logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი: პარლამენტი თავშესაფარია მათთვის, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა ნაკლები აქვს
- +

25 აპრილი. 2016. 16:08



2%-იანი პარტიების კვალიფიციურ სუბიექტებად გამოცხადება, არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნები, საარჩევნო სიის ფორმირება - ამ და სხვა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი ესაუბრა:



- 2 %-იან სუბიექტს მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან, 40 000-მა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი. მე რომ მკითხოთ, 2%-იანი ბარიერი დაბალია, მინიმუმ 3 % მაინც უნდა იყოს. თუმცა გასათვალისწინებელია ვითარება პოლიტიკურ ველზე, რადგანაც ბევრი პარტიაა და ჯერჯერობით არ მივსულვართ იქამდე, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს და ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდნენ კვალიფიციურ პარტიებად. იმედი მაქვს, ეს ვითარება მომავალში გამოსწორდება.



- არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ითხოვს; მათი მოთხოვნაა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაც. რას სთავაზობს მათ ხელისუფლება? რას ფიქრობთ, გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო თქვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან?

 



- რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა. არის თეორიული მსჯელობები და არის პრაქტიკული ნაბიჯები. ძირითადი მოთხოვნა, რომ გაზრდილიყო ბარიერის გადალახვის პროცენტი 50 %-მდე, გათვალისწინებულია. ეს არის რეალური შედეგი, თუ მოიგო არჩევნები კონკრეტულმა სუბიექტმა, ე.ი. მხარდაჭერაც რეალურია. არჩევნების გაყალბებას კი მე გამოვრიცხავ, პოლიტიკური გააწყვეტილება მიღებულია, მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს საქართველოში. რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ეს არ არის დამოკიდებული მარტო ჩვენს სურვილზე. რაიონებს, სადაც მცირერიცხოვანი მოსახლეობაა, უნდათ, რომ ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში. აჩქარება არაფერში არ არის საჭირო. „ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით.



- „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი რა ეტაპზეა?



- საარჩევნო სიასთან დაკავშირებით არ ვარ ინფორმირებული. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და პარტიული ყრილობის შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება. პარტიული სიის შედგენაში მეც ვმონაწილეობ. ვაწვდი იდეებს პარტიას იმ ახალი სახეების შესახებ, რომლებსაც ნიჭიერებად ვთვლი. ძირითადად მაჟორიტარებზეა საუბარი. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება და სამუშაო გამოცდილება უცხოეთში.  მათი დაყენება შეიძლება მაჟორიტარად იმ რაიონებში, სადაც მათ პატივს სცემენ და იცნობენ. ბევრი მოდის, მაგრამ რჩეულებია საჭირო. მინდა, პარლამენტში ნორმალური ხალხი მოვიდეს.


 

- ვის აწვდით იდეებს?



- პარტიის ოფისს. იქ არის ერთგვარი ბანკი, სადაც ყველაფერი თავს იყრის და მერე ხდება გაცხრილვა. ძალიან მარტივი პროცედურაა.


- თავად იქნებით სიაში?

 

 

- თუ მოუნელებელი სურვილი გამიჩნდა, რომ აუცილებლად უნდა ვიყარო კენჭი, რა თქმა უნდა, ამაში ხელს არავინ შემიშლის, მაგრამ მეორე საკითხია, რა სიტუაცია იქნება. თუ პარტია ჩათვლის, რომ საჭირო ვარ, რა თქმა უნდა, კენჭს ვიყრი; თუ არა და, დავუბრუნდები ჩემს შემოქმედებით საქმიანობას.


 

- მაისის შუა რიცხვებში პარტიული ყრილობა გაიმართება, რა საკითხებს განიხილავთ და ყრილობის შემდეგ თუ იქნება უკვე ცნობილი „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შემადგენლობა?

 


- არა, ეს ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ალბათ ვიმსჯელებთ საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე და იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე 6 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება დედამიწის ზურგზე არ მომხდარა. რაც შეეხება სხვა საკითხებს,  ეს იქნება  პარტიის ლიდერის არჩევა, პოლიტსაბჭოს წევრების არჩევა. ასევე განვსაზღვრავთ მომავლის სტრატეგიას.



- საინიციატივო ჯგუფმა მიმართა ცესკო-ს, გაიმართოს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქორწინების შესახებ ქვეყნის უმაღლეს კანონში განმარტების ჩაწერას გულისხმობს. უნდა გაიმართოს თუ არა ამ საკითხზე რეფერენდუმი?



- რატომაც არა, ჩატარდეს ეს რეფერენდუმი. თუ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია, ვკითხოთ ხალხს, რას ფიქრობს ამ საკითხზე. პირადად მე ვემხრობი, რომ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაკეთდეს.



- რესპუბლიკური პარტიის დარჩენას უმრავლესობაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თქვენივე პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. პირადად თქვენი მოსაზრება როგორია?



- არსებობს პარტია და არსებობენ პიროვნებები. პარტიასთან შესაძლოა გარკვეული დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ლიდერები ვინც არიან ამ პარტიაში, მათ უმრავლესობასთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ვიცი, როგორი ადამიანები არიან, რისი გაკეთება შეუძლიათ. ხდება ზოგჯერ, რომ პოლიტიკური პარტიის ინტერესები წინა პლანზე იწევს. კოალიციაში რესპუბლიკელების ყოფნა დისკომფორტს არ მიქმნიდა, თუმცა ბევრი ადამიანი მირეკავდა და გაღიზიანებული იყო იმის გამო, რომ ისინი კოალიციაში იყვნენ. ახლა ყველაფერი დალაგდა, რადგან კოალიციის სუბიექტები დამოუკიდებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ეს ჩემი აზრით, ძალიან კარგია. აღარ იქნება იმაზე საუბარი - შენ ჩემი ხათრით და დამსახურებით შემოხვედი პარლამენტში და ა.შ. იქნება წმინდად ხალხის არჩევანზე დამოკიდებული ყველაფერი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია.



- და ბოლოს, დარწმუნებით გაქვთ გადაწყვეტილი, რომ კენჭს არ იყრით, თუ ეს „ქართული ოცნების" პარტიული გადაწყვეტილება არ იქნა?



- მიუხედავად იმისა, ვიცი, რა დამოკიდებულებაა ჩემს მიმართ ჩოხატაურის რაიონში, თუ „ქართული ოცნება" არ გადაწყვეტს, კენჭი ვიყარო მაჟორიტარად, ჩემით იქ ფეხს არ გადავდგამ. ზოგიერთი თავს იზღვევს, თუ სიაში არ მოვხვდები, მე ვიცი, როგორც მოვიქცევიო. ყველას თავისი გზა აქვს, ბუნებრივია... გულწრფელად გეტყვით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა ნაკლები აქვთ, პარლამენტი თავშესაფარია. მაგრამ ჩემთვის და ჩემისთანა ადამიანებისთვის, ეს ძალიან რთული საქმეა, ყოველდღიურ რეჟიმში დატვირთულად ვმუშაობ, ეს შესაძლოა გარედან არ ჩანს, მაგრამ განუწყვეტლივ ამ რეჟიმში ვარ.


 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×