top_leaderboard
left_sabechdi

სი ძინპინი: ევროკავშირსა და ჩინეთს უფრო ახლო კავშირები უნდა ჰქონდეთ

სი ძინპინის განცხადებით, ევროკავშირსა და ჩინეთს უფრო ახლო კავშირები უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა პარიზში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

სი ძინპინის თქმით, „ორმა მნიშვნელოვანმა ძალამ მსოფლიოში უნდა მისდიოს პარტნიორობის პოზიციას, უნდა მისდიოს დიალოგსა და თანამშრომლობას“.

ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მხარეებმა უნდა განახორციელოს სტრატეგიული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს „სტაბილურ და ჯანსაღ განვითარებას, წვლილი შეიტანოს მსოფლიოში მშვიდობასა და განვითარებაში“.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა ყველა აქტორისთვის თანაბარი პირობები უნდა უზრუნველყონ. მისივე თქმით, საერთაშორისო სიტუაცია ევროკავშირისა და ჩინეთის დიალოგს უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს. მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილება უკრაინის საკითხი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

მაკრონის თქმით, გადამწყვეტია, რომ ამ საკითხებზე ჩინეთსა და ევროკავშირს შორის კოორდინაცია არსებობდეს.

ჩინეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„ევროკავშირს და ჩინეთს სურთ კარგი ურთიერთობები, და თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის გლობალურ წონას, ჩვენი თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ურთიერთპატივისცემის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან იყოს აცილებული გაუგებრობა და ვიპოვოთ გამოსავალი გლობალური გამოწვევებისთვის. ევროკავშირსა და ჩინეთს აქვთ საერთო ინტერესი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ შემართულები ვართ, რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.

„ჩვენი დღიური სავაჭრო ბრუნვა არის 2,3 მილიარდი ევრო, მაგრამ ამ ურთიერთობებში არსებობს გამოწვევები. მაგალითად სახელმწიფოს მიერ გამოწვეული გადაჭარბებული სიმძლავრე, უთანასწორო წვდომა ბაზარზე და გადაჭარბებული დამოკიდებულება. ამ საკითხებს დღეს განვიხილავთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს ჩინეთის მთავრობის მიერ ზოგიერთ სფეროში განხორციელებული სახელმწიფო სუბსიდიები, რაც ბრიუსელის განცხადებით, არათანაბარ პირობებს ქმნის და ევროკავშირის ბაზარს უქმნის საფრთხეს.

ასევე იხილეთ