logo_geo
eng_logo
როგორ დაუბრუნდა ნარიყალა თბილისს
- +

23 ივლისი. 2016. 12:32

თბილისის გათავისუფლების დღე, 25 ივლისი მრავალი წლის განმავლობაში აღინიშნებოდა. 1748 წელს, სამდღიანი ბრძოლების შემდეგ, ნარიყალას ციხეებზე ქართული დროშა აფრიალდა. პირველი თაბორის კოშკი იყო, სადაც 22 ივლისს, თბილისელი შავერდა  მხედრიშვილი აიჭრა. შემდეგ მეტეხი, მოგვიანებით ნარიყალას ბურჯები, აბანოების უბანი, განჯისკარი და ბოლოს თავად ციხეც. პატარა კახად წოდებული მეფე ერეკლე II მაშინ 27 წლის იყო და დათმობას არ აპირებდა. ქუდზე კაცი გამოვიდა თბილისის დასაბრუნებლად.

„შეიქნა უფიცხო ომი, ზარბაზანი და ყუმბარა ისე მოდიოდა, ვითარცა ცეცხლი წვიმის“, – წერდა პაპუნა ორბელიანი. 207 წლის შემდეგ ქალაქსა და ციხეებს შორის კედელი მოიშალა, ნარიყალა თბილისს დაუბრუნდა, ერთად გუგუნებდნენ ქართული და სომხური ეკლესიის ზარები.

1541 წელს თბილისის ციტადელში ირანული გარნიზონი გამაგრდა. „ოქროს ხანის“ თბილისი, ლაღი, ამპარტავანი დედაქალაქი, საერთო-კავკასიური იმპერიის, „ყოველი საქართველოს“ ცენტრი, ფერმკრთალ მოგონებად ქცეულიყო. 207 წლის განმავლობაში თბილისის ციხე-კოშკებს აღარ უნახავთ ეროვნული დროშა. იყო მუდმივი ბრძოლები, გამარჯვების ყიჟინაც, მარცხიც. არაერთგზის დალეწეს მომხდურთა ფალანგები დედაქალაქის ვიწრო შუკებში ლუარსაბ პირველმა, სიმონ პირველმა, გიორგი სააკაძემ, თეიმურაზ პირველმა, გიორგი მეთერთმეტემ… ციხე-სიმაგრეები უძრავად იდგა. გამაღიზიანებლად ფრიალებდა ნარიყალაზე მომხდურთა მწვანე ალამი. ხან თურქების გარნიზონი ცვლიდა ირანელებისას, ხან ირანელების – თურქებისას. ბოღმით ივსებოდა ქართველთა გული.

 

თაბორის მთა თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოებაა და თბილისს სამხრეთიდან იცავდა. ქართლის ცხოვრების თანახმად, 1045 წელს მეფე ბაგრატ IV–ს თბილისის დაკავების შემდეგ თაბორის ციხე აუღია და  თავისი მეციხოვნეები ჩაუყენებია. პლატონ იოსელიანი კი ამ ციხეში ღვთის ფერისცვალების სახელობის  ეკლესიის არსებობას ადასტურებს, რომლის ნაკვალევიც 1972 წლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა.

 

ფერიცვალების ტაძრის აგება  XII – XIV სს–ში დემეტრე თავდადებულის სახელთან არის დაკავშირებული.  თაბორის მთას ასევე მოიხსენიებდნენ ყოჩი–ყალათის სახელით,  ანუ მცველი ციხე. 7 საუკუნის შემდეგ ეკლესია აღადგინეს. აბანოთუბანს სამხრეთიდან ფერიცვალების სახელობის მამათა მონასტერი გადმოჰყურებს, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

 

 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×