top_leaderboard

მაია ომიაძე: ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოგზაურს ველოდებით

2024 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკური მონაცემების შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძის განცხადებით პირველ კვარტალში განსაკუთრებით გაიზარდა ევროპელი ტურისტების რაოდენობა.

„პირველი კვარტლის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები მზარდია“,-აცხადებს მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით გრძელდება აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე. 

„ზამთრის სეზონი შეიძლება შეფასდეს ძალიან წარმატებულად, წინ გვაქვს ზაფხულის ტურისტული სეზონი და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ მოგზაურს ველოდებით. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაწყებულია კამპანიები სამიზნე ბაზრებზე ზაფხულის სეზონისთვის. კამპანიებს ვატარებთ ევროპულ ქვეყნებში: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ჩინეთში, ინდოეთსა და აშშ-ში“,-განაცხადა მაია ომიაძემ. 

2024 წლის 3 თვეში საქართველოში 1 მილიონამდე ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემებს +6.4% -ით აჭარბებს, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია. 

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, რაც პანდემიამდე პერიოდის +80.4%-ით აღდგენაა, ხოლო 2023 წელთან შედარებით ზრდა +7.6%-ია. 

 

ასევე იხილეთ