას. კი მაგრამ, სოროსი რატომ მე არ მაძლევს მილიონებს, სააკაშვილზე მდიდარი ვარ? მაგრამ ამ პირწავარდნილმა სატანისტმა გამოზარდა სააკაშვილი, ჟვანია, ლომაიები და მისთანები და დაგვასვა თავზე, ხმამაღლა განაცხადა, რომ მან დააფინანსა “ვარდების რევოლუცია”. ილია ჭავჭავაძეს “აბურთავებს” და სოროსს უძვრება? (ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის): ამერიკაში რომ ჩადის, ჯერ სოროსს სტუმრობს და მერე მიდის თეთრ სახლში და ამით ყველა ქართველი შეურაცხყოფილი უნდა იყოს. ის საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის “სუკის” აგენტიცაა და – “ცეერუსიც”.

 

- მაინც რატომ გააჟღერა მან თქვენზე ასეთი განცხადებები?

 

- იმიტომ, რომ მათ საეკლესიო გადატრიალების გეგმა ჩავუშალე. მას შემდეგ, რაც პატრიარქი წირვას ჩაატარებდა და მიხეილის “აღმაშენებლობის” ამბიცია დაკმაყოფილდებოდა, მოხდებოდა მათი პირადი მოძღვრის, დანიელ დათუაშვილის კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება. მე ეს შეთქმულება გავშიფრე, მათ მიერ დაგებულ მახეში გავაბი და სააკაშვილმა ეს ბოღმა გადმოანთხია.

 

მაია მარგველანი

 

“ჯორჯიან თაიმსი”, 25 ნოემბერი – 2 დეკემბერი, 2004

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×