logo_geo
eng_logo
ნუ ეტყვით მიხოს, რომ ჩერჩილი კი არა, სინამდვილეში ნაპოლეონია, მაინც ცოდოა
- +

31 დეკემბერი. 2018. 02:27

სასატირლოდან სასაცილომდე

 

არცერთი ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ერთ ჩემ სოფლელ ქალს მაგონებს, რომელიც სულ ჩხუბობს. ერთხელ მეზობელ დედაკაცს აუხირდა, შენი ძროხა დაუკრეფავში გადმოდისო. ამან უთხრა, იმანაც არ დააკლო, ერთმანეთს რაღა არ ეძახეს და ბოლოს ამან რომ ვეღარაფერი მოიგონა, დოინჯი შემოიყარა, ფეხები მხრების სიგანეზე გადგა, კბილები დაკრიჭა და ეუბნება: იიი, შე საცოდავო, შენი მახინჯი ქმარი კიდენა ღვინოი რო ყლურწამს, ეგ როგოღა არიო?!

 

ჰოდა, ამ მიხოსაც ვეღარაფერი მოუგონია, რა წამოაძახოს ბიძინა ივანიშვილს და მიადგა სალომეს: იიი, შენ კიდე პრეზიდენტად მახინჯი ზურაბიშვილი რო წამოასკუპე, ეგ უნდა ვაღიაროთო? არ ვაღიარებთ, არაო!

 

ადრეც ვწერდი, ამ ჩემ ფეხებს, თუ არ აღიარებთ-მეთქი და მე მართლაც ფეხებზე მკიდია, მაგრამ სოფლის ბოლოში მცხოვრები ჩემი თანამოქალაქე დაზაფრულია, მიხო რო არ აღიარებს, სალომე პრეზიდენტი ვერ იქნებაო? იქნება, თუ გინდა, ლამპა მაანათე-მეთქი! თითქოს მიჯერებს... მერე თვალს "რუსთავი 2"-ისკენ გააპარებს და ეჭვი ეპარება. სანამ სალომეს გაეროს ტრიბუნაზე არ დაინახავს, ბოლომდე მაინც ვერ დარწმუნდება. მეც აღარ ვუხსნი არაფერს.

 

ჰოდა, იმას ვამბობდი... გაბოროტებულმა მიხომ, რომელიც განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა, რომელიც მზეს ეუბნება, შენ ჩადი, მე უნდა ამოვიდეო, თავის "ფეისბუქგვერდზე" ისევ გამოყო დინგი და ასეთი რამ თქვა:

 

„კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა, რომ ხმები მოპარულია. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და „გავაპრავოთ“ მოპარვა?! მათ შორის, აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები როდესაც საუბრობენ, რომ რაღა აზრი აქვს, უნდა ვაღიაროთ შედეგები. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! ქართულობის სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა? ამ სასამართლოების იმედი არ გვაქვს, მაგრამ, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, პროკურორი ამოწევს ყველა საქმეს, არჩევნების შედეგები იქნება ბათილად ცნობილი და გამოაბრძანებენ იმ ქალს, თოჯინას გარეთ იმ სასახლიდან, რომელიც ვითომ მემკვიდრეობით ერგო, როგორც სხვა ყველა გამყალბებელს მსოფლიოში".

 

სწორად თქვა თავის დროზე თეა წულუკიანმა, სააკაშვილი მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. ის არა მხოლოდ მოწყვეტილია რეალობას, არამედ მას თავში აქვს მოწყვეტილი რეალობის შეგრძნების ჭანჭიკი და საერთოდ აღარ უსწორდება "ზაჟიგანია". შეიძლება აღარ გახსოვთ, მიხოს ამგვარი გამოხტომა პირველი არ არის, ჯერ კიდევ შარშან თეა წულუკიანს უწოდა მახინჯი:

 

"ივანიშვილის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდება უინსტონ ჩერჩილი. ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა: ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ! რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა: „ქალბატონო, მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ.  თქვენ მახინჯი ხართ, ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ! ოღონდ ხვალ დილას მე გამეღვიძება და უკვე ვიქნები ფხიზელი. ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს. მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო, იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც მოწვდენა ჩემზე უნდოდა ივანიშვილის პატრონ პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან. მაგრამ მალე ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს".

 

იცით... ნუ ეტყვით ამას (მაინც ცოდოა), რომ ჩერჩილი კი არა, სინამდვილეში ნაპოლეონია, თორემ შეიძლება რომელიმე სახლის სახურავზე ავიდეს და აღარ ჩამოვიდეს. არა, ეგ იქიდან გადმომხტომი არ არის, მაგ მხრივ არ იდარდოთ, უბრალოდ ერთი "ყარაული" სჭირდება, ბევრი ლაქლაქი იცის და ამ ლაქლაქში ფეხი არ დაუცურდეს. ჰო, ფეხი, თორემ კრამიტები ისედაც დაცურებული აქვს. ისე, ნაპოლეონზე გამახსენდა... ალბათ, იცით, პატივცემული ბონაპარტი ტანმორჩილი კაცი იყო, როგორც ერეკლე მეორე (პატარა კახი), ან თუნდაც იოსება პაპა (სტალინი), ერთხელაც დგას შემაღლებულ ადგილზე, ჭოგრიტით გაჰყურებს ფრონტის ხაზს, მივიდა მისი ერთი თავხედი გენერალი და შეჰკადრა, მომეცით ჭოგრიტი, მე უფრო მაღალი ვარ, უკეთესად დავინახავ და მოგახსენებთ ბრძოლის ამბებსო. ნაპოლეონი არც კი შეტრიალებულა, ისე უპასუხა: შენ მაღალი კი არა, უბრალოდ გრძელი ხარო. ჰოდა, მიხოსაც ჰგონია, რომ ივანიშვილზე, ან თუნდაც წულუკიანზე მაღალია და იქამდეც ვერ სწვდებიან, სადამდეც თურმე პუტინიც კი ვერ მისწვდა. ჰა, ჰა, ჰა... ამ დროს ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვაჩვენა იგივე პუტინმა გორში მიხოს ნატურალური ზომა, როცა თვითმფრინავის ხმა ჩაურთო. ჰო, ჩაურთო, რადგან ხმა იყო, თვითმფრინავი კი საერთოდ არ გამოჩენილა. აი, მართლაც ის გახლდათ მიხოს ნატურალური ზომა, სულ რაღაც ორიოდ მტკაველი. ჩვენ ისიც გვახსოვს, როგორ დასდევდა სააკაშვილი ტუალეტიდან ტუალეტში იგივე პუტინს, თუ სადმე, უცხოეთში გამართულ თავყრილობაზე გადაეყრებოდა ხოლმე - მზად იყო, პუტინი რომ მოფსამდა, მისი პენისი დიდი სიამოვნებით დაეფერთხა და სურათიც გადაეღო. მერე ბრუნდებოდა თბილისში და გვიყვებოდა, თუ როგორი კეთილი თვალები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტს. ტიპმა უკვე მოაბეზრა თავი ყველას თავისი "სკაიპ" და "ფეისბუქ" ჩართვებით, თავისი კოკაინური გამოხტომებით. ის ცდილობს, ყირაზე დააყენოს რეალობა და მახინჯად წარმოაჩინოს ყველა და ყველაფერი, ვინ და რაც კი მას არ ემორჩილება. არ მინდა, მის გარშემო მოძუნძულე ცხოველების გვარ-სახელები ჩამოვთვალო, რომლებიც მართლა სიმახინჯეებთან ასოცირდებიან. რა აზრი აქვს? შეიძლება ვინმე გამომრჩეს და მერე თქვას, სიაში არ ვარ, მაშასადამე, მშვენიერება გახლავართო. სააკაშვილი დაუკრეფავში ისე გადადის, ბოდიშსაც არ იხდის, გაიხსენეთ მისი მიმართვა თამარ ჩუგოშვილისადმი - "ე, გოგო, აზრზე მოდი"! ეს არსება მთლად გამოსულია ადამიანობის არეალიდან და იმის გამო, რომ თავს ზევით ძალა აღარ აქვს, ყველაფერს კადრულობს. ნახეთ, როგორ იმუქრება, ივანიშვილის მახინჯ თოჯინას პირველივე პროკურორი გამოიყვანს იმ სასახლიდან და ციხეში გაამწესებსო. სანაძლეოს დავდებ, უახლოეს მომავალში იტყვით, სალომეს, მაგ მახინჯს სასახლიდან გამოვათრევ, ცხენის კუდზე გამოვაბამ და ალაზნის ველზე ვახოხიალებო... ოღონდ იქვე არ დაამატებს, როგორც მე მახოხიალეს გორის მისადგომებთანო. არა, მაგას არ იტყვის, ეგ არ ითვლება, იმასაც დაივიწყებს, უკრაინაში რომ ჩამოათრიეს ერთ-ერთი სასტუმროს სახურავიდან!

 

ჩვენი წინაპრებისგან გამიგონია, კაცი ქალისადმი მოპყრობით იზომებაო. დიახ, ასეა ეს, მაგრამ სააკაშვილი საერთოდ აღარაფრით იზომება - არც ქცევით, არც მიდგომით, არც სიტყვა-პასუხით, არც მსჯელობით, არც ადამიანობით, მის გავეშებულ და გაბოროტებულ სულში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს, როგორმე ისევ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება და ყველას გაუსწოროს ანგარიში. მან პრეზიდენტობის პერიოდში ყველა ის ადამიანი აწამა, სადღაც ჩაკლა, ვისაც კი ერთი პანჩური მაინც ამოურტყამს ბავშვობაში. ახლა ანგარიშსწორების მეორე ეტაპზე ოცნებობს, ყველას გვაწამებს და ჩაგვკლავს, ვისაც კი ოდნავი წვლილი მიგვიძღვის მის გაძევებაში. სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ასეთი გამონათქვამებიც სწვდებოდა ჩემ ყურს: არც "ოცნება" მაინტერესებს და არც სალომე ზურაბიშვილი, ეგ ბარბაროსი რომ მოვიდეს, ან ციხეში ჩამალპობს, ან კიდევ საიქიოში გამისტუმრებს! დიახ, თუ პირველ ტურში ბევრს ეგონა, ბიძინა ივანიშვილი უჩემოდაც მოიგებსო, მეორე ტურში ამ ბევრმა რეალურად ჩახედა საფრთხეს თვალებში და ამიტომაც იდგა რიგები საარჩევნო უბნებში, რაის კარტოფილი და რომელი ხახვი? მოკლედ, ქართველი ხალხი მართლა ბრძენია, რომ ეს მახინჯები ხელისუფლებაში არ მოუშვა!

 

P.S. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა "მახინჯი" ნიშნავს ხეიბარს. ნუ, ეხლა არც წულუკიანია ხეიბარი, არც ზურაბიშვილი და არც ჩუგოშვილი... აი, ყველა "ნაცი" რომ ტვინით ხეიბარია მიხოს მეთაურობით, ამას მთელი ქვეყანა ხედავს. ვინც ვერ ხედავს, ისიც ხეიბარია!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×