logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 13:03

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში (ორი ეპიზოდი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ე.ი. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,027 გრ და 0,012 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ე.ი.-მ  აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, 0,027 გრ 2019  წლის 12 ივლისს 700, ხოლო 0,012 გრ 13 ივლისს 200 ლარად  უკანონოდ გაასაღა, თუმცა, პატივისცემის ნიშნად, 30 ლარი მყიდველს დაუბრუნა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ე.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს -  0,233 გრ „ჰეროინს“,  0,0086 გრ მორფინს (ფუძე), 0.0028 გრ „კოდეინს“ (ფუძე) წონით 0.0028 გრამს და 2,094 „პრეგაბალინს“.

 

სამართალდამცველებმა ე.ი. 2019 წლის 30 ივლისს სოფელ ფონიჭალაში  დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.

 

ე.ი.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I და IV ნაწილებით, 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და  261-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება (ორი ეპიზოდი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner