top_leaderboard

ილია თოფურიას ალიკანტეში დიდი დახვედრა მოუწყვეს

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურიას ესპანეთის საკურორტო ქალაქ ალიკანტეში, სადაც 15 წლის ასაკიდან ცხოვრობს, გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 27 წლის ქართველ მებრძოლთან შესახვედრად, რომელმაც აშშ-ში, ორი კვირის წინ გამართულ ორთაბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქამარი დაისაკუთრა, ქალაქის მთავარ მოედანზე 8 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი.

თოფურიას ალიკანტეში გულშემატკივრები როგორც ესპანური, ისე ქართული დროშებით დახვდნენ. ამასთან, მის პატივსაცემად ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყიბილმა ბავშვებმა ქართული ცეკვაც შეასრულეს. პარტნიორთან ერთად მყოფმა ქართველმა მებრძოლმა წითელ ხალიჩაზე, ცნობილი სიმღერის “Canción del mariachi”-ს თანხლებით გაიარა, ავტოგრაფები დაარიგა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, შემდეგ კი ალიკანტეს მერიას ესტუმრა, სადაც ქალაქის ხელმძღვანელებმა მიღება გაუმართეს.

“სიტყვები ზედმეტია, თქვენ საუკეთესოები ხართ, – ასე მიმართა მოედანზე შეკრებილებს მერიის აივნიდან ქართველმა “მატადორმა”, რომელსაც ხელში ჩემპიონის ქამარი ეჭირა. – მადლობა თქვენ ყველას იმისთვის, რომ ამხელა სიყვარული მაჩუქეთ. გაუმარჯოს ალიკანტეს, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ!”.

ილია თოფურია გერმანიაშია დაბადებული, ბოლო 15 წლის განმავლობაში კი ესპანეთში ცხოვრობს. 27 წლის მებრძოლმა UFC-ში, სადაც 2020 წლიდან გამოდის, ჩატარებული 7-ივე შეხვედრა მოიგო. ახლახან ვოლკანოვსკისთან გამარჯვების წყალობით, ის პირველი ქართველი და ამავდროულად, პირველი ესპანელი მებრძოლი გახდა, ვინც ამ პრომოუშენის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ასევე იხილეთ