logo_geo
eng_logo
დავით მუჯირი: სწორ გზაზე ვდგავართ!
- +

11 მაისი. 2016. 11:02



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი „აიპრესს" ფეხბურთის ფედერაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, ქართული ფეხბურთის მომავალსა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელზე ესაუბრა.

 

- ბატონო დავით, გამოინახა თუ არა „ოლიმპის" სტადიონის შემცვლელი სტადიონი, სადაც ბავშვები შეძლებენ ვარჯიშს?


- ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა, როდესაც ქვეყანაში სტადონი იკარგება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სტადიონები დავკარგოთ. პირიქით, ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად არის მოტივირებული, რომ უახლოეს მომავალში ახალი საფეხბურთო მინდვრები, სათამაშო მოედნები, ინფრასტრუქტურა შეემატოს ქართულ ფეხბურთს.


რაც შეეხება კონკრეტულად „ოლიმპის" სტადიონს, ჩვენ იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნდა იმისა, რომ შეგვეჩერებინა. თუმცა იმ კომპონენტებში, რომელშიც სპორტული ჰქვია, ჩვენ ვიზრუნეთ და მოვახერხეთ, რომ იმ გუნდებს და ბავშვებს, რომლებიც „ოლიმპის" სტადიონზე ვარჯიშობდნენ, შევუქმენით შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გადავანაწილეთ სხვადასხვა მინდვრებზე. ფეხბურთის ფედერაციამ იზრუნა იმ სტადიონების კეთილმოწყობაზე, სადაც უკლებლივ ყველა ბავშვი, რომელიც დაზარალდა ვიღაცების არასწორი გადაწყვეტილების გამო, მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა გაუწია ფეხბურთის ფედერაციამ და სამწვრთნელო პროცესში ხელშეშლა არ ჰქონიათ.


რაც შეეხება დანარჩენს, თუკი „ოლიმპის" მოედანი სხვისი გადაწყვეტილების გამო დაიკარგა, უახლოეს მომავალში ნახავთ, რომ უამრავი არენა გაუჩნდება ქართულ ფეხბურთს. სამწუხაროდ, ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სტატისტიკურად მოედნების რაოდენობა გაიზარდოს ჩვენს ხელში და არა პირიქით.


- შეემატება თუ არა საფეხბურთო ინფრასტრუქტურას ახალი სტადიონები თუ სავარჯიშო მოედნები?


- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 19 წლამდე ფეხბურთელების „ევრო 2017"-ის მასპინძლები ვართ, რომელსაც უეფა-ს მოთხოვნებით შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება მივიღოთ სათანადოდ, სწორედ იმ სტანდარტებით, როგორსაც მსგავსი ღონისძიება მოითხოვს. მიუხედავად სირთულეებისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას თავს გავართმევთ.


თქვენ იცით, რომ 5-წლიანი პროგრამა დამტკიცდა. ჩვენ ლიგის ფორმატის ცვლილებებზე ვართ გადასული, გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავდივართ. ამას სჭირდება დღეს არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შესაბამისად, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი, რამდენად სწრაფად გაჩნდება ახალი არენები თუ არსებული გაუმჯობესდება...


რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია განათების მოწყობა, კოსმეტიკური რემონტი და ა.შ. ეს დროდადრო გამოჩნდება. ვიმედოვნებ, რომ 2017 წელს იმ ფორმატით, რა ფორმატზეც გადადის ფედერაცია და ეროვნული ჩემპიონატი, უკვე შესაბამის დონეზე შეხვდება.

 

- ბატონმა ლევან კობიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ საქართველოში ფიფა-ს აუდიტი ჩამოდის. ჩამოვიდა თუ არა აუდიტი და თუ კი, რა შედეგები დადეს მათ?


- ფიფა-ს აუდიტი წელს ჩამოვა, თუმცა ჩვენი შიდა სამსახურები ამზადებენ დოკუმენტაციას არსებული საქმიანობის შესახებ. იმ კომპონენტებში, რა კომპონენტებშიც ფიფა-ს დაფინანსებიდან უნდა დახარჯულიყო თანხები. რეალური სურათი ამ თვის ბოლოს გვექნება. 12-13 მაისს მექსიკაში ფიფა-ს კონგრესი გაიმართება, ჩვენ თვის ბოლომდე მზად გვექნება დოკუმენტაციები. რაც შეეხება იმ კომპონენტებს, რაც ფიფა-ს დაფინანსებით უნდა მომხდარიყო, სამწუხაროა, რომ ცდომილებებია, თუმცა წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს. ისედაც ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის, ამიტომ ეს რომ არ მოვახვიოთ ქართველ გულშემატკივარს და არ დაეტყოს ქართულ ფეხბურთს, ვაკეთებთ ყველაფერს. ალბათ თვის ბოლოს გვეცოდინება, თუ როდის ჩამოვა ფიფა-ს აუდიტი საქართველოში.


- ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, მზად არიან ქართული კლუბები ეროვნული ჩემპიონატის ახალი ფორმატისთვის?


- კლუბები, ვფიქრობ, რომ მზად არიან. ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურას ისე გავაუმჯობესებთ, რომ მოგვეცემა საშუალება მთელი წლის განმავლობაში, მაგალითად ცხელი ამინდის შემთხვევაში საღამოს თამაშები დაიგეგმოს უფრო მეტი.


დღეს მხოლოდ 2 სტადიონს, „დინამო არენასა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს აქვს საშუალება, რომ საღამოს უმასპინძლოს თამაშებს. ამ სტადიონების რაოდენობა ნამდვილად გაიზრდება და შესაძლებლობა გვექნება, რომ უფრო მეტი შეხვედრა გაიმართოს საღამოს საათებში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უკეთესად გაშუქდეს თამაშები. თუკი შევაჯამებთ ჩვენს ასპარეზობას ევროტურნირებზე, სტატისტიკურად ფაქტია, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ჩვენი გუნდები იდეალურ ფორმაში და იდეალურად დაკომპლექტებული არ არიან. საფეხბურთო სეზონი მთავრდებოდა, შესაბამისად, გუნდებს გახარჯული ჰქონდათ მთელი წლის ბიუჯეტი და ა.შ. ანუ არ იყო ჩვენს რეალობაზე მორგებული. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდების მზადებაზე ეს დადებითად აისახება.


- იგეგმება თუ არა ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ჩამოყალიბება რეგიონებში, ან კლუბებთან არსებული აკადემიების განვითარება? როგორ მოხდება ახალი სისტემით ამ მიმართულების განვითარება?


- კლუბებთან არსებული აკადემიების ხელშეწყობა და ის მონიტორინგი, რომელიც დაავალდებულებს მათ, ამ პროექტის ფარგლებში მინიმუმ 3 ასაკობრივი გუნდი ჰყავდეთ, შესაბამისად აღჭურვილი, დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბით, პირობებით, ამის მონიტორინგს, რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაცია განახორციელებს.


მთავარი პროექტი მაინც Pro ლიგებში დუბლების შემადგენლობის ცვლილება და 19 წლამდე გუნდებით ჩანაცვლებაა. ჭაბუკთა ლიგაში 17-15 წლამდე ფებხურთელთა გუნდები იქნება. სტატისტიკურად რომ გადავთვალოთ, ეს 60 ასაკობრივ გუნდს აჩენს ახალგაზრდულ ფეხბურთში.


რაც შეეხება 15 წლამდე ბავშვების მომზადებას, ჩვენ პროექტი უკვე მზად გვაქვს და ჩატარდება რეგიონთა თასი. ახლა ვმუშაობთ, თუ რომელი რეგიონების გაერთიანება შეიძლება. შეიქმნება რეგიონული ნაკრებები, ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელ-სელექციონერს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შეარჩევენ ბავშვებს 13 წლის ასაკამდე. ნებისმიერ სოფელში, რეგიონში მყოფ ბავშვს ექნება საშუალება, თავი გამოიჩინოს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა რეგიონში ჩვენს მიერ დანიშნული მაღალი კვალიფიკაციის და კატეგორიის მწვრთნელ-სელექციონერები იქნებიან მივლენილი. ისინი მოახდენენ ამ ბავშვების სელექციას, დააკომპლექტებენ რეგიონულ ნაკრებებს. შედგება რეგიონთა თასი. ეს ის შეჯიბრი იქნება, სადაც იმ კლუბებს, რომლებსაც 3 ასაკობრივი გუნდის ვალდებულება აქვთ, შეეძლებათ საშუალება, სელექცია გაატარონ. ანუ ჯაჭვური რეაქცია უნდა გავატაროთ, დაწყებული ბავშვებიდან დამთავრებული იმ 19 წლამდე გუნდებამდე.


ეს პროექტი 2016 წელს უკვე დაიწყება. ამ რეგიონთა თასებიდან ჩვენს აკადემიაშიც წავიყვანთ გამორჩეულ ბავშვებს.


- როგორ ფიქრობთ, გაამართლეს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა?


- დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და უახლოეს მომავალში ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელების საქმიანობა შედეგზე აისახება. მთავარი ის არის, რომ ასაკობრივ ნაკრებებში მზადდებიან ფეხბურთელები ეროვნული ნაკრებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, რამდენიმე წელიწადში სათანადო დონის შევსება ექნება ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მის შედეგზე აისახება.


- თქვენ ყველაზე კარგად იცნობდით ვლადიმერ ვაისს. რა იყო მთავარი კრიტერიუმი, რისთვისაც არჩიეთ იგი სხვა კანდიდატებს?


- მთავარი მწვრთნელის არჩევისას გვქონდა გაფართოებული შემადგენლობა. ვისხედით და ვმსჯელობდით იმ კრიტერიუმებზე, თუ როგორი წარმოგვედგინა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. როდესაც ვავიწროვებდით ამ კანდიდატებს, სათავეში მოექცა ვლადიმერ ვაისი და ისე მოხდა, რომ სხვა კანდიდატთან აღარც გვქონია საუბარი. თავიდანვე ბატონმა ვაისმა განაცხადა თანხმობა, დაინტერესდა ჩვენი შემოთავაზებით. გავაცანით, თუ როგორ წარმოგვედგინა და ვაპირებდით ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან მუშაობას. მან თანხმობა განაცხადა ბონუს სისტემაზე მუშაობაზე. მისი მთავარი მოტივაციაა, საქართველოს ნაკრებში შედეგს მიაღწიოს.


ჩვენ ვეძებდით გამოცდილ მწვრთნელს, რომელსაც ნამუშევარი ჰქონდა სანაკრებო დონეზეც. ვლადიმერ ვაისი არის პირველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებში, რომელსაც სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.


- ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ამხანაგური მატჩების ოფიციალურ სიაში ესპანეთთან შეხვედრა არ იყო, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა მედიამ გაავრცელა. როდის დაგეგმეთ ევროპის მოქმედ ჩემპიონთან ამხანაგური შეხვედრა?


- 2016 წლის ამხანაგური შეხვედრა საქართველოს ნაკრებს საერთოდ არ ჰქონდა დაგეგმილი. მარტის თვეში ძალიან გაგვიჭირდა მოწინააღმდეგის მოძებნა. ბოლო მომენტში მოვახერხეთ, რომ სანაკრებო მატჩების ბოლო კალენდარულ დღეს ჩავსვით ყაზახეთთან მატჩი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახალ მწვრთნელს მიეცა შესაძლებლობა, მთელი კვირის განმავლობაში სამწვრთნელო პროცესში შეემოწმებინა ფეხბურთელები და სათამაშო პრაქტიკაში ენახა.


ჩვენ ვიცოდით, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ყველა ნაკრები გეგმავდა ამხანაგურ შეხვედრებს. მაშინ, როდესაც სლოვაკეთთან და რუმინეთთან მოვილაპარაკეთ, მესამე ამხანაგურ შეხვედრაზეც აქტიურად ვმუშაობდით, რადგან გვინდოდა, რომ შეკრება სრულფასოვანი ყოფილიყო, მწვრთნელს მაქსიმალური ინფორმაცია მიეღო.


ჩვენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან გვქონდა მოლაპარაკება, რომ ამ ინფორმაციას ერთდროულად გავაჟღერებდით, თუმცა, ასე რომ ვთქვათ, გაეპარათ.


ჩვენ არც მაშინ დაგვიდასტურებია, რადგანაც მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა, ოფიციალურად არ გვქონდა ხელი მოწერილი, ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობდა.


- მილტონ ჰეიგმა რუმინეთთან მატჩის შემდგომ, ფეხბურთელთა ნაკრების ახალ მწვრთნელს, ბატონ ვლადიმერ ვაისს ურჩია, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოში ეცხოვრა და კარგად გაეცნო აქაურობა. მივიდა თუ არა მილტონ ჰეიგის რჩევა ბატონ ვლადიმერამდე და რას ფიქრობს ის ამასთან დაკავშირებით?


- საკმაოდ რთულია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გრაფიკი, იქიდან გამომდინარე, რომ მას მოუწევს, მითუმეტეს, რომ ფეხბურთელებს ზედმიწევნით არ იცნობს. იგი კვირას არ კარგავს, რომ ლეგიონერების თამაშს არ დაესწროს და საქმეში ნახოს. იგი ეკონტაქტება ჩვენი ლეგიონერების მწვრთნელებს, რათა მათი გეგმა გაიგოს, ითამაშებს თუ არა ესა თუ ის ქართველი ფეხბურთელი ძირითად ნაკრებში, რადგან სურს ბევრი ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკა ნახოს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის გამოიძახებს ნაკრებში.


რა თქმა უნდა, საქართველოშიც ჩამოვა. მასაც სურს, რომ საქართველოში დაყოს დიდი ხანი. მაქსიმალურ ინფორმაციას აგროვებს კანდიდატებზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი ლეგიონერები არიან, ბევრი მოგზაურობა უწევს.




მარიამ მესხი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner