leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუგზარ ფოფხაძე: ნუგზარ რუხაძე – მეგობარი, რომლითაც ვამაყობ!

ნუგზარ რუხაძე – 82

***

შვიდი წლის წინანდელი პუბლიკაციაა.

ახლის დაწერას გამეორება ვამჯობინე. ჩემი  დამოკიდებულება ამ არაორდინარული პიროვნებისადმი – მუდმივ მოცემულობად რჩება და წლების სიმრავლე მის ძირითად ღერძსა და საძირკველს მხოლოდ ამაგრებს, ადუღაბებს.

ვულოცავ ჩემს საუკუნოვან მეგობარს 82-იანთა კლუბში შესვლას.

აი, ეს პუბლიკაცია.

***

„ცნობილ ქართველ ჟურნალისტს და ამერიკანისტს ნუგზარ რუხაძეს მალე 75 წელი შეუსრულდება.

მეგობრებმა გადაწყვიტეს ამ იუბილეს აღსანიშნავად „პატარა“ კრებულის გამოცემა. მეც მთხოვეს დამეწერა „რაღაც“…

ჰოდა, დავწერე კიდეც. მაგრამ, ჩვენი „არეული“ დროის „მწარე“” გამოცდილების გადამკიდე, არ ვიცი დროულად გამოვა თუ არა ეს „წიგნუკა“. ამიტომ, ჩემს გვერდზე ვაქვეყნებ და…

აწი, აღარ „მედარდება“, სათქმელს მასაც გავაგებინებ, მის და ჩემს მეგობრებს და, შესაძლოა, ვინმეს საღერღელიც ავუშალო და, ეგებ, შეემატოს კიდეც იმ კრებულს ვინმე კაი კაცის ახალი მოგონება.

ინებეთ:

„მეგობარი, რომლითაც ვამაყობ!

****

დიდი ხანია, ვიცნობ, 50 (ახლა უკვე 58)  წელზე მეტია გასული, პირველად ერთმანეთს ხელი რომ ჩამოვართვით…

კარგად ვიცნობ…

საქმით, თანამშრომლობით და, როგორც ახალგაზრდობაში ვიტყოდით, ბიჭობით…

და მაქვს განცდა, რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო – ჯერ სახელი, მერე, მეგობრები, ერთად გაკეთებული საქმეები, უამრავი მოსაგონარი, ოღონდ, ვერ მოვაწარით ამ საერთოთი მაგრად ტკბობა ბოლო წლებამდე,  რამეთუ, ცხოვრება ისე წარიმართა, რომ  ნუგზარ რუხაძემ ის საუკეთესო წლები შორს გაატარა, უცხოეთში, ძირითადად,  შტატებში… თუმცა ყოველთვის მეგულებოდა სადღაც შორიახლოს, მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ერთობ გაადვილეს კავშირები და ამ შესაძლებლობას ორივენი კარგადაც ვიყენებდით.

ახლაც,  ამ წერილის დაწერის გულწრფელ და ბუნებრივი სურვილს იმის შეგნებაც ემატება, რომ რამდენჯერმე ამერიკაშიც ჩავაკითხე და საკმაოდ ჩახედული ვარ მის პროფესიულ საქმიანობაში, რომლის შედეგადაც კოლეგებიც კი გავხდით…

ვიდრე მის ჟურნალისტურ ცხოვრებაზე ვიტყოდე რამეს, მანამდე უნდა ვთქვა, რომ ბუნებამ (გენეტიკამ) დააჯილდოვა განსაკუთრებული შრომისმოყვარეობის ნიჭით.

ამით იმიტომ ვიწყებ, რომ არა მისი ეს განსაკუთრებული თვისება, დაუზოგავი, განუზომელი, დაუღალავი შრომის უნარი, ის ვერ მიაღწევდა უცხო ენის ისეთ დაუფლებას, რომელმაც მისი შეგირდობის მსურველთა რიგი დააყენა. ჩემს თაობაში იცოდნენ, რომ გელა ჩარკვიანთან, მაია დოქსოპულოსთან და კიდევ ერთ-ორ გამონაკლისთან ერთად, იგი შედიოდა იმ სუპერ-ხუთეულში, რომელთანაც სასწავლებლად მოხვედრა არა მარტო პრესტიჟული, არამედ მხოლოდ დიდი „პროტექციით“ იყო შესაძლებელი. შედეგებიც შესამჩნევი აქვს ნუგზარ-მასწავლებელს. მართალია გელა ჩარკვიანივით პრეზიდენტი ვერ „გაზარდა“, მაგრამ… კაცები არაერთი და ორი.

ცხადია, ჩემი მეგობარი ნიჭიერიცაა და გონიერიც.

პიროვნება კი მართლაც ღირსეული – წესიერი, პირდაპირი, გულწრფელი, მოყვარული და უეშმაკო. თანაც, როგორც ჟარგონულად იტყვიან ხოლმე, კაცია კაცური!

მე მაინც ყოველთვის მეგონა, რომ იმდროინდელი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთერთ გამორჩეულ მუშაკს, იმ გზაზე სვლა რომ გაეგრძელებინა, ალბათ, უფრო დიდი კვალის გავლებას შესძლებდა როგორც პოლიტიკოსი. ამას გულწრფელად და დაბეჯითებით ვამბობ, რამეთუ ერთად ვიყავით ამ ქვეყნის სამსახურში, სადაც ბევრმა ჩვენმა მეგობარმა და თანატოლმა თავი კარგად გამოიჩინა და ქვეყნის მართვის მწვერვალებს მიაღწია. არ მოინდომა, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებები ქონდა და გამორჩეულიც იყო ინტელექტითა და პოლიგლოტობით. სხვა გზა აირჩია და უკან მოხედვაც არ ეთაკილება.

მის მიერ არჩეულ სხვა ასპარეზზე – ალბათ გაცილებით უფრო შემოქმედებით, სახალისოსა და საინტერესოზე კი გამოიჩინა თავი ისე, როგორც ბევრ მის ადრინდელ კოლეგასა და მეგობარს „დაუყენა თვალი“ – გარემოებათა და დროთა ცვლილების ჟამს ჟურნალისტად იქცა და, თანაც სად? ამერიკის შეერთებულ შტატებში!

თქვენ წარმოიდგინეთ, მშვენივრადაც გამოუვიდა ეს არცთუ ძალიან მარტივი და, მისთვის შედარებით ახალი (უცხო) საქმე. ცხადია, ინგლისური ენის ბრწყინვალე ცოდნამაც გასჭრა, ყველაფერ დანარჩენთან, უწინარესად კი, ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობასთან ერთად.

და ყველაფერი ეს დაიწყო იმით, რომ ის ამერიკასა და საქართველოს შორის ტელე-ჟურნალისტების გაცვლითი პროგრამის მონაწილე გახდა ამერიკული მხარის თხოვნით და საბჭოთა საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის თანხმობით. იმ პროგრამის შესაბამისად, აქ, საქართველოში ამერიკელი ჟურნალისტი ჩამოვიდა, რომელიც საქართველოზე მის მიერ შექმნილ ტელე-სიუჟეტებში ქართულ აუდიტორიას მოუთხრობდა იმას, თუ რას ფიქრობდა საქართველოზე, და ჩვენი ახლა უკვე გაჟურნალისტებულ-გაამერიკებული ნუგზარი იმავეს აკეთებდა შტატებში – ამერიკული ცხოვრების ამსახველ  სიუჟეტებში იქაურებს უზიარებდა  ქართველი კაცის თვალით დანახულს და განცდილს.

მისი ამერიკული „ჩანახატები“  საქართველოშიც გადიოდა ხოლმე და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ნამდვილი მოვლენა იმდროინდელი რეალობისთვის: საბჭოეთის ბოლო წლებში ქართულ ტელეეკრანზე გამოჩნდა კაცი, რომელიც ამერიკას  კი არ აგინებდა („რეიგანს, ეტყობა, დაავიწყდა ძველი ქართული ანდაზაო-„რაც მოგივა დავითაო…“), არამედ  გულწრფელად ელაპარაკებოდა იმ პოზიტივზე, რასაც „იმპერიალიზმის ბუნაგში“ ხედავდა.

ნუგზარ რუხაძის მაშინდელი, ნამდვილად ახლებური და ძალიან განსხვავებული ჟურნალისტური წარმატების საკუთარი თვალით მხილველი  თავად ვარ.

ეს ის პერიოდია, რომ მე, მოსკოვის „ტვ-6“-ს ერთერთ თავკაცს, როგორც პარტნიორს, ინტენსიური და უშუალო ურთიერთობა მქონდა „სი-ენ-ენ“-ის მესვეურებთან, და უშუალო მოწმე ვარ, რა სითბოთი და ახლობლურად ურთიერთობდნენ გამორჩეული ამერიკელები ქართველ ჟურნალისტს; როგორ მიმართავდნენ მას  ტედ ტერნერი და ჯეინ ფონდა ამერიკაში გავრცელებული მისი მოსაფერებელი სახელით „ნუგ“…

არასოდეს მითქვამს და ახლა პირველად ვიტყვი: „სი ენ-ენ“-ის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავდა ამ ტელეკომპანიის წამყვანად რუხაძის კანდიდატურას, მაგრამ… დიდმა პოლიტიკამ შეგვიშალა მაშინ ხელი – ნამეტნავად „პატარა“  გახლდათ საქართველო მაშინდელ გეოპოლიტიკურ თამაშებში და პოსტსაბჭოთა სივრციდან თუ არჩევანი გაკეთდებოდა, მას აუცილებლად გვარი და „სიფათი“ რუსული უნდა ჰქონოდა. და ეს ასეც მოხდა.

ღიმილით და ხუმრობით უნდა ვაღიარო, რომ ოდნავ მე ვუშლიდი ხელს ჩემს სეხნიას, რამეთუ ატლანტაში მორიგი ვიზიტის დროს ეს მოფერება მერე უკვე ჩემზეც გადანაწილდებოდა.

იქ ჩასული ქართველები თვალს არ უჯერებდნენ, ნუგზარ რუხაძის გიგანტური პორტრეტები რომ გადმოსცქეროდა მათ ყოველ ნაბიჯზე გამოფენილი ბილბორდებიდან და მეტროს ვაგონებში გაკრული სურათებიდან, რომლებზეც ეწერა „he is back“ („ის დაბრუნდა“). დაბეჭდილი იყო მისი ოფიციალური საავტოგრაფო ფოტოების ათასობით ეგზემპლიარი.  ქუჩაში მისი გაჩერება მასთან ერთად ფოტოსურათის გადასაღებად ჩვეულებრივი ამბავი იყო. იმის მოწმეც ვარ, თუ ბეისბოლის მატჩებისას გულშემატკივართა  როგორი რიგი იდგა სათამაშო ბურთებზე ნუგზარის ავტოგრაფების მისაღებად.  ელიტარულ გოლფ-კლუბში იგი სასურველი სტუმარი გახლდათ და, როგორც არაერთ ჩემს ნაცნობ ამერიკელს უთქვამს,  მასთან მეგობრობა საამაყოდ მიაჩნდათ.

საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ მისი „ნაკვესები“ თითქმის ყოველდღე იბეჭდებოდა ადგილობრივ გაზეთებში და მისი საჯარო გამოსვლები ადრიანად იგეგმებოდა. თავად ჯორჯ შულცმა, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა სტანფორდის უნივერსიტეტში მიიწვია სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე სიტყვით გამოსასვლელად.

ნუგზარის ფოტოს ტელეპროგრამების ყდაზე ნახავდით ხოლმე დაბეჭდილს, ჟურნალმა „Atlanta“-მ მედიის ყველაზე გამორჩეული პერსონის ტიტული მიანიჭა 1990 წელს.

რას აკეთებდა ასეთსო, იკითხავს მავანი. თითქოს დიდს არაფერს – ბოლოს და ბოლოს ინგლისურს ფლობდა როგორც მშობლიურს და ერთადერთ ამერიკულ ტელევიზიაში მუშაობდა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში კორესპონდენტად და წამყვანად, მოუთხრობდა რა ამერიკელებს მათივე ცხოვრების ამბებს, დანახულს სსრკ-დან ჩასული ჟურნალისტის” თვალით, მაგრამ ამას აკეთებდა ისეთი სითბოთი და გულწრფელობით, ისე ხალხურად და ისეთი სიყვარულით, რომ ამერიკელები პირდაპირ დნებოდნენ მისი ყურებით. აკი წერდნენ კიდევაც ნუგზარზე ძალიან ბევრს. მისი არქივი გამოტენილია მსხვილ ამერიკულ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალებით, ქართულზე რომ არაფერი ვთქვათ.

ნუგზარ რუხაძის წარმატების გვირგვინი მაინც სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის ემის პრიზი იყო და ნომინაცია ეროვნული ემისთვის. საქართველოში ეს ბევრს არც გაუგია და არც ახლა იციან. რატომღაც ასე მოხდა ეს.

ცხადია, საქართველოში მას იცნობენ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მისი ნიჭი, გამოცდილება და განათლება ჯეროვნად იყოს გამოყენებული ჩვენს ქვეყანაში – მის განათლების სისტემაში, მის ჟურნალისტურ სივრცეში, მის დიპლომატიურ სარბიელზე, ხანდახან გულისწყვეტით გავიფიქრებ ხოლმე, რომ, ალბათ, დაგვიანდა უკვე, თუმც, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა მისი უკეთ გამოყენება. მით უმეტეს, როცა იშვიათად ნახავ ასეთ მრავალმხრივ განვითარებულ და მრავალგზის მოქმედ კაცს. მოიკითხეთ მისი თარგმანები მხატვრულ ლიტერატურაში, მისი მონოგრაფიები განათლების სფეროში, მისი ფუნდამენტური სტატიები ჟურნალისტიკაში და თავად მიხვდებით ვისთან და რასთან გაქვთ საქმე სინამდვილეში.

ისე, საინტერესო და გასახარი ის არის, რომ.  წლები კი არ მოემატა, არამედ მოაკლდა და ჟურნალისტური ენერგიაც თითქოს გაუათკეცდა.  მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა -განათლებაშიც ჟურნალისიკაში მაინც ამბობს ნაყოფიერ სიტყვას. მან, როგორც მოქმედმა ქართულ- და ინგლისურენოვანმა ჟურნალისტმა ბოლო 10 წლის განმავლობაში 700-მდე სტატია გამოაქვეყნა აქტუალურ თემებზე. დღეს ის ინტენსიურად თანამშრომლობს ინგლისურენოვან ყოველკვირეულ გაზეთში „Georgia today“. როგორც ენის მცოდნე სპეციალისტები მეუბნებიან, მისი ლინგვისტური სიღრმე გულწრფელად აკვირვებს მათ, ვისაც მისი ნაწერის შეფასება შეუძლიათ. ბევრი ახალგაზრდა სწავლობს მის პუბლიკაციებზე.

ძმასავით მიყვარს და  სიამოვნებით ვიგონებ იმ დროსაც, როცა ერთად ვდგამდით პირველ ნაბიჯებს საზოგადოებრივ ასპარეზზე, ვჯახირობდით წესიერი პროფესიული კარიერის გამოსაჭედად, ერთ სამუშაო ოთახში მსხდომნი ვოცნებობდით და ვაწყობდით მომავლის გეგმებს.

ვულოცავ მას მოახლოვებულ 75-ს,  ვამაყობ მისით და მიხარია, რომ ჩვენმა მეგობრობამ გაუძლო ნახევარ საუკუნეს და ვიმედოვნებ,  კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი ერთად, მეგობრების, კოლეგების, უამრავი აღზრდილ-დაკვალიანებულის და ერთიმეორეს გვერდში დგომით.

ასევე იხილეთ