logo_geo
eng_logo
1886 წლის 22 აგვისტოს პარიზში დაიბადა მსოფლიოში პირველი მფრინავი ქალი რაიმონდა დე ლაროში
- +

22 აგვისტო. 2019. 20:04

 

„რომ მომცა ფრთები, ავფრინდებოდი,

გადავცდებოდი მე ბედის საზღვარს -

თავისუფლებას მივანიჭებდი

ფიქრთა ღელვას და გრძნობათ ნიაღვარს...“

 

გალაკტიონის ეს ლექსი ჩვენმა ქართველმა მფრინავმა ქალებმა გამახსენეს, რომლებზეც ქვევით გიამბობთ, მანამდე კი...

 

1886 წლის 22 აგვისტოს პარიზში დაიბადა მსოფლიოში პირველი მფრინავი ქალი რაიმონდა დე ლაროში (იგივე ლიზა დეროში), რომელიც 1909 წელს პირველი აფრინდა ზეცაში, ხოლო 1919 წელს დაამყარა ორი - ფრენის სიმაღლისა და ფრენის ხანგრძლივობის მსოფლიო რეკორდი. პირველობის ტიტულს მას კიდევ ერთი მფრინავი ქალბატონი - ტერეზა პელტიე ეცილებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, რადგან ისტორიაში ორივენი არაოფიციალური პირველი მფრინავი ქალების სახელით შევიდნენ, რადგან არცერთს ჰქონდა ოფიციალური ლიცენზია.

 

ავიაციის ისტორიაში ცნობილია „ნამდვილი“ პირველი მფრინავი ქალბატონი ბერილ მარკჰემი, რომელმაც პირველმა მიიღო პილოტის მოწმობა.

 

1910-1914 წლებში რაიმონდა დე ლაროში „მფრინავ ცირკთან“ ერთად მოგზაურობდა ქაიროსა და სანქტ-პეტერბურგში. იმავე წელს გახდა ორადგილიანი თვითმფრინავის პილოტი და გეგმავდა გამოცდის ჩაბარებას და პროფესიონალი მფრინავის მოწმობის აღებას, მაგრამ ... სწორედ 1919 წელს, როდესაც ორგზის რეკორდსმენი გახდა, რაიმონდა ავიაკატასტროფაში დაიღუპა. თვითმფრინავს კაცი პოლიტი მართავდა.

 

დღეს რაიმონდა დე ლაროშის ქანდაკება დგას პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში.

 

ახლა კი ორიოდ სიტყვით შეგახსენებთ ჩვენს მამაც ქართველ მფრინავ ქალბატონებს.

 

მახსოვს, 2014 წელს გამოვაქვეყნე საქართველოს ავიაციის უახლეს ისტორიაში პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი გოგონას ეკა ქვლივიძის ფოტო და ისიც მახსოვს, როგორი სიამაყით „დავიბერეთ“ ქართველები... ამის შემდეგ დავინტერესდი, გადავხედე ქართული ავიაციის ისტორიას და მივხვდი, რომ არაფერი მცოდნია...

 

თურმე ქართველებსაც გვყოლია „რაიმონდები“, ანუ ჩვენი ფადიკო გოგიტიძე, რომელიც 1916 წელს დაიბადა ქობულეთში, მერე თბილისის საფრენოსნო სკოლა დაამთავრა და როგორც იწერება, „ფოლადის შევარდენსაც“ ოსტატურად მართავდა. 1940 წელს 24 წლის ფადიკო საცდელი ფრენისას დაიღუპა ბათუმში, სადაც დღეს მისი ბიუსტი და მისივე სახელობის ქუჩაა. მეორე ცნობილი ქართველი მფრინავი ქალბატონი იყო რუსუდან ჟორდანია, რომელიც 1915 წელს დაიბადა, 1935 წელს იგი გახდა თბილისის საავიაციო სკოლის კურსანტი და ჰაერში 5500 საათი გაატარა. ასევე ცნობილი მფრინავი ქალბატონი იყო ნინა ხუბულავა, რომელიც დაიბადა 1917 წელს, ხოლო 1934 წელს უკვე შტურვალს მიუჯდა... სამწუხაროდ იგი ერთ წელიწადში დაიღუპა, 1935 წელს.

 

ასე რომ, ქართველებს ბევრი გვაქვს საამაყო და არც სხვისი შესაშური გვჭირს რამე...

 

და ამ სტატუსს შოთა ნიშნიანიძის „წუთისოფლით“ დავასრულებ:

 

„...მე კიდე სულ რბენა, სულ ფრენა მინდოდა,

გრიალი ჩანჩქერთა, ტრიალი მინდორთა.

რაც იყო ან კიდევ, არც იყო აშკარად _

რა ჩქარა დამთავრდა, რა ჩქარა, რა ჩქარა!

რა ჩქარა გავთენდი, რა ჩქარა დავღამდი...

სალამიც ვერ გითხარ... ნახვამდის... ნახვამდის...“

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220311924568033

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner