ცხრანახევარ საუკუნეს გადასცილდა მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმული, უდიდესი ქართველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, „მესიის მახვილად“ აღიარებული საქართველოს დიდი მეფეთ-მეფის, წმიდა დავით IV აღმაშენებლის (1073-1125 წწ.) ასაკი.
დავით აღმაშენებლის ეპოქა (XI საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან მოკიდებული XII საუკუნის პირველი მეოთხედის ჩათვლით) არის პერიოდი, როცა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება დასრულდა, ქვეყანა გამთლიანდა და უდიდეს წარმატებებს მიაღწია. ეს ჭეშმარიტად „ოქროს ხანაა“. საქართველოს სახელმწიფო გაფართოვდა – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. დავით IV აღმაშენებლის მიერ გატარებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული საეკლესიო, სამხედრო, სასამართლო და სხვა ღონისძიებების (რეფორმების) შედეგად საქართველო დაწინაურდა და ახალო აღმოსავლეთის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
დავით აღმაშენებლის ტიტულატურა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“ რეალურად ასახავს საქართველოს იმდროინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას. დიდმა გარდაქმნებმა ააღორძინა ქვეყანა. მეტად მნიშვნელოვანი იყო მაღალი განათლების მქონე მეფის მიერ გელათის აკადემიის (უნივერსიტეტის) დაფუძნება (1106 წ.), აკადემიისა, რომელიც „ახალ იერუსალიმად და სხვა ათინად“ (რწმენისა და განათლების) ცენტრად მოევლინა ქვეყანას.
დავით აღმაშენებლის საგარეო ორიენტაცია გამოკვეთილად ევროპული იყო. ამაზე ნათლად მეტყველებს მისი დამოკიდებულება ევროპასთან, განსაკუთრებული სიახლოვე ჯვაროსნულ სამეფოებთან. ქართველი მეფე ჭეშმარიტად აფასებდა ევროპის ქვეყნებში არსებულ ვითარებას და რეალურად ითვალისწინებდა მას.
დიდმნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა დავით აღმაშენებელმა ქვეყნის ცენტრალიზაციისა და გაძლიერებისათვის. 1110 წელს აიღო და შემოიერთა სამშვილდე, 1115 წელს – რუსთავი, 1117 წელს – გიში, 1118 წელს – ლორე. 1118-1119 წლებში ჩამოასახლა ყივჩაყები და ლაშქარი გაზარდა და გააძლიერა; 1121 წლის 12 აგვისტოს გადაიხადა დიდგორის ბრძოლა და დაამარცხა მუსლიმთა ძლიერი კოალიციური ლაშქარი („ძლევაჲ საკვირველი“), 1122 წელს სამეფოს შემოუერთა ძველი დედაქალაქი თბილისი „ოთხას წელს ქონებული სპარსთა და დაუმკვიდრა შვილთა თჳისთა საჭურჭლედ და სახელად თჳისად საუკუნედ“.
მეფის აქტიური მცდელობით სამხრეთ კავკასიის მიწები, საერთაშორისო სავაჭრო გზები და ქალაქები საქართველოს საზღვრებში მოექცა. დავითის რელიგიური პოლიტიკა რჯულთშემწყნარებლური (ტოლერანტული) იყო, რაც იმ პერიოდისათვის გამორჩეულ, შეიძლება უჩვეულო, მოვლენად ითვლებოდა. ქართველმა მეფემ გაათავისუფლა შირვანი (1123 წ.) და ანისი (1124 წ.). მისმა გონიერმა მოქმედებამ „დაამშვიდა ქვეყანა… განავსო და აღაშენა ყოველივე ოხერქმნილი“.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა მეფის კალამს ეკუთვნის უაღრესად მაღალი დონის ორიგინალური ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“, რომელიც შუა საუკუნეების კულტურული, ესთეტიკური იდეოლოგიური მრწამსის, ამასთან ქრისტიანული საკაცობრიო სევდის გამომხატველი ძეგლია.
დიდ საქმეთა შემოქმედი ქართველი მეფე თანამედროვეებმა და შთამომავლობამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ ღირსახსოვარი თარიღი 26 იანვარი (8 თებერვალი) დაწესდა.
ვულოცავ ქართველ საზოგადოებას დიდი ქართველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, „მესიის მახვილის“, მეფეთ-მეფე დავით IV აღმაშენებელის დღეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ თარიღს ქართველი საზოგადოება, ჩვენი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, ხელისუფლება ღირსეულად აღნიშნავენ.
დიდ ქართველი მამულიშვილის დავით აღმაშენებლის ხსოვნა მარადიულია ქართველი ხალხისათვის.
როინ მეტრეველი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი,
აკადემიკოსი