top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: უვიზო რეჟიმის გადახედვის საფრთხე არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განმარტა, რატომ არ არსებობს უვიზო რეჟიმის გადახედვის საფრთხე.

„უვიზო რეჟიმის გადახედვის წინაპირობა ჩამოთვლილი და დამტკიცებულია. მაშინ ევროპარლამენტი უნდა შეიკრიბოს და ამ წესების შეცვლის რეკომენდაცია უნდა გასცეს. შემდეგ ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ იმ თემებს, რომლებიც ჩამოთვლილია თავისუფალი მიმოსვლის გაუქმების წინაპირობად, დაუმატოს კიდევ ის, რომ როცა ქვეყანა კანონს იღებს, რომელიც არ მოსწონს კუბილიუსს, უნდა გახდეს წინაპირობა ამ ვიზის შეჩერების. ასეთი რამ ამ წესებში არ წერია. ახლა გამოდიან ვითომ ექსპერტები და ხალხს ატყუებენ, რომ ქუჩაში გამოიყვანონ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ადამიანების გარკვეული ჯგუფი, ევროპარლამენტარებს კარნახობს, რომ რეზოლუცია მიიღონ.

„ამ დროს მათმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში არსებობს ადამიანების სამი ჯგუფი: ერთნი, ვინც მიდიან ევროკავშირისკენ და ეს ასახეს კიდევაც თავის კონსტიტუციაში, მეორენი – ვინც მართლა გულწრფელად უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლება ამას არასწორად აკეთებს და არის კიდევ მესამე, რომელზეც გათლილია მათი რეზოლუცია. ეს მესამე ჯგუფი ცდილობს, რომ რევოლუციური პროცესი განავითაროს და არ აინტერესებს ეს გამჭვირვალობის კანონისგან იქნება გამომდინარე თუ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებთან დაკავშირებით მოდებულ შარზე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ “დღის ქრონიკაში”.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

ასევე იხილეთ