top_leaderboard

არჩილ თალაკვაძე: 7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე

„7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ინტერპელაციაზე სიტყვის გამოსვლისას ოპოზიციის შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შს მინისტრი პარლამენტში იმ რადიკალურმა ოპოზიციამ მოიწვია, რომელიც ქალებს, ბავშვებს, ხანდაზმულ მოქალაქეებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის იყენებს.

„შს მინისტრი მოიწვიეს ინტერპელაციით, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხზე სასაუბროდ და ქალების საკითხი გამოიყენეს ამ იაფფასიანი პერფორმანსის მოსაწყობად. ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქალებსაც, ბავშვებსაც, ხანდაზმულ თანამოქალაქეებსაც, ეროვნულ ინტერესებსაც, ყველაფერს იყენებს ერთადერთი პოლიტიკური მიზნისთვის, რომ როგორმე ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ. ვინ გვესაუბრება? 7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე. ამ ადამიანებმა და მათმა ლიდერებმა, ეს სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადასტურებული, მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს უკიდურესი ძალადობით ჩვენი თანამოქალაქეები. არის კადრები, რომ კორპუსებში, მეორე-მესამე სართულზე მოქალაქეებს ესროდნენ გაზის ტყვიებს. მათ შორის ქალებსაც. გაუსწორდნენ საქართველოს ომბუდსმენს, რომელიც მონიტორინგს უწევდა აქციებს. მე თვითონ, როგორც ომბუდსმენის თანამშრომელს კლინიკებში მაქვს ნანახი რა დაზიანებები ჰქონდათ მიღებული ადამიანებს აქციების დარბევის მერე, გარდა იმისა, რაც მოქალაქეებმა საჯაროდ ნახეს. ესენი დღეს აქ გამოდიან და თავს უფლებას აძლევენ, რომ საქართველოს საზოგადოებას ელაპარაკონ ძალის გადამეტებაზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მან ასევე მიმართა ოპოზიციის მხრიდან სიტყვით გამომსვლელ ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც ტრიბუნაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ გამართლება არ აქვს ადამიანების დევნას.

„თუ გამართლება არ აქვს ადამიანების დევნას, შენ როგორ გაამართლე და რა გამართლებას პოულობ, რომ დგახარ ამ ადამიანების გვერდით და პოლიტიკური კოალიცია გაქვს დღეს შეკრული?!“, – მიმართა თალაკვაძემ ნაცვლიშვილს.

მანვე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს, საკუთარი დროიდან 1 წუთის დათმობა შესთავაზა იმისთვის, რომ 2016 წელს ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში ნათქვამი, რომ დავით კეზერაშვილი არის კორუმპირებული და ბიუჯეტის ფული აქვს მოპარული, კიდევ ერთხელ პარლამენტშიც გაემეორებინა.

ასევე იხილეთ