top_leaderboard

თეა წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები და მყარად იმ ფესვებით, საიდანაც ჩვენი ისტორია და კულტურა აღმოცენდა

„ოპოზიციის პოზიცია არის, რომ ნებისმიერ ფასად ვიყოთ ევროკავშირში. ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები და მყარად იმ ფესვებით საიდანაც ჩვენი ისტორია და კულტურა აღმოცენდა. აი ეს ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენს შორის”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და ამ ქვეყნის საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობა მიისწრაფვის ევროპისკენ, შესაბამისად – ჩვენ ვართ მათი ნების აღმასრულებლები და ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი თავისი არსით არის ევროპელი. ევროპისკენ გზის ჩახერგვა არის მათი (ოპოზიცია) პროპაგანდის ნაწილი და როდესაც რაღაცა არ აწყობთ, ყველაფერს ისე შერაცხავენ, რომ ეს არის რუსული. ეს იგივე ხელწერაა, რაც ამ პოლიტიკოსებს, დღეს რომ ოპოზიციაში არიან, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ. თუ არ მოეწონებოდათ, ღამე გამოგიყვანდნენ სახლიდან, გაწამებდნენ, დაგაბრალებდნენ რომ რუსის აგენტი ხარ და უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში მიგასვენებდნენ შინ. ეტიკეტის მიწებება, რომ თუ შენ არ ხარ იმ პოზიციაზე, რაც მათ აქვთ ე.ი ხარ პრორუსი – გრძელდება.

განსხვავება, რაც არის ფუნდამენტური ჩვენს პოზიციებსა და მათ პოზიციებს შორის არის ერთადერთი – რა თქმა უნდა ყველას გვაქვს ერთი და იგივე მისწრაფება – ევროკავშირში წევრობა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ გადავდგით ნაბიჯები და ხელშესახები შედეგები დავდეთ, როგორც არასდროს ისე ახლოა ევროკავშირთან საქართველო და ამ გზას ვაგრძელებთ, მაგრამ არის ერთი მაგრამ – ჩვენ არ ვაპირებთ წავიშალოთ როგორც ქართველები, არ ვაპირებთ ვიყოთ უსახურები, არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, არ ვაპირებთ ვესროლოთ აფხაზს – მშვიდობიანად გვინდა ტერიტორიები გავამთლიანოთ, არ ვაპირებთ ვიაროთ ასკინკილით და ვიყოთ ჩაგრულის მდგომარეობაში და თვალებში შევციცინებდეთ. გვინდა მშვიდობიანი გზით, მდგრადობითა და გამძლეობით მივაღწიოთ მიზანს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ