top_leaderboard

გია ცაგარეიშვილი: თითქმის 4-5 თვეა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩს, თვეებია უკვე, ელჩების პოზიციები ვაკანტურია – ეს არის ქვეყნის მიზანმიმართული მტრობა

“თითქმის 4-5 თვეა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩს. მე ვიცი ასეთი სამი ქვეყანა – იტალია, საბერძნეთი, სლოვენია. სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის და ნატოს წევრი, სამივე ჩვენი უახლოესი პარტნიორია. თვეებია უკვე, ელჩების პოზიციები ვაკანტურია. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი?” – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„თითქმის 4-5 თვეა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩს. მე ვიცი ასეთი სამი ქვეყანა – იტალია, საბერძნეთი, სლოვენია. სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის და ნატოს წევრი, სამივე ჩვენი უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით იტალიასა და საბერძნეთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. სალომე ზურაბიშვილი გვეუბნება, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და არ ნიშნავს ამ ქვეყნებში ელჩებს, ფაქტობრივად, უთავოდ ტოვებს საელჩოებსა და საკონსულო სამსახურებს. თქვენ იცით, რომ იტალიასა და საბერძნეთში ათობით ათასი ქართველი მუშაობს და იქიდან ეხმარება ოჯახს, უზარმაზარი ემიგრაციაა იქ. რამდენიმე ტელეხიდი თუ ჩართვა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ემიგრაციასთან. მიუხედავად ამისა, ქალი, რომელიც ამბობს, რომ ემიგრანტებს აუცილებლად ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ, და მათ აქვთ ხმის უფლება, უბრალოდ ამასაც ამახინჯებს და თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს. მეტი უპასუხისმგებლობა წარმოგიდგენიათ? ვის ებრძვის ამით საქართველოს პრეზიდენტი? თავის სამშობლოს და ხალხს არ ებრძვის? იმ ემიგრანტებს არ ებრძვის ამით, ვინც იქ ოჯახების სარჩენად არიან გადახვეწილები? თვეებია უკვე, ელჩების პოზიციები ვაკანტურია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ დღე-დღეზე ევროპულ ქვეყნებში ელჩების დანიშვნის 12 მიმართვა უნდა შევიდეს. მე ახსნას ვერ ვპოულობ. ეს არის ქვეყნის მიზანმიმართული მტრობა. ეს არის მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება. მას შეუძლია, ელჩი დანიშნოს მთავრობის წარდგინებით. იგი ამას არ აკეთებს. ვის ეჯინება? ღარიბაშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს? საპარლამენტო უმრავლესობას? ელჩს რატომ არ ნიშნავს პრეზიდენტი? კარგი, არ მოსწონს ხელისუფლება, ვიღაც ავაზაკებთან და ვიგინდარებთან ერთად ოპოზიციაში უდგას ხელისუფლებას – გავიგეთ ეს. მილიონ ორასი ათასი ადამიანი „გადაადგო“, თავისი ამომრჩევლები – ესეც როგორღაც გადავხარშეთ. ქვეყანას რას ერჩის? ელჩს რატომ არ ნიშნავს? არავინ იცის. მე ვიცნობ უამრავ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ქვეყანას ემსახურება, და არა პარტიას. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ქალი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ხომ დიდი გამოცდილება აქვს, რატომ აკეთებს ამას? იქნებ გაგვცეს პასუხი მისმა ადმინისტრაციამ ან საპარლამენტო მდივანმა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ასევე იხილეთ