23 ნოემბერია!
გილოცავთ გიორგობას!
ჩემთვის ეს დღე განსაკუთრებულია კიდევ ერთი მიზეზის გამო:
23 ნოემბერი ირაკლი აბაშიძის დაბადების დღეა!
დიდი ქართველი პოეტი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული ენციკლოპედიის მესაძირკვლე, დიდი შოთა რუსთაველის „გაცოცხლების“ სამეცნიერო ექსპედიციის ინიციატორი, ორგანიზატორი და გამარჯვებული მონაწილე… მწერალთა კავშირის თავკაცი, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, საქართველოს უმაღლესი საბჭოს(პარლამენტის) თავმჯდომარე… ეს არასრული სიაა იმ „ტვირთისა“, რაც წამოკიდებული ჰქონდა ამ ბუმბერაზ კაცს. თანაც, ამ ტვირთს ატარებდა წარმატებულად და ღირსებით.
ბედნიერია ის ქვეყანა, ვისაც ასეთი შვილი ჰყავს.
ირაკლი აბაშიძე ბედნიერი იყო, რომ გახლდათ საქართველოს მსახური, მისი სისხლი და ხორცი.
“””””””””””””””””””
ირაკლი აბაშიძე:
„ღირს თუ არა ღირს?!“
**************************
ადრეც ვწერდი, რომ ბატონი ირაკლის ცხოვრება და მოღვაწეობა რთულ დროსა და რეალობაში უხდებოდა და, სწორედ იმ დროს იყო საჭირო ირაკლისეული სიბრძნე, რომლითაც კეთდებოდა დიდი საქმეები.
ეს სიბრძნე ითხოვდა პოეტი-აკადემიკოსის აქტიურ როლს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. და ამ სფეროშიც ის გახლდათ ერთობ ანგარიშგასაწევი ფიგურა.
კაცი, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ეკავა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩენილი და საპატიო პოსტები, ბუნებრივია, სერიოზული გავლენით სარგებლობდა. მით უმეტეს, ძლიერნი ამა ქვეყნისა თავადაც ილტვოდნენ მისკენ, ამაყობდნენ მასთან მეგობრობით.
ფაქტიურად რესპუბლიკის თავკაცი ვასილ მჟავანაძე, მაშინდელი პრემიერი გივი ჯავახიშვილი, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (კონსტიტუციით, ახლანდელი პრეზიდენტი) აკადემიკოსი გიორგი ძოწენიძე – ბატონ ირაკლის უახლოეს მეგობრად თვლიდნენ. ეს გარემოება პოეტს აძლევდა იმის საშუალებას, რომ არაერთი ადამიანისთვის, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, მათ შორის – თავისი კოლეგებისთვის უანგაროდ სიკეთე გაეკეთებინა. ისევე, როგორც მწერალთა კავშირისთვის, მისი სტრუქტურებისთვის…
ბუნებრივია, სასიკეთო ლეგენდაც ბევრი დადიოდა და ირაკლი აბაშიძისადმი დამოკიდებულებას საზოგადოების დიდი ნაწილი სიყვარულით, მოწიწებით და პატივისცემით გამოხატავდა.
მაგრამ, როგორც ფრანგები იტყვიან – „სე ლა ვი“ (ასეთია ცხოვრება!)
სიკეთის და საქმის მკეთებელ კაცს ჩვენში არც მოშურნე და მოქილიკე დაელევა…
ჰოდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც ირაკლი აბაშიძე გახლდათ…
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი პერიოდი ეს ცოცხალი ლეგენდა-კაცი იძულებული გახდა, საქართველოსაც კი განრიდებოდა.
და მოხდა სასწაული: ირაკლი ისეთი პატივით მიიღო საბჭოთა კავშირის მწერლურმა ოჯახმა, ისეთი თანამდებობა და რეგალიები უბოძეს, რომ… საქართველოში ბევრს, მათ შორის, უმაღლეს ელიტაში, ძილი გაუტყდა. და ერთობ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მაშინდელ ხელმძღვანელებს, რომ ირაკლი აბაშიძე ისევ თბილისს დაბრუნებოდა….
ამ პერიოდს ეკუთვნის ლექსი „სალიერები“, რომელიც ადრე ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე და, ეგებ, ურიგო არ იყოს აქაც მისი გამეორება:
„მიძღვნა ქართველ
“”””””””””””””””””” სალიერებს
“””””””‘”””””””””‘”””””
სალიერებო! ხომ ცნობილია
თქვენი ნიჭი და თქვენი ხელობა –
თქვენ დააბრალეთ მოხუც ილიას
საგურამოში გლეხის მკვლელობა.
თქვენ ჩვენს მიწაზე შხამს აცემენტებთ,
ფიქრობთ – სიმართლეს ჭორი დაჯაბნის;
თქვენ დააბრალეთ ღმერთ-კაც წერეთელს
განადგურება ვანო მაჩაბლის.
ბედი ბოროტი თქვენი ბედია,
ყოველ წყაროში ისვრით ანკესებს;
თქვენ მიგაჩნიათ თქვენს ტრაღედიად,
ქვეყნად თუ ვინმე საქმეს აკეთებს.
ყოვლის აღრევა, ყოვლის ადღვება
თქვენი საქმეა, ათას ფერებში;
თქვენი „ალერსი“ და ყურადღება
თუ მეც მომელის ამ სიბერეში, –
მაშინ მე გეტყვით, რა გზაც მივლია,
უნიჭოებო, ცარიელებო!
გეტყვით – მე მოვკალ დიდი ილია –
მეტი რა გინდათ, სალიერებო!
(მე თქვენი დედაც, სალიერებო!)“
“”””””””””””””””””‘””””””””
ალბათ, უპრიანი იქნება იმის გახსენებაც, რომ მიუხედავად ურთიერთკეთილგანწყობისა, ირაკლი აბაშიძის ავტორიტეტული ფიგურა – სამართავად ძნელი, მუდამ სიმართლის მთქმელი (და ამისთვის ყოველთვის ნახულობდა ზუსტ ფორმას და ტონს), პრინციპული, ამასთან დიდი ღირსების მატარებელი პოეტი ყველა ეპოქაში მეტ-ნაკლებად იყო პრობლემა. და ამ „პრობლემა-კაცის მოთვინიერებას“ მავანი და მავანი ზოგჯერ „აკრძალული ილეთით“ ცდილობდა. სამწუხაროდ, ამ „ილეთებს“ ზოგიერთი კოლეგა-მწერალი საკუთარი ინიციატივით იყენებდა, ზოგჯერ კი „დავალებას“ ნამეტნავად ენთუზიაზმით ასრულებდა…
ბატონი ირაკლი ასეთ „გამოხდომებს“ ფილოსოფიურად უცქერდა და ცდილობდა, კეთილშობილური განწყობით განემუხტა. ზოგჯერ სარკაზმს, ირონიას, იუმორსაც იშველიებდა.
ერთმა საკმაოდ ცნობადმა, მაგრამ ნიჭიერებით საშუალო დონის მწერალმა რომ მეტისმეტად გაუტია, ბატონმა ირაკლიმ „უსაყვედურა“: კაცო, მართლა რომ გავბრაზდე, თავი გადავდო, დრო დავკარგო და შენი ნაწერები ბოლომდე ჩავიკითხო, მერე სადღა მიდიხარო… ამ რეპლიკის შემდეგ ოპონენტი, რა თქმა უნდა, დაშოშმინდა.
… ერთ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა საკმაოდ უსიამო წერილი ირაკლი აბაშიძის შესახებ. წერილი აშკარად გამიზნულ დაკვეთად აღიქმებოდა. ქალაქი ალაპარაკდა.
…საღამო ხანს ზარია ჩემთან. „ეგებ, ყველაფერი გადადო და სასწრაფოდ მნახოო“, – ბრძანა ბატონმა ირაკლიმ.
… სახლის წინ დამხვდა. ეს დინჯი, ყოველთვის გაწონასწორებული კაცი შესამჩნევად იყო აღელვებული. გულისტკენა არ დამალა. თანაც უკვე დაზუსტებული ჰქონდა, რომ ამ უმსგავსოებაში მაშინდელი ხელმძღვანელობის ხელი ერია.
ქუჩის ლამპიონის ქვეშ ლექსი წამიკითხა და მთხოვა, ეგებ, მოახერხო რომ ეს ლექსი ხვალინდელ რესპუბლიკურ გაზეთში დაიბეჭდოსო.
მომეჩვენა, რომ ამის გაკეთება ამ ფორმით და ამ დღეს ირაკლის ავტორიტეტს არაფერს შემატებდა. მორალური ვნება კი შეეძლო მოეტანა. და არა მარტო მისთვის.
მთელი ჩემი მჭევრმეტყველება, არგუმენტები, ემოციები, ფიცი დამჭირდა, რომ დამერწმუნებია ერთი დღით ამ „საზღაურის“ გამოქვეყნების გადადების აუცილებლობაზე. ამოვისუნთქე, როცა დამთანხმდა.
მეორე დილით მისი უახლოესი მეგობრების, უკვე ამ საჩოთირო საქმეში ჩემს მოკავშირეებად დაგულებულ აკადემიკოს შოთა ძიძიგურთან და თსუ ყოფილ რექტორთან, იმ ხანად უმაღლესი განათლების მინისტრთან დავით ჩხიკვიშვილთან ერთად, „შეთქმულება“ დავგეგმეთ, რათა ირაკლის ამ ლექსის გამოქვეყნება გადაეფიქრებინა.
მანქანით მივდივართ „შეთქმულები“ და ის-ის არის, ამ თემაზე საუბარი უნდა დავიწყო და…
ბატონი ირაკლი კონვერტს მაწვდის და მეუბნება: შე „ჟულიკო“, ძალიან კარგად მესმის ეგ შენი ოინები და, აჰა, ეს შენ გქონდეს და როცა საჭიროდ ჩათვალო, მაშინ გამოაქვეყნეო…
მას შემდეგ ლამის ორმოცი წელზე მეტი გავიდა.
ამ უსიამო „ისტორიის“ არცერთი მონაწილე (ზემდგომი თუ ქვემდგომი,) და „შეთქმული“ (ჩემს გარდა) ამქვეყნად აღარ არის და შეიძლება „ტაბუ“ ავხსნა ამ ისტორიას:
ირაკლის განქიქების დავალების გამცემი და შემსრულებლები – მაშინდელი(!) ყველაზე უმაღლესი დონის პარტიული ჩინოსნები, შემდგომ დაუფარავად ნანობდნენ თავიანთ საქციელს.
ხოლო, ამ ბრიყვული დავალების უშუალო შემსრულებელმა – იმ ჟურნალის ხელმძღვანელმა და პასკვილის ავტორმა, ქუთაისში, უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან პოეტის საზეიმო შეხვედრის წინ, ირაკლის უფროსი ვაჟიშვილის ზურაბისა და ჩემი თანდასწრებით, პატიება სთხოვა ბატონ ირაკლის.
ის აშკარად წესიერი კაცი იყო და, არ მეეჭვება, რომ გულწრფელად განიცდიდა თავის შეცდომას…
ამიტომ ამ ისტორიის ბოლო აკორდიც ასაღებია და ლექსს ახლა მაინც ვაქვეყნებ.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ირაკლის შვილები – ირინა, ზურაბი და ვახტანგი – ჩემი უახლოესი მეგობრები ამ ფაქტს, რბილად რომ ვთქვა, აღტაცებით არ შეხვდებიან.
ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ეს არ არის ერთეული და გამონაკლისი შემთხვევა. არც ამ ერთი კონკრეტული ადამიანის მისამართით გაჟღერებული. არც მხოლოდ იმ დროისთვის დამახასიათებელი…
ეს კლასიკაა!!! სამწუხაროდ, თუ სრულიად საქართველოსთვის არა, მისი ერთი ნაწილისთვის მაინც, სისხლში და ხორცში გამჯდარი თვისება.
ბატონი ირაკლის პოეტური პასუხიც, ჩემი აზრით, კლასიკაა!!! თანაც, უმაღლესი დონის… და იგი, ხელნაწერის სახით (მხოლოდ ერთი სიტყვის გამოკლებით) 2015 წელს გამოვაქვეყნე პირველად!!!!
მაშინაც და ახლაც ამ პუბლიკაციას გამიზნული ხასიათი აქვს. თემა ისევ და ისევ აქტუალურია! ტელეეკრანიდან და პრესის ფურცლებიდან, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკური თავყრილობებიდან, მათ შორის პარლამენტის შიდა თუ გარე ტრიბუნა-დარბაზ-კორიდორებიდან მოდის მარა რა მოდის: ნაგავი, ნ ი ა ღ ვ ა რ ი „ტკბილსიტყვაობისა“, რომლის მსგავსი არ მახსოვს საჯარო სივრცეში, არცერთ დროს-
არავითარი სხვაობა ბაზრის სკაბრეზული „მჭევრმეტყველებიდან“. გაოცებას და განსაკუთრებულ გულისტკენას კი ყველაზე მეტად იწვევს ერთეულ მოკრეტინ-მოჩარკვიან-მოკაკაბაძეო ტიპაჟის „ინტელიგენტური“ ლექსიკის სიმდიდრე.
უმალ გახსენდება ბრძენი პოეტის წინასწარმეტყველება:
„არა, არასდროს არ მოიშლება, ჩვენში ტრიალი ქვის და ტალახის…“
და მაინც, მინდა ეს მოგონება დავამთავრო უნიკალური მოწოდებით, რომელიც გაჟღერდა ლამის 80 წლის წინათ შექმნილ ლექსში „კაპიტანი ბუხაიძე“.
მსგავსი უკვდავი, ბრძნული, კონკრეტული და პოეტურ-პოლიტიკური ანდერძი, მე რომ მკითხოთ, იშვიათობას წარმოადგენს ქართულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სინამდვილეში:
„და ვუბარებ ყველა ქართველს,
ვისი წმინდა ვალი არის,
მოკვდეს
მაგრამ მკერდით შეჰკრას,
დერბენდი და დარიალი!“
დიახ, ეს ირაკლი აბაშიძე, დიდი ქართველი პოეტი და კიდევ უფრო დიდი საზოგადო მოღვაწე! უნაღდესი მთაწმინდელი, რომელიც განისვენებს დიდუბეში.