ილია სულამანიძე: თავადაც არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფარხმალს არ დავყრი და მთელი ცხოვრება ბრძოლას გავაგრძელებ
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს მეორე ოქროს მოპოვების შანსი ჰქონდა. ილია სულამანიძე ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელთან ვაზარით წინ იყო, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე, მიჯრით 2 შიდო მიიღო და დამარცხდა.
„ძალიან რთულია იმის გადმოცემა, რაც ახლა ჩემს თავსა და გულში ხდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა – მშობლებს, მწვრთნელებს, თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხარში მედგა.
ეს ნორმალური არ არის – თავადაც არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფარხმალს არ დავყრი და მთელი ცხოვრება ბრძოლას გავაგრძელებ. თუ ჩემი გაკეთებული გდება იპონი იყო, გაცილებით მეტად დამწყდება გული, რომ ვერცხლი ავიღე – მაგრამ ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა”, – განაცხადა ილია სულამანიძემ.
ამ მომენტიისთვის, საქართველოს 3 მედალი აქვს – ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი (90 კგ) ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და არის პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც 2 ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული.