logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: გაგრაში მინდა, სოხუმში მინდა, რიწის ტბაზე მინდა... აი ამ „მინდა“-ში გადის ცხოვრება...
- +

14 აგვისტო. 2019. 21:14

 

 

„ჩემი თაობის საუკეთესო ბიჭები წაიყვანა აფხაზეთის ომმა... ჩემი თაობის გოგოები დაქვრივდნენ; ზოგმა დედამ წლების მერე მიიღო შვილის ცხედარი; გმირების მამებად იქცნენ ჩვეულებრივი ქართველი ბიჭები... აი ასე ადგნენ და წაგვართვეს, დაგვსაჯეს...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საკუთარ მიწაზე ლტოლვილებად აქციეს ათასობით უდანაშაულო ადამიანი;

14 აგვისტოს დაიწყო ეს ტკივილი, მერე განელდასავით, მივეჩვიეთ..

მერე სხვა ომი დაიწყო..

 

ჩემი ბავშვობის ნაწილი წაიღო და ალბათ ისე მოვკვდები, თვალსაც ვერ მოვკრავ ზღვას, რომელიც ჩემია...

 

ვინც ცოცხალი გადაურჩა აფხაზეთის ომს, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ისინი არ ყვირიან. არავის ამადლიან თავს. ჩუმად და ვაჟკაცურად აგრძელებენ სიცოცხლეს.

 

პოლიტიკის დიდი არაფერი გამეგება, ოღონდ გაგრაში მინდა, სოხუმში მინდა, რიწის ტბაზე მინდა... აი ამ „მინდა“-ში გადის ცხოვრება...

 

ნელ-ნელა მთავრდებიან „ღიმილის ბიჭებიც“...

 

ნანახიც არა აქვთ ეხლანდელ ბავშვებს ის ზღაპარი მხარე... მსოფლიოს საუკეთესო კურორტები აქვთ ნანახი, ნიცა კარგია, იბიცაც, მონტე-კარლოც, მაგრამ ჩემი არ არის.  ჩემი რაცაა, ის ახლა სხვისია...

 

და მაინც რა უცნაური შეგრძნებაა როცა შენ ხარ 51-ის და შენი მეგობარი ბიჭი, ცაში გაფრენილი ისევ 19-ის არის...

დიდება ბიჭებო თქვენ...

ცოცხლებო, თქვენც!“ - წერს ნინო ახობაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner