top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე საყოველთაო-სახალხო შეკრების მონაწილეებს: დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საუბრისას.

„დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა იმ 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის ძალა, რამდენად დიდია სიმართლის ძალა, რამდენად დიდია სამშობლოს სიყვარულის ძალა, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა, რამდენად შეგვიძლია ქართველებს, ამით ვიამაყოთ.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეკრება თავად მოქალაქეებმა მოითხოვეს.

„მათვე მოითხოვეს და უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი დამდგარიყო გადაჭედილ რუსთაველზე და ეთქვა ერთხელ და სამუდამოდ, რომ დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, დიახ, ჩვენ გვინდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ჩვენ გვინდა, გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს და არ მოქმედებდეს არავინ არასდროს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, სხვა ფონდების და სხვა ძალების შესაბამისად. არამედ პირველი ინტერესი უნდა იყოს ქართული ინტერესი, რომელიც უნდა მოვიდეს შესატყვისობაში, შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მამუკა მდინარაძემ ასევე, გამოსვლისას ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.

„ქართულ ჯარს მივულოცავ დღევანდელ დღეს დიდი პატივისცემით, ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს და მათ მაგალითებზე, პატრიოტიზმზე უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები, ამ მოსაზრებას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ