logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და აგრძელებს უკანონო ქმედებებს, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხილვა გაგვიჭირდება
- +

3 მარტი. 2021. 12:52

 

 

„მეზობლებს შევთავაზეთ თბილისი, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის და შესაძლებელია, ამ მიმართულებით განვიხილოთ ჩვენი აქტიური ჩართულობა, კერძოდ, შევთავაზოთ გარკვეული ეკონომიკური ხასიათის, ბიზნესზე ორიენტირებული, ხალხთაშორისი ურთერთობა, კულტურული თანამშრომლობა, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის“, – ამის შესახებ თურქეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაა, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი რთული წარმოსადგენია.

 

„ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა პარტნიორების მხრიდან შემოთავაზებები გარკვეულ ფორმატებში გაერთიანებასთან დაკავშირებით, გაჟღერდა კიდევაც 3+3, ანუ სამი სამხრეთ კავკასიის ქვეყანა და ის დიდი ქვეყნები, რომლებიც არიან პროცესთან დაკავშირებული. პირველ რიგში, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ თურქეთის, რომელიც ზრუნავს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა, რეგიონის სტაბილურობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება და რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მისაღები ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს თანამშრომლობა, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას. პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მაქვს მხედველობაში. ძნელად წარმოსადგენია ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და სამწუხაროდ, აგრძელებს არამართლზომიერ და არაკანონიერ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბორდერიზაცია იქნება ეს თუ უკანონო დაკავებები, საუბარი და განხილვაც კი გაგვიჭირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების. მე ამას ძალიან მკაფიოდ განვუმარტავ ჩემს თურქ კოლეგას. იმედი მაქვს, ამას გაგებით მოეკიდებიან,“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება ასევე ფიქრობს იმაზეც, რომ საქართველო არ დარჩეს დიდი გეოპოლიტიკური ურთიერთობების მიღმა.

 

„პირიველ რიგში, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ხელისუფლება არაერთხელ აჟღერებდა ინიციატივას, თუნდაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ფორმატის შესახებ. ჩვენ შევთავაზეთ მეზობლებს თბილისი, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის და შესაძლებელია, ამ მიმართულებით განვიხილოთ ჩვენი აქტიური ჩართულობა. კერძოდ, შევთავაზოთ გარკვეული ეკონომიკური ხასიათის, ბიზნესზე ორიენტირებული, ხალხთაშორისი ურთერთობა, კულტურული თანამშრომლობა, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. ვინ, თუ არა ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ბედი და მომავალი. ამიტომ ჩვენი შეთავაზება გახლავთ ეს. ამ ფორმატებში ვიმსჯელოთ და იქნება შესაძლებლობა, რომ ამ ფორმატებს შემოუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ამ სულისკვეთებას, იზიარებენ იმ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რაც არის დაკავშირებული რეგიონულ პროექტებთან, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით და ხალხთაშორის ურთიერთობის კუთხით. ვფიქრობ, ეს არის კარგი შეთავაზება, რაციონალური ამ სიტუაციაში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამაზე გვექნება მხარდაჭერა და სრული გაგება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner