logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: საპრეზიდენტო არჩევნებს ბევრი რამ შეიძლება უსაყვედურო, მაგრამ არა ის, რომ შედეგი არალეგიტიმურია
- +

7 დეკემბერი. 2018. 04:07

 

 

„არ მახსენდება პრეცედენტი, რომ სტრასბურგის სასამართლოს საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი განეხილა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

 

„სტრასბურგის სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს პრაქტიკულად, არ იხილავს. ეს არის პრეცედენტული სასამართლო და ამიტომ, პრეცედენტი უნდა არსებობდეს. იქ მრავლად არის პრეცედენტი – პარლამენტი, მუნიციპალიტეტები და საკრებულოები, ქართული ეკვივალენტი რომ გამოვიყენოთ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ პრეცედენტი მე პირადად, არ მახსენდება და ასე რბილად ვიტყვი, რომ განცხადების ავტორის კრიტიკა არ გამომივიდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის გასაჩივრების პროცედურა, რადგან როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრე ჰუნკომ განაცხადა, არჩევნების ლეგიტიმურობა სასამართლოს პრეროგატივაა და თუ მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილსა და ოპოზიციას მიაჩნია, რომ მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება დაირღვა, შეუძლიათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართონ, გაერთიანებული ოპოზიცია კი აპირებს, საქართველოში ამგვარი სარჩელით ქართულ სასამართლოს მიმართოს.

 

მისი თქმით, ამ არჩევნებს ბევრი რამ შეიძლება უსაყვედურო, მაგრამ არა ის, რომ შედეგი არალეგიტიმურია, რადგან ეს იმ ამომრჩევლის შეურაცხყოფა და მისი ნების უგულებელყოფა იქნებოდა, რომელიც არჩევნების მეორე ტურში ცალსახად იქნა გამოვლენილი.

 

„მეორე საკითხია ხარვეზები და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ეს იყო პირველი არჩევნები, როცა უწყებათშორის კომისიას ერთი და იგივე რეკომენდაციის გამეორება მოუწია, რადგან ადამიანებს რეკომენდაციები არ ესმოდათ.

 

„არ ვიცი, ეს ემოციების ბრალი იყო თუ იმის, რომ პოლიტიკური ტემპერატურა იყო მაღალი, მაგრამ ჩვენ გვიწევდა ერთი და იგივე რეკომენდაციის გამოცემა – აცადეთ ერთმანეთს კამპანიის ჩატარება, ერთმანეთს შეხვედრებზე ნუ მიუვარდებით და ნუ შეურაცხყოფთ, რადგან ბოლოსდაბოლოს, ეს მხოლოდ არჩევნებია და არა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი და ა.შ“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, კანონში ამ ყველაფერს ვერ ჩაწერ და ჩვენ არა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზებზე მუშაობა გვჭირდება, არამედ ისიც, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე რაღაცნაირად, თვითონვე უნდა იზრუნონ და ბევრმა უნდა ისწავლოს, რომ არჩევანი ფარულია და ყველაფერს ამომრჩეველი წყვეტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×