top_leaderboard
left_sabechdi

ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო ატაშე შალვა ჯაბახიძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით გაიხსნა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს კონსული თამთა კინწურაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები და მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლები.

მაუთჰაუზენის ბანაკი ავსტრიის ტერიტორიაზე არსებული მთავარი საკონცენტრაციო ბანაკი იყო და მიეკუთვნებოდა მესამე, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე ბანაკთა კატეგორიას. მის დაქვემდებარებაში შედიოდა 49 საკონცენტრაციო ბანაკი.

1938-1945 წლებში აქ, დაახლოებით 190 000 ადამიანი იმყოფებოდა ტყვეობაში, მათგან, დაახლოებით 90 000 ბანაკის მკაცრ რეჟიმს შეეწირა. 1945 წლის 5 მაისს, აშშ-ის არმიამ მაუთჰაუზენისა და გუზენის ბანაკები და იქ მყოფი დაახლოებით 40 000 ტყვე გაათავისუფლა.

1949 წელს, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე, რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა.

ასევე იხილეთ