logo_geo
eng_logo
„ხალხის ძალა“: კელი დეგნანის მიერ ჩვენი შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ამყარებს რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას
- +

11 აგვისტო. 2022. 15:22

 

 

„გასული კვირების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე შეკითხვით რამდენჯერმე მივმართეთ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს.

 

„შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ელჩი ჩვენ და საზოგადოებას წარმოგვიდგენდა დეტალურ განმარტებებს თითოეული შეკითხვის შესახებ და ამგვარი განმარტებებით დაადასტურებდა ან უარყოფდა იმ გარემოებებს, რომლებიც ჩვენს შეკითხვებს დაედო საფუძვლად.

 

თუმცა, მას შეეძლო ჩვენს შეკითხვებზე ისეთი პასუხების გაცემა, რომლებიც საზოგადოებას შიშს გაუქარწყლებდა და დაარწმუნებდა, რომ საელჩოს სამომავლოდ მაინც აღარ ექნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობა.

 

როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

 

დაგვეთანხმებით, ამერიკის ელჩს ძალზე მარტივი პასუხებით შეეძლო საზოგადოებაში განსხვავებული, პოზიტიური რწმენის შექმნა. ასეთ პირობებში, პასუხზე უარს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს - საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისა და რადიკალური ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაციისკენ.

 

საბოლოოდ, ჩვენ, კაბინეტებში გამართული საუბრების შესახებ ინფორმაციის გამოტანისა და „ქართული ოცნებისთვის“ უხერხულობის შექმნის გარეშე, შევძელით საზოგადოებამდე სიმართლე მიგვეტანა და ხალხისთვის გვეჩვენებინა, თუ ვინ რას და როგორ უმზადებდა და უმზადებს ჩვენს ქვეყანას.

 

რადგან ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე ელჩის დუმილით პასუხი მივიღეთ, ამ ეტაპზე, აქ ვფიქრობდით გაჩერებას. თუმცა, ამერიკის ელჩის მიერ ნაციონალური მოძრაობისა და ოლიგარქ დავით კეზერაშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ ჩვენთვის ერთგვარ ბოლო წვეთად იქცა. გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში გასული სამი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. საქმე ეხება ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოს კოორდინაციით წარიმართებოდა და რომელზეც საზოგადოებას მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია აქვს.

 

თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუისა და სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ნაციონალური მოძრაობისგან თავისუფალ მედიას ელჩი მხოლოდ ერთხელ ესტუმრა და იქაც იმ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, რომელიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმარი და რადიკალური ოპოზიციის თავგადაკლული მხარდამჭერი იყო.

 

ვხედავთ, რომ ელჩი კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის. „ფორმულაში“ სტუმრობა ადასტურებს, რომ ელჩი მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიაში და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გრძნობს კომფორტულად თავს. გარდა ამისა, ეს ფაქტი საელჩოს პოლიტიკურ გემოვნებაზეც ნათლად მეტყველებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner