top_leaderboard

იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს, მეორე მოსმენით, მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კომიტეტის მხრიდან თეონა აქუბარდიას მიერ კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეთავაზებული ალტერნატიული წინადადება უარყოფილი იქნა.

დღევანდელი განხილვისას როგორც საკითხზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა.

„ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტებში გვაქვს ასეთი რედაქცია – მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული (ეს სიტყვა ჩაემატა) შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. ამ სიტყვამ ამოშალა ის ნაწილი, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ, მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისად, აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი. ანუ, სიტყვა „არაკომერციულმა“ ტექნიკურად შეცვალა ეს ჩანაწერი და „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტში არის მხოლოდ ეს ცვლილება. სიტყვა „არაკომერციულმა“, ის ყველაფერი, რაც იყო ჩამონათვალი, ლაკონიურად ერთ სიტყვაში ჩაატია“, – განაცხადა მომხსენებელმა, გივი მიქანაძემ.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან, პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს”. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად, საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.

 

ასევე იხილეთ