logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მოკლედ, არ ვივარგებ პოლიტიკაში...
- +

17 ოქტომბერი. 2020. 17:14

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბოლო მოვლენებიდან, 3 განსხვავებული დენოკრატიის, 3 პრეზიდენტის ისტორია უნდა გამოვყო.

 

  1. ყირგიზეთში, ბოლო-ბოლო, რევოლუცია შედგა. პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 1 წელი პრეზიდენტობდა, ყველა დაიჭირა, დაჭერილები აუბუნტდა და გადადგა, კონსტიტუციის თანახმად სპიკერს უნდა შეესრულებინა მოვალეობები, თუმცა უარი თქვა. ისევ ციხიდან გამოშვებულ, სასწრაფოდ გაპრემიერებულს მოუწია თავის მხრებზე პრეზიდენტის ტვირთიც ეტვირთა. გახარებულმა, პირველი განკარგულებით, გადამდგარ პრეზიდენტს ხელშეუხებლობის სტატუსი მიანიჭა. აი ასე, კონსტიტუციით კი არა, პრემიერის და პრეზიდენტის ახლადციხიდანგამოსულმა მოვალეობის შემსრულებელმა.

 

დემოკრატიის აღლუმია.

 

  1. დემოკრატიის ერთი აკვნიდან მეორეში გადავინაცვლოთ. ალბათ გამოიცნობდით, ბელარუსში ვიმყოფებით. პირველად მსოფლიო ისტორიაში, ქვეყნის პრეზიდენტი ციხეში პატიმრებს, კერძოდ ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და პოლიტიკურ რეფორმებზე ესაუბრა. ამით მათი პოლიტპატიმრობა რომ დაადასტურა და ბეჭედი დაარტყა, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ ეს აბსურდის თეატრი რომ დემოკრატიად გაყიდა, - მეორე. რა ოხრად ადარდებთ პატიმრებს პოლიტიკური რეფორმები?

 

  1. ახლა მართლა დემოკრატიის აკვანში გადავინაცვლოთ. ჩვენთვის კარგად ცნობილ, ჩვენი პრეზიდენტის ლოყაზე ხელის მოთათუნე, ჩვენთვის წამგებიანი 6-პუნქტიანი გეგმის მომლაპარაკებელ ნიკოლა სარკოზის რეალური პატიმრობა ემუქრება თავისივე ნალოლიავევი ხალხის მიერ, აწ ჩაქოლილ მუამარ კადაფისგან 50 მილიონი ევროს წინასაარჩევნოდ აღების გამო.

 

რა რთული ენით ვწერ?! დემოკრატიაა, მოკლედ...

 

პუტინზე აღარ მოვყვები, მეოთხე გამოდის. თავში 3 დავაანონსე. მოკლედ, პუტინი აგრძელებს დემოკრატიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. გუშინ ამცნეს საზოგადოებას, რეფერენდის შედეგად გვეგონა 100 კანონი უნდა შეგვეცვალა, თურმე 150 კანონის ცვლილება მოგვიწევს, რათა ხალხის სურვილები სრულად გავითვალისწინოთო. ჰოდა, რას შეცვლიან, როგორ მოირგებს ამ კონსტიტუციას, ნახავენ ბოლოს. ჯერ ჭრის, მერე კერვას დაიწყებს. თუმცა, ხაბაროვსკს ვერ აწყნარებს მაინც...

 

მოკლედ, არ ვივარგებ პოლიტიკაში. სამი დაგპირდით და ოთხის შესახებ მოგიყევით.

 

პოლიტიკაზე გამახსენდა, პროგრამები და სიები არ შემიფასებია. როგორ შეიძლება ამ თემების გამოტოვება?!- წერს ამირან სალუქვაძე.

 

right_banner
არქივი
right_banner