logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენი გუნდი ყოველთვის აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი დაცული იყოს
- +

14 სექტემბერი. 2018. 18:06

 

„ჩვენი გუნდი ყოველთვის აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი ყოველთვის დაცული იყოს“,  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებულ კითხვაზე.

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამარჯვება გახლავთ, რომ ჩვენ საქართველოში მოვიტანეთ მედიაპლურალიზმი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წარმატება. რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. ნამდვილად არ არის ლამაზი, როდესაც აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, სახელმწიფო ყველა ქართველი მეწარმის გვერდითაა, რომელიც თუნდაც ერთ მოქალაქეს დაასაქმებს.

 

„ჩვენ ვართ ყველა ქართველი მეწარმის გვერდით, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს მაინც დაასაქმებს და ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. მე პირადად გამოვხატავ სიმპათიას ყველა მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. სახელმწიფო ყოველთვის არის მოწადინებული, რომ კომერციულ საქმიანობას, რა სექტორშიც არ უნდა იყოს, გვერდით დაუდგეს თუ ვერ იხდის გადასახადებს ან აქვს რამე ობიექტური პრობლემა, მისცეს მას კომფორტული გადახდის გეგმა, რომ შენარჩუნებული იქნას საწარმო“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა.

 

„შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაავადა ნაბიჯები, რომელიც, როგორც წესი, დგება ასეთი გადასახადის და მით უმეტეს, სააქციზო საქონელზე გადაუხდელობის შემთხვევაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner