logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე: ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ფარმაცევტულ სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა იყო
- +

26 იანვარი. 2022. 14:25

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და კომიტეტის წევრებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაზე, დღეს ჯანდაცვის სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო როგორც პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ფარმაცევტულ სექტორში და სოციალური მიმართულებით არსებულ პრობლემებს, დევნილთა საკითხებს.

 

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

 

„კარგი და საქმიანი შეხვედრა შედგა მინისტრთან. კომიტეტის წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც, აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში. ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე, ასევე, კომუნიკაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე სამინისტროსა და კომიტეტს შორის და იყო აბსოლუტურად ორმხრივი თანხვედრა, რომ, ამ კუთხით, საჭიროა გარკვეული ცვლილებებისა და აქტივობების განხორციელება. ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, მისი აქტუალობიდან გამომდინარე, ფარმაცევტულ სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა იყო. უკვე გაჟღერებულია მთავარი ინიციატივა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ჩავნიშნეთ შემდეგი შეხვედრა, რომელიც შედგება სამინისტროში. შემდეგ შეხვედრაზე, ასევე, გაიმართება კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის პრეზენტაცია, მოვისმენთ როგორც სამინისტროს, ისე სხვა დაინტერესებული მხარის პოზიციებს. პრინციპში, დავგეგმეთ საფუძვლიანი რეფორმული ტიპის ცვლილებები, რომლებიც, ვფიქრობ, ბოლომდე გააჯანსაღებს დღეს ჯერ კიდევ პრობლემურ ფარმაცევტულ სექტორს. ვისაუბრეთ ასევე დევნილთა საკითხებზე, სოციალური მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საწყისია იმის, რომ ხვალინდელი და შემდეგი დღეებიც იქნება უფრო აქტიური, საქმიანი და შედეგიანი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner