logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს მოსახლეობისთვის სასამართლო სისტემა არ შედის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ათეულშიც კი
- +

1 მარტი. 2019. 14:35

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 15 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ „პეტიციას მართლმსაჯულების გადასარჩენად“ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად სანდო სოციოლოგიური გამოკითხვა თუ კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის სასამართლო სისტემა არ შედის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტთა არა თუ ხუთეულში, არამედ ათეულშიც კი და მხოლოდ 2-3%-თვის არის ის მნიშვნელოვანი, რაც საკმაოდ სიმპტომატურია.

 

მაგალითად, ენჯეოების „პეტიციამ მართლმსაჯულების გადასარჩენად“, რომელიც 15 თებერვალს გამოქვეყნდა და, წესით, ხელმოსაწერად ხალხი უნდა მისწყდომოდა, თუკი საკითხი მათთვის მართლაც პრობლემური იყო, სადღეისოდ მხოლოდ 663 ხელმოწერა შეაგროვა, რაც, რომ იტყვიან, ზღვაში წვეთია.

 

უფრო ფართო კუთხით რომ შევხედოთ, ეს არის ერთი პატარა, მაგრამ ნიშანდობლივი ინდიკატორი საზოგადოებაში არსებული დაბალი სამოქალაქო ცნობიერების და მწირი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურ პარტიებთან და მოქალაქეებთან ერთად მართლმსაჯულების გადასარჩენად პეტიცია შექმნეს. მათი თქმით, სასამართლო სისტემას ძირეული რეფორმა სჭირდება, ვინაიდან მიმდინარემ შედეგი ვერ გამოიღო.

 

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ სასამართლოში გაბატონებული და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა კლანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც აკონტროლებდა სასამართლოს, ეწინააღმდეგება რეალურ და სიღრმისეულ რეფორმებს. მათი თქმით, კლანი დევნის განსხვავებულ აზრს და სასამართლოში გაჩნდა ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნები.

 

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეის გადარჩენა სახელმწიფოებრივი საკითხი გახდა სწორედ ამიტომ ისინი მოითხოვენ:

 

დატოვონ თანამდებობები მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილებების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა;

ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა;

შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან;

საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიზანიც სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლება იქნება.

 

პეტიციას ხელს აწერს ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია გირჩი, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×