logo_geo
eng_logo
მედლინ მუნი: ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს და რა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას...
- +

12 სექტემბერი. 2019. 17:19

 

„მინდა, გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები, ჩვენი თანამშრომლობა, ეს ურთიერთობები, რადგან როდესაც თქვენ ამ ოჯახის წევრი ხართ, ჩვენ აღარ მოგშორდებით“, – ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ვერ გამოვხატავ სიტყვებით, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას თანამშრომლობა, მხარდაჭერა საქართველოსადმი, მისი გზისადმი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მსურდა, აქ უფრო ადრეც ვყოფილიყავი, მაგრამ სირთულეები იყო თვითონ დიდ ბრიტანეთში, რომელმაც შემაჩერა, მაგრამ ეს დაყოვნება სარგებლიანიც აღმოჩნდა, რადგან ჩამოვიყვანე მაღალი რანგის კოლეგები თურქეთიდან, პორტუგალიიდან, ლატვიიდან. ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ვუსმენთ, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება აქ. ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ოქტომბერში და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს და რა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, რადგან გზა დემოკრატიისაკენ არის გზა მუდმივად განვითარებადი, რადგან ვერასოდეს საბოლოოდ ვერ აღწევს დემოკრატიას. დემოკრატია ყოველთვის მიმდინარე პროცესია“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

 

მისი თქმით, დემოკრატიის პროცესში ყოველთვის არსებობს გამოწვევები.

 

„ეს არის რთული მაშინაც, როდესაც დიდი ხანია, ჩართული ხართ ამ პროცესში და განსაკუთრებით რთულია, როდესაც ახალი ხართ. მე მესმის იმედგაცრუებებიც, ხანდახან შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არსებობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ცვლილებები ხდება აქ. მინდა, გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები, ჩვენი თანამშრომლობა, ეს ურთიერთობები, რადგან როდესაც თქვენ ამ ოჯახის წევრი ხართ, ჩვენ აღარ მოგშორდებით. თქვენ კვლავ ამ ოჯახის წევრი ხართ და ჩვენ ვითხოვთ პასუხს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის. ვიცი, რომ საქართველო მონდომებულია, იყოს ამ ოჯახის მყარი და სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ვუყურებთ ამ შეხვედრების პროგრამას და მსურს გითხრათ, რომ ეს არის არაჩვეულებრივად კარგი პროგრამა. ყველა შესაძლებლობა გახსნილია ჩვენთვის, რისი ნახვაც გვინდა, შესაძლებლობა გვეძლევა, ვნახოთ ყველაფერი. ეს არის უპირველესი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც მონდომებულია, რომელიც მზად არის, დემონსტრირება მოახდინოს თავისი ღიაობის, თავისი სურვილის, იყოს გამჭვირვალე. მადლობა ბატონო თავმჯდომარევ ამ პროგრამისთვის, რადგან სანამ დავიწყებდით ამ პროგრამას, ეს უკვე თვალნათელი გზავნილია თქვენი ღიაობის“, – განაცხადა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner