logo_geo
eng_logo
„მეფევ! ვაი ჩემს თავს, მეფევ!“ - ამბავი ერეკლე მეორის „არადღესასწაულებით“ აკრძალვისა
- +

14 ნოემბერი. 2018. 12:36

 

 

1813 წელს პეტერბურგში რუსულად გამოიცა ვინმე არტემ არარატსკის წიგნი, სადაც ეს ბატონი საქართველოდან აღა-მაჰმად-ხანის გასვლის შემდგომ პერიოდს ეხება და ასეთ რამეს წერს:

 

 

„კრწანისის ომის შემდეგ ერეკლე ანანურის ეკლესიაში ვნახე დამწუხრებული, ცხვრის ტყაპუჭში გახვეული. იგი კედლისკენ პირმიქცეული იჯდა. ერთ დროს ძლევამოსილი და სახელგანთქმული მეფე ყველას მიეტოვებინა, მისთვის ყველას ეღალატა — ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, რომელნიც ადრე მის მზეს ფიცულობდნენ. ასაკოვან მეფეს საქართველოში მხოლოდ ერთადერთი ერთგული კაცი შემორჩენოდა. ეს იყო სომეხი მსახური, რომელიც სომხურად დამელაპარაკა, მითხრა, რომ ნამათხოვრებით ირჩენდა თავს და ნაწყალობევ პურის ნატეხებს ერეკლესაც უნაწილებდა სამადლოდ“.

 

მსგავსი სისულელის დამწერი ან აშკარად გონებასუსტია, ანაც შეგნებული მატყუარა (ამაზე რბილი სიტყვები ვერ მოვიძიე). სინამდვილეში, კრწანისის სისხლისღვრის შემდეგ ანანურს გარიდებული და ერთგულებით გარშემორტყმული ერეკლე წამითაც არ მოდუნებულა. სასწრაფოდ მთელ საქართველოში დაგზავნა ბატონიშვილები ახალი ჯარის შესაკრებად, ხოლო თბილისში მჯდომ საჭურის ხანს ერეკლეს მარბიელი რაზმები მოსვენებას არ აძლევდნენ. უფრო მეტიც, შეუთვალა კიდეც ირანის შაჰს, ტყვეებს ხელი არ ახლო და საქართველოდან გამეცალეო.

 

როცა აღა-მაჰმად-ხანი ქვეყანას გაეცალა, განჯის ხანმა გამოიდო თავი — თბილისელები ტყვედ წაასხა და მასაც ძვირად დაუსვა პატარა კახმა თავხედობა, ქვეყანაც მოუოხრა და 3700 კაციც სამშობლოში დააბრუნა.

 

იქით ლეკებმა წამოყვეს თავი, არიქა, ერეკლე დაძაბუნებულა და იქნებ რამეს გამოვრჩეთო და ომარ-ხანის მეთაურობით კახეთს შეესივნენ.

 

სალაშქროდ მოემზადა მხცოვანი მეფე, მაგრამ ცხენზე ამხედრება გაუჭირდა. იგრძნო, სიბერე სძალავდა. უნაგირს მოჭიდებულმა შვილიშვილს იოანე ბატონიშვილს გახედა, ჯარს უსარდლა და ყვარლისკენ დაულოცა გზა...

 

პირველად მოხდა, რომ ნაჭრილობევის მაგივრად რაღაც სხვა სენი აწუხებდა მეფეს. უფრო ხშირად იწვა, ძალა დღითი დღე აკლდებოდა. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. დედაქალაქში გაჩერება საშიში იყო და სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა საცხოვრებლად. იქიდან მართავდა ქვეყანას პატარა კახი, არ ისვენებდა, ყველაფრის საქმის კურსში იყო. ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი დაიბარა, დავალებები მისცა და გაისტუმრა.

 

1797 წლის შემოდგომიდან მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ფეხები უსივდებოდა. ამბობდნენ, წყალმანკისგანო. ექიმმა შესივებული წვივი ნეშტრით (ლითონის პატარა ბასრი ხელსაწყო) დაუსერა და სითხე გამოუშვა. ამან მხოლოდ დროებით მოჰგვარა შვება მეფეს.

 

5 იანვარს მკერდში ტკივილი იგრძნო, გონებაც დაკარგა. რამდენიმე საათს გაუნძრევლად იწვა, მერე თვალები გაახილა, მსახურები შეიყენა მხარში და გარეთ გააყვანინა თავი...

 

11 იანვრის გამთენიას კი ერთ წერტილზე დიდხანს გააჩერა მზერა, თითქოს უხმოდ ლოცულობდა მეფე. მერე უკანასკნელად გადახედა იქ მყოფთ და...

თელავის სასახლეში, იმ ოთახსა და იმ ტახტზე მიაბარა სული უფალს, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.

 

დარეჯან დედოფლის კივილმა საქართველოს დიდი მეფის გარდაცვალება აუწყა.

 

მეფის ცხედარი წესისამებრ გააპატიოსნეს. ზოგი ამბობდა, ერეკლეს ტანზე ადგილი არ მოეძევებოდა, ნაჭრილობევი არ ჰქონოდაო, ზოგიც საპირისპიროს ამტკიცებდა, თავისი სიჩაუქის წყალობით, არცერთი ჭრილობა არ ჰქონიაო მეფეს.

 

 

ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს პატარა კახი, ყინულები ჩაულაგეს და ძვირფასი ხალიჩებითა და შავი ხავერდით მორთულ დიდ დარბაზში დააბრძანეს, სასახლის ეზოში კი ერეკლეს სამოს-სამკაული, საბრძოლო იარაღი, აბჯარი, უნაგირები, ჯილდოები გამოფინეს და დროშებიც დახარეს. გლოვობდა ქვეყანა.

 

მოთქმით შევიდა სასახლის ეზოში ზემო ქართლის ყოფილი სარდალი, 80 წელს გადაცილებული თავადი ციციშვილი, რომელიც მეფეს თითქმის ყველა ბრძოლაში ახლდა. ერეკლეს ცხენის უნაგირს გადაეხვია და მწარედ აქვითინდა მოხუცი მეომარი. 

 

თეიმურაზ ბატონიშვილი სხვა მგლოვიარეთაც იხსენებს:

 

„თუმცაღა მრავალთა იტირეს გვამი მეფისა შესაბამისად, გარნა ორნი მათ შორის აღემატნეს სხვათა, ერთი მდივანი მეფისა სოლომონ მსაჯული, რომელიც იყო კაცი განსწავლული და პატიოსანი და მეორე ქვრივი იგი ქიზიყელი“.

 

ეს ქიზიყელი დედაკაცი, ერთი ვერსიით, ცხრა შვილის დედა ყოფილა და სახელად ახუა რქმევია და ასე დაუტირებია მეფე:

 

 

„მეფევ! ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემს ძმას გავარდეს ბრძოლაში

ხელიდან ხმალ-ხანჯალი,

მკათათვეს — სამკალში

ცელ-ნამგალი...

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

შენ შეგრჩეს ხელში გუთანი და საკვეთელი!

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემი ძმა ნუ მოეფერება

გაზაფხულზე იას და ფურისულას,

შენ მოუალერსე ვაზსა და მატიტელას...

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემმა ძმამ იაროს

შავეთის მიწა-წყალზე ფეხშიშველამ —

იტკინოს ფეხისგული,

შენ ნუ გააღარიბებ საქართველოს

ცალ ფეხზე სიარულით.

მეფევ! ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემი ძმის ცხენი იყოს

სუდარით დარახტული,

უკუღმა შეკაზმული,

შენ ცხენს სულ ეკიდოს

მშვილდ-ისარი დაგზნებული.

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემ ძმას ეცვას

მიწის ჩოხა-ახალუხი,

შენ კი გეხვიოს

მზისა და მთვარის ყაბალახი.

ახა ვაგლახმე, მეფევ ბატონო.

შვილნო და შვილიშვილნო,

ცხრა შვილის დედა ვარ და

ფიქრი დამდევს ცხრა გზიანი —

არ გააღარიბოთ მიწა-წყალი

მომკელ-მომხვნელით

მჭამელ-მცოხნელით...“

 

ოცი დღის შემდეგ სამგლოვიარო წირვა-ლოცვა და გალობა დროებით შეწყდა თელავში, ზარბაზნების ბათქმა ხალხს აუწყა, რომ ერეკლეს მცხეთას მიასვენებდნენ – სვეტიცხოველში დასაკრძალად. ზოგი ვერსიით, მეფის ცხედარს 20 000 იარაღში ჩამჯდარი მხედარი მიაცილებდა, რაც, სავარაუდოდ, სწორი არ უნდა იყოს. და ეს იმიტომ, რომ:

 

„ოდეს მეფე გარდაიცვალა თელავსა, ჭირი ესე იყო მიზეზი, რომელ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით გადაიტანეს გვამი მეფისა მცხეთას დასასაფლავებლად“, - პლატონ იოსელიანი, ისტორიკოსი.

 

სავარაუდოდ, გომბორის გზით წამოასვენეს მეფე თელავიდან. თბილისში არ შემოსულან, მახათას მთას გვერდი აუარეს და კუბო ავჭალის მიდამოებში, არაგვის ნაპირთან მიიტანეს. მცხეთელებმა მეორე ნაპირიდან ფეხით გადმოლახეს არაგვი და სვეტიცხოველს წააბრძანეს მეფე-ბატონი.

 

შავი ჭირის შიშით თელავიდან გამოყოლილ ჭირისუფალთაგან არავინ შეჰყოლია მცხეთაში ერეკლეს ცხედარს, გარდა სამეფო კარის მღვდელ ქრისტეფორე ბადრიძე-კეჟერაშვილისა. სიცოცხლე განსაცდელში ჩაიგდო მღვდელმა, მაგრამ მაინც ყველა ქრისტიანული წესის დაცვით, საკადრისად დაკრძალა მეფე 1798 წლის 21 თებერვალს, კვირას, სვეტიცხოვლის ტაძარში

 

„მუნ, მარჯვენით კერძო შინაგან დიდისა მის ეკლესიისა, ქვემორე პირისპირ ხატისა მაცხოვრისა, მეუფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×