logo_geo
eng_logo
ბიძინა დვალი: გიცანით, გიცანით!
- +

26 დეკემბერი. 2019. 16:59

 

„გაერთიანებული ოპოზიციის“, ანუ ოცდათორმეტ მეტასტაზიანი „ნაცმოძრაობის“ სერიულმა აქციებმა ერთი ანეგდოტური შემთხვევა გამახსენა წარსულიდან:

 

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მთელ საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე. ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეებიდან ამხანაგმა ედუარდმა სახელი მოიხვეჭა როგორც ენერგიულმა, გაბედულმა, პრინციპულმა და არასტანდარტული გადაწყვეტილებებით გამორჩეულმა ხელმძღვანელმა. მისი კოზირებიდან, ამ კონკრეტული წერილის მიზნებისთვის, გავიხსენებდი იმ პერიოდისთვის სრულიად უცხო კრეატიულობას და გაკეთებულის წარმოჩენის საოცარ უნარს. ამას ახლა პიარი და რეკლამა ჰქვია, რაც იმ დროში, ვიმეორებ, უცხო ხილი იყო.

 

არასტანდარტული გადაწყვეტილებების ერთ-ერთი მაგალითი გახლდათ ინიციატივა, სახელწოდებით - „აბაშის ექსპერიმენტი“. ქართველი კომუნისტი ლიდერების მტკიცებით, ამ ინიციატივას „რევოლუციური ძვრები“ უნდა მოეხდინა სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 

ექსპერიმენტმა ისე გაითქვა სახელი, რომ მაღალმა პარტიულმა ელიტამ, მის გასაცნობად, კრემლიდან თვით პრემიერ-მინისტრი ალექსეი ნიკოლაევიჩ კოსიგინი მიავლინა აბაშაში.

 

დიდი მოსკოველი სტუმარი, ორი დღის განმავლობაში, ბედნიერი სახით დაჰყვებოდა მკლავებდაკაპიწებულ საქმიან მასპინძლებს პლანტაციიდან პლანტაციაში, ყანიდან ყანაში, ფერმიდან ფერმაში...

 

ქართველი რისი ქართველია, ამბავი ცოტა თუ არ გააზვიადა, მითუმეტეს, სტუმრის გულის მოსაგებად და... მეცხოველეობის დარგში წარმატება უფრო შთამბეჭდავად რომ წარმოეჩინათ, რაც კი ნარჩევი ძროხა იყო აბაშის და მის მეზობელ ერთ-ორ რაიონში, ყველას ერთ ფერმაში მოუყარეს თავი... ამხანაგი კოსიგინი ნანახით აღტაცებას ვერ მალავდა...

 

შექებით ფრთებშესხმულ მასპინძლებში ახალ-ახალმა „კრეატიულმა“ იდეებმა იფეთქა თურმე და ვიდრე „მაღალი სტუმარი“ სხვა გაცნობითი ექსკურსიებითა და ექსკურსიებს შორის შესვენებებით იყო დაკავებული, ეს ძროხები შეასკუპეს ძარიან სატვირთო მანქანებზე და ახლა სხვა ფერმა გაალამაზეს მათი საგანგებოდ ნასუქი სილუეტებით. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კოსიგინის კმაყოფილების ხარისხმა ჯერ არითმეტიკული პროგრესიით, ხოლო ყოველივე ეს მეორე დღესაც რომ განმეორდა, თურმე უკვე გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო განვითარება აღმავალი მიმართულებით...

 

ამხანაგი კოსიგინის მივლინებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ამ კომიკურმა ისტორიამ (რომლის გამჟღავნებაზეც, ცოტა უფრო ძველ დროში, საბჭოთა მოქალაქე სიცოცხლით აგებდა პასუხს), სხვადასხვა ფორმით, ჩვენამდეც, ანუ ხალხამდეც მოაღწია. მე ყველაზე უფრო მეგრული ფრთხილი იუმორით მოყოლილი ამბავი დამამახსოვრდა - „კი, ბატონო, ამხანაგმა კოსიგინმა ვერ იცნო და ვერ მიხვდა, ისევ ის  ძროხები რომ იყო, მარა-ა... ხოხ და... ძროხებმა როგორ ვერ იცნეს კოსიგინიო?!“

 

ეს შემთხვევა გამახსენდა ახლა, სხვადასხვა ქალაქიდან, ნაცტელევიზიების მიერ გაშუქებულ, დიდი „რევოლუციური ძვრებისთვის“ ორგანიზებულ, ნაცაქციებს რომ ვუყურებდი. საწყალი რეჟისორები და ოპერატორები, დავალებისამებრ, ახლო პლანით და დაბალი კუთხით რომ ცდილობდნენ „ხალხმრავლობის“ მოდელირებას და ის კი ყველას გამორჩა, რომ ამ რაკურსით სახეები კარგად ჩანს ხოლმე... ერთი და იგივე სახეები...

 

გიცანით, გიცანით!..

 

  

ბიძინა  დვალი

 

24.12.2019

ბათუმი    

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner