top_leaderboard

თბილისის დენდროლოგიურ პარკში მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოები შესრულდა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დენდროლოგიურ პარკში დასუფთავებისა და მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშაოები შეასრულეს.

პარკის ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ასევე, გაითიბა ბალახის საფარი და ბუჩქების ფორმირება განხორციელდა. ღონისძიებაში ჩართული იყო 50 თანამშრომელი.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

„22 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა გარემოს დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. სწორედ დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის დენდროლოგიურ პარკში შევასრულეთ დასუფთავებისა და მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშაოები. ამ ერთობლივი ღონისძიებით ბევრად გაუმჯობესდება პარკში არსებული მდგომარეობა. გვსურს, მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ ბუნებას. გავუფრთხილდეთ არა მარტო რეკრეაციულ ტერიტორიებს, არამედ ქალაქის ქუჩებსა და ეზოებს. ნუ დავანაგვიანებთ გარემოს, ერთად ვიზრუნოთ, რომ თბილისში არსებული მწვანე სივრცეები იყოს სუფთა და მოვლილი. მოსახლეობის თანადგომის გარეშე გარემოზე ზრუნვას მხოლოდ მუნიციპალური სამსახურები ფიზიკურად ვერ მოახერხებენ. ამიტომ ნამდვილად საჭიროა საზოგადოების მხარდაჭერა“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დედამიწის დღე 1970 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს 193-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.

 

ასევე იხილეთ