top_leaderboard

თეა წულუკიანი: ჩვენ ომგამოვლილი თაობა ვართ, ჩვენი ცუდი გამოცდილება არ გვინდა, რომ ახალ თაობას ჰქონდეს

„მინდა დავეთანხმო იმ ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში გამოდის და თქვეს, რომ ჩვენ ვართ გონიერი თაობა, უფრო გონიერი და უფრო ინფორმირებული ვიდრე წინა თაობებიო, ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ არის ერთი რამ, რაც გვაქვს ჩვენ და არ აქვთ მათ. ჩვენ ომგამოვლილი თაობა ვართ და ნამდვილად ვიცით, რა არის ომი. ჩვენი ცუდი გამოცდილება, არ გვინდა, რომ ახალ თაობას ჰქონდეს”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოსმენის პარალელურად განვითარებულ მოვლენებზე და ახალგაზრდების პროტესტზე ისაუბრა.

„ვიღებთ ამ [გამჭვირვალობის შესახებ] ქართულ კანონს და უკან დახევა ნამდვილად არ იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებამ უბრალოდ იცოდეს, საიდან და რა მიზნით შემოდის და ვინ იყენებს ამ თანხებს. ფუჭია იმ ძალიან კეთილშობილი ადამიანების განცდა, ჩვენი ქვეყნის მამულიშვილების, შვილების, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ და ნამდვილად კარგ საქმეს ემსახურებიან. ნერვიულობენ და ქუჩაში დგანან ისინი, ვინც ნამდვილად არ უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ვარაუდით, კეთილშობილურ საქმეს, როგორც ეს იყო ISFED-ის და მისი ხელმძღვანელის შემთხვევაში, რომელსაც მაინცდამაინც არც კი შერცხვა, რომ ქვეყანას აზიანებდა უცხოური ფულით. ასეთი ადამიანების შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

აქვე მინდა დავეთანხმო იმ ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში გამოდის და თქვეს, რომ ჩვენ ვართ გონიერი თაობა, უფრო გონიერი და უფრო ინფორმირებული ვიდრე წინა თაობებიო, ეს ნამდვილად ასეა. მათ ისიც გვითხრეს, რომ თქვენს დროს არ იყო „გუგლი“, ახლა არის, თქვენ დროს „სერჩი“ არ იყო და ახლა არისო, მაგრამ არის ერთი რამ, რაც გვაქვს ჩვენ და არ აქვთ მათ. ჩვენ ომგამოვლილი თაობა ვართ და ნამდვილად ვიცით, რა არის ომი. გამოვიარეთ ისეთი სტუდენტობა და მოზარდობა, როდესაც კვირაში რამდენჯერმე, მუდმივად პანაშვიდებზე და გასვენებებში ვიყავით – ვასაფლავებდით ბიძაშვილებს, მეგობრებს, ნათესავებს, კურსელებს, კლასელებს, სკოლელებს, უბნელებს და ა.შ. ეს ისეთი რამ არის, რაც არ „ისერჩება“, არ „იგუგლება“ და არის ძალიან ცუდი, მწარე, მძიმე გამოცდილება, რომელიც დაღს გასვამს მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩვენ ეს აღარ გვინდა. ჩვენ გვინდა მათთვის ის, რასაც ვაკეთებთ. ამ ხელისუფლებამ მათთვის გააკეთა, ჩვენ დიდად აღარ გვჭირდება, უვიზო რეჟიმი, ეს ამ ხელისუფლებამ მოიტანა, ასევე ასოცირების შეთანხმება, ესეც ამ ხელისუფლებამ მოიტანა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და [ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის] სტატუსი. უპრეცედენტო განვითარება ამ ხელისუფლების სხვადასხვა მთავრობის შედეგია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს არის რეალობა და ჩვენი ცუდი გამოცდილება, რაც არ გვინდა, რომ ახალ თაობას ჰქონდეს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ