logo_geo
eng_logo
The Telegraph: საქართველო მზად არის, მხარი დაუჭიროს თავისუფალი სამყაროს საერთო ხედვას
- +

17 ოქტომბერი. 2020. 22:58

 

 

ბრიტანული გამოცემა The Telegraph საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ძირითადი ყურადღება შავი ზღვის რეგიონის რუსეთის აგრესიისაგან დაცვაზეა გამახვილებული.

 

 

„ერთიანი დასავლური ალიანსის - მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპული ქვეყნების - მხარდაჭერით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საჭიროება დღეს უფრო არსებითია, ვიდრე ოდესმე. ამ კონტექსტში NATO-ს სასიცოცხლო როლი უკავია. ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე ბრიტანეთის როლსა და პასუხისმგებლობასაც.

 

 

საქართველო მზად არის და სურს, თავისუფალი სამყაროს ამ საერთო ხედვაში პარტნიორობა განახორციელოს. მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, ჩვენი თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის და NATO-ს ძალებთან ურთიერთთანამშრომლობის გაზრდის მიზნით, თავდაცვაზე ხარჯავს. საქართველო სარგებლობს ძალიან მნიშვნელოვანი მრავალეროვნული ტრენინგებითა და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ არის უზრუნველყოფილი.

 

 

საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის აღიარებას ჩვენს უახლოეს პარტნიორებში... შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულ წერტილში მდებარეობს, ევროპას, ევრაზიასა და შუა აღმოსავლეთს შორის. ამიტომაც, დღეს არსებულ სტრატეგიულ-სამხედრო და პოლიტიკურ ვითარებას შავი ზღვის ფართო არეალში სერიოზული შედეგები მოაქვს ევროპისა და NATO-ს ყველა ქვეყნისთვის. საქართველო არის NATO-სა და დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში: საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებამ ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნების მხარდასაჭერად, შესაძლოა ხელი შეუწყოს რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ასევე შეაჩეროს ჩვენი საერთო მტრები.

 

 

ამჟამად მოსკოვი მრავალფეროვან ჰიბრიდულ ტაქტიკას ახორციელებს შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყნის წინააღმდეგ. მიზანი მარტივია: მათი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე კონტროლის განხორციელება... ამ მიზნით, რუსეთმა გამოიყენა სამხედრო ძალა, კიბერ დომენი, ინფორმაციული ომი, იძულებითი დიპლომატია, ტერიტორიული კონფლიქტების მანიპულირება, ენერგოუსაფრთხოების დაუცველობების გამოყენება, ეკონომიკური ინსტრუმენტებით მანიპულირება და მრავალი სხვა ჰიბრიდული ტაქტიკა.

 

 

საქართველოს მთავრობაs გადაწყვეტილი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ აგრესიას. ჩვენ არ შევანელებთ ჩვენი დასახული მიზნის, დასავლეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებისაკენ სწრაფვას.

 

 

ბრიტანეთი-საქართველოს უორდროპის სტრატეგიული დიალოგი სწორედ ამ გამოწვევებს ემსახურება. ორივე მთავრობამ გამოთქვა მზაობა, რომ დაუპირისპირდება ამ აგრესიას და უზრუნველყოფს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ეს მოიცავს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების გემების უფრო ხშირ ვიზიტებს.

 

 

დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ასევე მჭიდროდ არის ორიენტირებული კიბერუსაფრთხოებაზე... დიდი ბრიტანეთის ექსპერტების ფასდაუდებელი დახმარებით, საქართველოს მთავრობა კიბერუსაფრთხოების ეროვნული ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობს.

 

 

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს იმას, რომ ის რეგიონის კარიბჭედ განიხილება. მთავრობამ ინვესტიცია ჩადო საქართველოს მრავალ განზომილებიან რეგიონალურ ცენტრად გადაკეთებაში, მათ შორის ციფრულ ტექნოლოგიაში. უსაფრთხოების ასეთ არასტაბილურ გარემოში ამის განხორციელება მხოლოდ დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძლიერი და მუდმივი მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

 

 

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცესა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე შეუქცევადია", - ციტირებს გამოცემა გიორგი გახარიას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner