leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუგზარ ფოფხაძე: და დადგა დღე, როცა თბილისი დაამშვენა „დედა ენის“ ძეგლმა…

დღეს 14 აპრილია, მშობლიური დედაენის დღე…

ბევრი რამ მაქვს მოსაგონარი. თუნდაც იმ მღელვარე დღის პერიპეტიები… როგორ დაიწყო… როგორ გაგრძელდა… რით დამთავრდა… მოვა ამის დროც.

ახლა კი, ერთი საინტერესო (ჩემი აზრით) ფაქტი. ნაწყვეტი ადრინდელი პუბლიკაციიდან!

××××××××××××××××

„… ბარემ, მეორე ისტორიასაც გავიხსენებ, უკვე საზოგადოს, სახელმწიფო და ეროვნულ აზროვნებასთან დაკავშირებულს…

„დედა ენის“ 100 წლისთავისთვის მზადების ბოლო დღეებია. „ჩრდილოეთში“ რომ ნაკლებად გაღიზიანდნენ, ამ იუბილეს უწყებრივი მასშტაბები მიეცა და განათლების სამინისტროს აღმზრდელობითი სამმართველოს მეთაურობით კეთდება…

გამოიცა ძველი „დედა ენა“, „ბუნების კარი“, გოგებაშვილის სხვა ნაღვაწი… მოწესრიგდა მუზეუმი, პოეტური კრებული. რეზო ლაღიძემ წინა დღით ღამე გაათენა და ფანტასტური სიმღერა შექმნა…

ბოლოსწინა საღამოა, თემურ ჟღენტის „შავი მუშების“ ბრიგადასთან ერთად გავდივართ ყველა დეტალს კიდევ ერთხელ. ჩვენთან ერთად არის ასაკოვანი ბატონი უშანგი ობოლაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, ლეგენდა კაცი, ცოცხალი ენციკლოპედია…

ვიღებ ერთ საგაზეთო ამონაჭერს და ვუკითხავ დამსწრეებს: სადღაც, რუსეთის რომელიღაც ქალაქში, ძაღლისთვის ძეგლი დაუდგამთ – პატრონის ერთგულებისთვის. ხმამაღლა ვამბობ: „აგერ ძაღლს დაუდგეს ძეგლი და… ჩვენ ვინ რა უნდა გვითხრას, თუ კი…“ – აქ აზრი გავწყვიტე ეშმაკურად ვეკითხები ბატონ უშანგის: „სადმე თუ არსებობს ძეგლი მშობლიური ენის პატივსაცემად?“

ხანდაზმული ობოლაძე, რომელიც ჩვენ ახალგაზრდულ გუნდს სიყვარულით „შავი პოლკოვნიკების ხუნტას“ ეძახდა, ადგა და… მეტი აღარაფერი თქვათ, ახლავე ცეკას სახელზე ბარათს დავწერო… ორ საათში ბარათი მზად არის: დასაბუთება 5 გვერდზე! გრძელია, უნდა შევამოკლოთ-მეთქი… არაო, ეს ისეთი საკითხია, სერიოზული დასაბუთება ჭირდებაო…

ჩვენს უფროს მეგობართან კამათს აზრი არ აქვს. ამიტომ მადლობით ვშორდებით და… ვურეკავ ელგუჯა ამაშუკელს, ჩვენს დიდ მოქანდაკეს: ვეკითხები, როგორ არის საქმე? პასუხი ისეთია, რომ ტელეფონიც კი გაწითლდა ჩემი მადლობებით. მაშინ უკვე ყველა მიხვდა, რომ იდეა ახლა კი არ დაბადებულა, არამედ იმდენად დაღვინებულია, რომ უკვე ესკიზებიც კი დამუშავებულია…

„გავვარდით“ მე და თემურ ჟღენტი ბატონ ელგუჯასთან. ლია სტურუა, ელგუჯას მეუღლე, ჩვენი ცნობილი პოეტი, აღტაცებით მეუბნება, რომ ელგუჯამაც ღამე გაათენა და რამდენიმე ესკიზი მზად არის…

დადგა საიუბილეო დღე. დილით შევარდნაძესთან ვიზიტი. ცეკას მდივანი ვიქტორია სირაძე ეუბნება, რომ მასშტაბები გრანდიოზულია, წყვეტაა მოსაწვევებზე…ვაჩვენებ საიუბილეოდ გამოშვებულ წიგნებს, სხვა „პროდუქციას“, ვუყვები, რა მოხდება ფილარმონიის სცენაზე… აშკარად კმაყოფილია… და მისთვის სიურპრიზი: ვაწვდი უშანგი ობოლაძის მიერ მომზადებული 5-გვერდიან წერილს და მეორე ვარიანტს: ერთ გვერდზე დაყვანილ „დასაბუთებას“… მისთვის ეს იდეა მოულოდნელია. დაფიქრდა… ვსარგებლობ პაუზით და ვაწვდი ესკიზებს. აშკარად მოეწონა. ვამატებ: ელგუჯა ამაშუკელს მიაჩნია, სანაპიროზე ბაღი იქნება ზედგამოჭრილი ადგილი ამ ძეგლისთვისო… თანაც, ადგილი სიმბოლურია, ქართულ პატრიოტულ თემასთან (მივანიშნე 1956 წლის 9 მარტი) პირდაპირ კავშირში გახლავთ-თქო…

პირველი შეკითხვა: ვინ იცის ამის შესახებო…

პასუხი: მინისტრმა ოთარ ქინქლაძემ, ობოლაძემ, ჟღენტმა, ქალბატონმა ვიქტორიამ და თქვენ…

მოულოდნელი ფრაზა: ამ იდეის შესახებ მეტმა არავინ არ უნდა იცოდეს… და დაამატა: ხელს შეგვიშლიანო!

ახლაც მახსოვს ინტონაცია: ხელს შეგვიშლიანო!!!

ვეუბნები, რომ „საიდუმლოს“ უკეთ შევინახავთ, თუ კონკურს არ გამოვაცხადებთ და… შემაწყვეტინა: არავითარი ოფიციალური გაფორმება დაკვეთის არ გვინდა. უხმაუროდ და ჩუმად გააკეთეთ ეს საქმეო… შრომატევადი იქნება ეს წამოწყება, ხარჯებიც დასჭირდება, ადგილს კეთილმოწყობა… მარტო თქვენ ამას ვერ გაწვდებითო… აიღო ყურმილი და დაუკავშირდა თბილისის პარტიულ ხელმძღვანელს თენგიზ მენთეშაშვილს. გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები, მათ შორის, „საიდუმლოების“ თაობაზე და შესთავაზა: მოდი შენ ჩაუდექი სათავეში ამ იდეის განხორცილებას და ქალაქმა ყველა საკითხი მოაგვაროსო. შევარდნაძემ თან „გურული ეშმაკობა“ მოიშველია: განათლების სამინისტრო დაბეჯითებით ითხოვს შენს ჩართვას ამ საქმეშიო…

მივდივარ თენგიზთან, მივუტანე ესკიზები. მასაც ძალიან მოეწონა. და ძალიან გულწრფელად თქვა: ამაზე დიდ და კარგ საქმეს ჩვენ ვერასოდეს გავაკეთებთო…

იდეის განხორციელებას დრო დასჭირდა. საქმე წინ მიდიოდა… 14 აპრილის მოვლენების დროსაც კი არ გახმაურებულა არაფერი.

ყველაფერი გააკეთა თენგიზ მენთეშაშვილმა თავის გუნდთან ერთად… გურამ გაბუნია, ნელი გურგენიძე, ზაურ მესხიშვილი, ჯემალ კუხალაშვილი, ნიკო ლეკიშვილი… ყველამ დადო თითო აგური ელგუჯა ამაშუკელის ამ შედევრის გაცოცხლებაზე… და დადგა დღე, როცა ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად თბილისი დაამშვენა „დედა ენის“ ძეგლმა.

მადლიერმა შთამომავლობამ უნდა იცოდეს, „ვინ არის ვინ!“

ბევრ რამ მაქვს მოსაგონარი. თუნდაც იმ მღელვარე დღის პერიპეტიები… როგორ დაიწყო… როგორ გაგრძელდა… რით დამთავრდა… მოვა ამის დროც.

 

ასევე იხილეთ