logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე სამთავრობო პროგრამაზე: გახარიასა და მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზუსტად გათვლილი, თანმიმდევრული, მიღწევადია
- +

24 დეკემბერი. 2020. 19:06

 

 

„ყურადღებით გავეცანი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელ საინტერესო და საქმიან საპარლამენტო გამოსვლას. მიმაჩნია, რომ პროფესიონალი მენეჯერის, გიორგი გახარიასა და მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი ეს პროგრამა არის ზუსტად გათვლილი, თანმიმდევრული, მიღწევადი და საქართველოსათვის უკეთესი ცხოვრების მომტანი“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და გიორგი გახარიას გზავნილებზე ამახვილებს ყურადღებას.

 

„გახარიას დღევანდელ ძლიერ გზავნილებზე დეტალურად მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება. ერთგვარი executive summary:

 

  • გახარიამ წარმოადგინა ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო 4 წელიწადში პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და ეკონომიკური კრიზისის მაქსიმალურად სწრაფად გადალახვისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

 

  • სამთავრობო პროგრამა მოიცავს 4 საკვანძო მიმართულებას: ეკონომიკური განვითარება; საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

 

  • მომდევნო 4 წელიწადში, მთავრობის ამოცანა იქნება ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფი გამოყვანა, იმ პოზიტიური ტენდენციების დაბრუნება, რაც კრიზისამდე გვქონდა და სწრაფი ზრდის მიღწევა. ასევე, ჩვენი ეკონომიკის გარდაქმნა „შესაძლებლობების“ ეკონომიკად. ამასთან, უმთავრესი ამოცანაა საქართველოს მომზადება უმთავრესი მიზნის რეალიზებისთვის - 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად.

 

  • ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა უმნიშვნელოვანესია - სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

  • მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა გეგმავს დამატებით 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს ინვესტირებული ქვეყნის ინფრასტრუქტურაში.

 

  • მთავრობა გააგრძელებს მუშაობას დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, ინსტიტუტების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რადგან ვერანაირი რეფორმა თუ მიღწევა, ვერ იქნება ღირებული მის გარეშე. ამაზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც პანდემია, ვერც შიდა თუ გარე კრიზისები.

 

  • რეგიონში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, მოხდა რუსეთის წარმომადგენლობის გაძლიერება. საქართველოს მთავრობის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც რეგიონში გაძლიერებულ დასავლურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. პრიორიტეტი იქნება აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკურ საკითხებში (თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება).

 

  • 2019-2020 წელი იყო საუკეთესო წლები NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავების და ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით. მთავრობა უზრუნველყოფს NATO-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას ყველა ფორმატში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთქმედების გაძლიერება NATO-სთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

 

  • რასაკვირველია, ოკუპაცია რჩება საქართველოს მთავარ გამოწვევად. მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ქვეყნის უწინარესი ამოცანაა. გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ბოლო დროს საკმაოდ რთული იყო ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუმცა, ქართულმა დიპლომატიამ ამ საკითხს თავი გაართვა და დღესაც, საერთაშორისო დონეზე, ოკუპაციის თემა ძალიან მაღალ დონეზეა. განცხადებების გარდა უნდა იყოს კიდევ უფრო თვალსაჩინო და ეფექტური, კონკრეტული შედეგების მომტანი

 

  • რა თქმა უნდა, პანდემიამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ქვეყნის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შესაბამისად, მთავრობა უზრუნველყოფს ჯანდაცვის მიმართულებით დაწყებული რეფორმების ეფექტიანად გაგრძელებას. პირველ რიგში, ეს არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა.

 

  • გაგრძელდება სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმირება და გაძლიერება, რათა მან უზრუნველყოს ყველა იმ კატეგორიის მხარდაჭერა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: ასაკოვანი მოქალაქეების ღირსეული სიბერე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა; დევნილები უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებლით და ა.შ. თითოეული სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულისა თუ დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

 

  • მთავრობის მიზანია თითოეული ადამიანის პოტენციალის რეალიზებისთვის პირობების შექმნა, რათა ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი ცხოვრების ღირსეულად წარმართვა. აქ გადამწყვეტი როლი ექნება განათლებას სისტემის რეფორმას.

 

  • ყველა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია კვალიფიციური და კეთილსინდისიერი, პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო მოხელეთა საშუალო რგოლი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის გარანტიაა. ყურადღება გამახვილდება თვითმართველობების როლის მეტად გაძლიერებაზე, კომპეტენციის ზრდაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგად, უახლოეს წლებში გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. ამ კუთხით გააგრძელდება სტრუქტურული რეფორმები.

 

  • საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ პანდემია, მისგან გამოწვეული კრიზისი, ბოლოდროინდელი განვითარებები რეგიონში, ოკუპაცია, შიდა და გარე საფრთხეები - ყველაფერი ეს ქმნის გამოწვევების გარემოს, რომელშიც ჩვენს ქვეყანას უწევს განვითარება.

 

  • მიუხედავად ამისა, საქართველო ვერ გაჩერდება, ქვეყანას აქვს ყოველდღიური გამოწვევები. ესენია: უმუშევრობა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხანდაზმულებზე, სოციალურად დაუცველებზე, დევნილებზე ზრუნვა, განათლება და მრავალი სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემები დაძლევადია და საქართველო შეუქცევლად მიდის წინ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, - წერს გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner