„ჰა, არ არის ერთი – ერთში?
რა გამახსენდა ახლა და რაზე გამახსენდა.
სიუჟეტი ვნახე ერთი ჰიჩკოკი ტელევიზიის აქ და…
17 წლის ვარ და მეგობრის დედამ, ციური დეიდამ წაგვიყვანა სამი გოგო რაჭაში; ერთი თავისი შვილი – თიკა და ორიც ჩვენ, მე და ქეთი;
მთელი ორი თვე ვყავდით იქ, აი, მართლა უტკბილესად რო მახსენდება ის დღეები… რაჭა.
არ მოვყვები აქ ახლა მთელ ჩვენს იქაურ ამბებს, ეგ სხვა დროისთვის იყოს და…
ერთხელაც მორიგ ჯერზე წავედით ჩანჩქერზეე …
ჩვენ, სამი ბატი და გიდი გვყავდა იქაური ბიჭი, სახელად ბესო.
ეს ბესო იყო, აი, უკეთილშობილესი, ლამაზი, ვაჟკაცური, ჩუმი, წყნარი… მოკლედ, გადასარევი ვინმე და თან ჩვენზე დიდი. მთელი სოფლის იმედი და საყრდენი! იქაური მოხუცების პატრონი და თავად სრულიად ობოლი, არავინ გააჩნდა მეზობლების მეტი;
წესიერი, პატიოსანი, რაღაცნაირი.
და ციური დეიდაც თვალდახუჭული ანდობდა ჩვენს თავს ამ ბიჭს, დაბადებიდან იცნობდა და იცოდა – მასთან არანაირი საფრთხე არ გვემუქრებოდა (თან იმ დროში, რაის საფრთხე).
და მოკლედ, გადმოვიდა დილას ეს ბესო ჩვენს ეზოში, იქვე ვისაუზმეთ, ციურიმ ჩაგვილაგა ხაჭაპურები, მერე ბესოს დაუტყაპუნა ხელი ბეჭზე და – აბა, თქვენ იცით, ნუ დააღამებთ ახლა იქო… წავედით.
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, უცებ მოვჭრი:
მოკლედ, უკანა გზაზე დავიკარგე ტყეში სადღაც…
მე ბილიკით წინ მივდიოდი, დანარჩენები უკან მომყვებოდნენ და ერთ ადგილას გადავუხვიე, მაშინ ჰერბარიუმისთვის ყვავილებს ვაგროვებდი (ყვავილი და ჭირი მე!)
და რომ მიმოვიხედე, წითელქუდასავით მარტო ვარ უღრან ტყეში!
სადღაც, ალბათ, ნახევარი საათი მეძებდა ის მადლიანი ბესო, ყველა ხე და ბუჩქი ზეპირად სცოდნია იმ ტყეში და მიპოვა ბოლოს…
ოღონდ, რომ დავბრუნდით, ციური დეიდას ნერვიც კი არ ასტოკებია, ზუსტად იცოდა – ბესო აღმომაჩენდა.
ისიც ზუსტად იცოდა, რომ ორიენტაციის ნატამალი არ გამაჩნია (სხვათა შორის დღემდე)
თან მიბარებული ბავშვი, მაინც რა მურტალია, ხომ მოგეხსენებათ;
აზრობთ? რა დრო იყო?
რატომ ვწერე ახლა ეს…
ახლა გადმოვინაცვლოთ ამ საუკუნის ამ თვეში!
და წარმოვიდგინოთ ყველამ ერთად, რა მოხდებოდა, ახლა რომ ვიყო 17 წლის და დავკარგულიყავი ტყეში!
დავიწყოთ, მივყვეთ პა პარяდკუ:
თიკა ან ქეთი მობილურით მიწერდნენ ჩვენს სხვა დაქალებს, რომ მე დავიკარგე!
ხოლო ისინი თავის მხრივ დაუყოვნებლივ აცნობდნენ ამ ამბავს თავის დაქალებს, ისინი თავისებს…
რომელიღაცა დაქალის რომელიღაცა დაქალი დაწერდა სტატუსს:
„ვაიმე, ნინო დაიკარგა, ახობაძეე! ტყეში! ო მაი გად! ღმერთო, უშველე, გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ – თავს გრძნობს განადგურებულად”
ქვემოთ დაიყრებოდა კომენტარები: ძაღლი რომ ტირის, კატა რომ იცრემლება, დიდი ყვითელი თავი ლურჯი ცრემლებით…
აი, ესენი მწუხრის სმაილები რაა…
მერე ამას გადააკოპირებდა და გადააშეარებდა ყველაზე გულისხმიერი ფრენდები მათი;
კომენტარებში დაწერდა ვიღაცა „ანუკი ანუკი“, რომ „კი მარა, პატრონი არ ჰყააავს???? აუ, ტყეში რა უნდოდაა?“
მერე ამ „ანუკი ანუკის“ საქმეს გაურჩევდა ორასოცი კაცი!
დაიყრებოდა ესეთი პოსტები: “აუუუ, თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ მოძებნაში და თუ არა, საზიზღრობებს მაინც ნუღარ წერთ”!
ამასობაში ამ ინფორმაციას წაიღებდა რომელიმე ყოჩაღი და ყველაზე სწრაფი სააგენტო!
დატრიალდებოდა მათი ინფო ამ სათაურით:
„ახალგაზრდა გოგონას და მის მეგობარ ბიჭს ეძებენ ჟაშქვის ტყეში”! ან „დაიკარგა ახალგაზრდა გოგონა – რუსული კვალი?”
ნუ, ამას მყისიერად აიტაცებდნენ სხვა სააგენტოებიც და წავიდააა სათაურებიიი:
„შურისძიება თუ უბედური შემთხვევა: გოგონას გვამი ჯერ არ უპოვიათ!”
„დაგვიანებული რეაგირება ადამიანის გატაცების ფაქტზე: სად არის ამ დროს პოლიცია?”
„თბილისელი გოგონას და რაჭველი ბიჭის სიყვარულის ტრაგიკული დასასრული”
(ოღონდ ეს ყველაფერი მოხდებოდა მაშინ, როცა მე მშვიდად და ბედნიერად ვზივარ ხის ქვეშ, თავზე ყვავილებისგან დაწნული გვირგვინით და ვარჩევ ბალახებს და ყვავილებს გასახმობად!) იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი:
ბესო მიპოვის!
გავაგრძელოთ ახლა:
სააგენტოების მერე ეს ამბავი გავიდოდა ტელევიზიით:
„TV პირველი” დააანონსებოდა, რომ მათი ჟურნალისტ-გამომძიებელი მარიამი უკვე გზაშია და ცხელ ინფრომაციას უკვე შემთხვევის ადგილიდან მოგვაწვდის (რომელი შემთხვევის – მაპატიეთ?)
ამასობაში, თავისი ფეხით ამოვიდოდა რაჭაში ექსტრემალი ემა გოგოხია და გულწასულ ციურის სცემდა მიკრაფონით! ორი სიტყვის გამო;
თიკას და ქეთის ინტერვიუებს ჩამოართმევდნენ სპეციალური კორესპონდენტები;
ხოლო ობიექტური ნოდარი (მელაძე) დიდი ცისფერი ეკრანიდან მოუყვებიდა სრულიად საქართველოს, რომ კაცი, რომელიც ტყის სიახლოვეს შენიშნა ემამ, ძალიან გავს კაწროს! გამოხოხებული კაწროა!
და კალაძემ თხოვა – ნინო მოკალიო!
ალალი ელისო დაწერდა, რომ წყარომ ამბავი მიუტანა და დამტკიცებულად იცის რომ: „მე ვარ ორსულად ბესოსგან და ბესომ გადაწყვიტა რომ ტყეში უნდა გამიტყუოს და იქ მომკლას”!
მერე ქართველი ერი აუცილებლად გაიყოფოდა ორად:
პირველი ნაწილი დაწერდა რომ: მე ვარ კარგ ოჯახში გაზრდილი, წესიერი გოგო, ხუთოსანი, რომ უბრალოდ გზა ამებნა;
ხოლო მეორე ნაწილი სახეს ჩამოახევდა პირველს და დაუმტკიცებდა, რომ მე ვარ აღვირახსნილი თინეიჯერი, რომელსაც პატრონი არა მყავს და „რა ჯანდაბას ვაკეთებდი ტყეში?“
-ისტები დახოცავდნენ ერთმანეთს
ნაცები იტყოდნენ, რომ „პოლიციას სძინავს, როცა დანაშაული ხდება!”
ხოლო ქოცები დაიფიცებდნენ, რომ ღარიბაშვილი მიპოვის!
გახარია იტყოდა, რომ: არც ერთს არ ენდობა…
და აი, ამ მთელ აურზაურში მხოლოდ ჩემი ოჯახი იქნებოდა მოსასულიერებელი და ასევე
ჩემი საყვარელი ციური დეიდა.
აი, აბა ახლა მითხარით, სად და რა გადავამეტე?
მერე კიდე დადგება ჯემალი და – რუსეთუმე ხარო, მეტყვის!
კაცო, აბა, იმ ძველ დროში ესენი მოხდებოდა?
მოვიდა ბესო, დამხედა – წამო, გოგო, სახლშიო, მითხრა და წავყევი ხბოსავით…
ეზოში რო შევედით, ციურიმ, ჩქარა დაიბანეთ ხელები, გაცივდება საჭმელიო….
და ვახშმის მერე მეჟდუ პროჩემ მკითხა, სად იყავი კი მარა, რით ვეღარ ისწავლე ეგ გზაო…
აი, ასე…
კეთდება დღეს ნიუსები (ნიუსების უმრავლესობა)!
ვინც რომელი პარტიისკენაა, იქეთ იჭაჭება;
ნუ, აბა: რა ნინო, რა ბესო, რა მათე…
2021 წელი;