ისედაც ურეიტინგო ნაც-ენჯეო აგენტურა გასული წლის მარტის შემდეგ საბოლოოდ გაკოტრდა. გამჭვირვალობის კანონის ინიცირებაც კი საკმარისი აღმოჩნდა მათ გასაქრობად პოლიტიკური ველიდან. „უფროს ძმებს“ ბევრი არ უფიქრიათ და მოშიშვლებული არეალი მეგრანტე „ექსპერტების“ გაფართოებული რაზმებით შეავსეს.
ეტყობა, ხარისხიანი არჩევანი არც ამ ფლანგზეა. ყალბი ანალიზების კეთებაც თავისებურ ნიჭს მოითხოვს – დემაგოგიის ნიჭს. ჩვენში ამ საქმით დაკავებულებიდან, ერთს ვერ ნახავ, უკვე მეორე აბზაცში ღრმა ორმოში ან ტლაპოში რომ არ ამოყოს თავი. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ შესვლამ საქართველოელ „ექსპერტთა“ ამქარში ბეტონის კედელში შუბლით ლურსმნის ჩაჭედების ახალი შეჯიბრის ორგანიზებას ჩაუყარა საფუძველი. სანდრო თვალჭრელიძეზე უკვე მოგახსენეთ, ვახტანგ ძაბირაძეზეც. ამ დღეებში, მათ გარდა, „პენალტის დარტყმის“ კიდევ რამდენიმე მსურველს გამოუყვია თურმე ფეხი მეგრანტეს ჯავშნიდან.
ახალი ორიენტირი ოქტომბრის არჩევნები და მისი შედეგების არცნობისთვის მზადებაა. ფაქტების აღქმებით გადაფარვის დამკვეთი აუდიტორია, ნაც-სექტა, კატასტროფულ კლებას განიცდის და უნდა ვივარაუდოთ, რომ მუშაობა ისევ „მოცულობის დაჭერაზე“ მიმდინარეობს. გეგმა, კოდური სახელწოდებით, „იმედის ნაპერწკალი“, გაღვივებას ვერ ახერხებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მრავალგზის განმეორებადი ტყუილი აღარ ჭრის.
კიდევ ერთ მარგალიტს გაგაცნობთ კიდევ ერთი „აზრის გიგანტის“ ნაცოდვილარიდან და მკითხველმა თვითონ განსაჯოს, დამკვეთი რაში ყრის მილიონობით დოლარსა და ევროს:
„ბოლო არჩევნებში „ოცნებას“ ყოველთვის უჭირდა პირველი ტურის მოგება და უმთავრესად მეორე ტურში ახერხებდა ფინანსების, ასევე ადმინისტრაციული და სხვა რესურსის მობილიზებას“ – ფაქტების გაყალბება გამიგია, ფაქტების აღქმებით გადაფარვა გამიგია, მაგრამ ციფრების უარყოფა, თუ უკუღმა წაკითხვა – სიახლეა, „ნოუ-ჰაუა“(!). არ იფიქროთ, ვინმე „უბრალო მოკვდავთან“ გვქონდეს საქმე – „დასკვნის“ „შემოქმედი“, არც მეტი, არც ნაკლები, „პროფესორი“ კორნელი კაკაჩიაა.
პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ძირშივე გაუგებარია, როდესაც მომავალი (პროპორციული სისტემით ჩასატარებელი) საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების „ანალიზი“ განგიზრახავს, მეორე ტური რა შუაშია. მაგრამ საპნის ბუშტი ხომ უნდა გაბეროს? ავტორის „ლოგიკა“ იმ „პრინციპზეა“ აგებული, ბავშვობაში რომ ვიტყოდით ხოლმე – „შოკოლადი ტკბილია, მაგრამ თვითმფრინავი უფრო სწრაფად დაფრინავს“(!).
მეგრანტეს „ნააზრევის“ აბსურდულობაში დასარწმუნებლად, „ბოლო არჩევნების“ ციფრებს გადავხედოთ – 2020 წელი – 48%; 2021 წელი – 47%… ჩვენი „კრიტიკოსი“ ისეთი შეუვალი ვინმე ჩანს, იტყვის, „უი, უი, 2018-ის არჩევნები მეგონა ბოლოო…“ იაკობ გოგებაშვილობაზე პრეტენზია არასდროს მქონია, მაგრამ ჩემი ოჯახის მეგრული ფრთის ხათრით, უცხოურ ინკუბატორში გამოჩეკილ „ანალიტიკოსს“ ერთ აქსიომურ ჭეშმარიტებას შევახსენებდი – სახელმწიფო მნიშვნელობის თემებზე საუბრისას, როყიოდ გასროლილ ყველა სიტყვას ბუმერანგის ეფექტი აქვს და ადრე თუ გვიან, ტკივილის მომტანი იქნება ძარღვგაწყვეტილი შუბლისთვისაც კი.
ყველანაირი სპეკულაციები რომ გადავაზღვიოთ, „უი, უი“-ზეც მოგახსენებთ ერთ-ორ სიტყვას: მთელმა საქართველომ იცის, რომ 2018-ში კანდიდატმა ზურაბიშვილმა გადაწყვიტა კამპანია საკუთარი „გემოვნებით“ ეწარმოებინა და „ოცნების“ შტაბი, ფაქტობრივად, გვერდზე გასწია. მეორე ტურში უკვე „ოცნების“ შტაბმა გასწია გვერდზე პირველი ტურის ანტიგმირი და რაც იყო და როგორც იყო, შთამბეჭდავი შედეგის სახით დაფიქსირდა „ტაბლოზე“. აღნიშნულიდან გამომდინარე, „პროფესორის“ „დასკვნა“ ამ შემთხვევისთვისაც ვერ იქნება ობიექტური.
ჩვენი მეგრანტე აუცილებლად ხავსზე ჩაჭიდებას შეეცდება, „ინდივიდუალურ არჩევნებში ხომ იყო მეორე ტურებიო…“ მაგრამ აქაც არცოდნასთან გვაქვს საქმე, ან განზრახ იბრიყვებს თავს. ჩვენო განათლებაზე შემომწყრალო, როცა არჩევნები ტარდება 50%-იანი ბარიერით, მეორე კლასის არითმეტიკის ცოდნა სრულიად საკმარისია იმის მისახვედრად, რომ 47-48%-იანი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი ოლქების ნაწილში პირველ ტურშივე მოიგებს, ნაწილში – მეორეში(!).
არჩევნებს ვერც მოყოლით ისწავლი და ვერც წაკითხვით. თუ რამდენჯერმე არ ყოფილხარ პროცესის მონაწილე, თანაც მაღალი პასუხისმგებლობით, „მსჯელობაში“ ყოველთვის გაიჭედები. დამკვეთის პოზიცია გასაგებია – იხმარე და გადააგდე… მაგრამ… არ ვიცი, რა ჰქვია და რა იწვევს ასეთ თვითმწვალებლობას, ნუთუ მხოლოდ ის, რომ კუჭი თავისას ითხოვს?..
ისტორია მკარნახობს, რომ აქ ჩაღრმავება არ ღირს. საღი აზრის ლოგიკა შინაარსს მთლიანად კარგავს, როცა მავანი სულის გაყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგალითებისთვის შორს წასვლა არ გვიწევს, გასული საუკუნის 30-იანი წლების გახსენებაც კმარა. როცა ამბიცია გაწუხებს და წინსვლის პრობლემა გაქვს იმის გამო, რომ სხვა შენზე გონიერი, შენზე განათლებული, ან სხვა ნიშნით შენზე გამორჩეულია, კრემლს უნდა აჩვენო ერთგულება, გინდა მოსკოვის და გინდა ვაშინგტონის და გიჩნდება შანსი, იმ სხვაზე წინ აღმოჩნდე. აღნიშნულ გზაზე წარმატების მისაღწევად მხოლოდ ერთი თვისებაა საჭირო – შენი თავი ქვეყანაზე მეტად უნდა გიყვარდეს. უსამშობლობაც აქედან მოდის.
ბიძინა დვალი
12.01.2024 წ.