logo_geo
eng_logo
2017 წელს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში 1492 საჩივარი იქნა წარდგენილი
- +

13 მარტი. 2018. 19:03



2017 წელს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ იქნა 1492 საჩივარი, რომელთაგან დაკმაყოფილდა - 199, არ დაკმაყოფილდა - 377, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 434, დაუშვებლად იქნა მიჩნეული - 432, ხოლო 50 საჩივარზე მომჩივანმა თავად თქვა უარი.


საგულისხმოა, რომ 2017 წელს, საბჭომ გადაწყვეტილებათა დაახლოებით 62% მიიღო ბიზნესის სასარგებლოდ.


როგორც ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭო კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის მიზანია ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის ჩატარებისას წარმოშობილი დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს.


საგულისხმოა, რომ საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან თავად ირჩევენ დავების განხილვის საბჭოს წევრებს.


გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 19 ივლისამდე ნებისმიერ პირს, იმის მიუხედავად მონაწილეობდა თუ არა იგი კონკრეტულ შესყიდვაში, შეეძლო მისი გასაჩივრება, რაც იწვევდა შესყიდვის პროცესის გაჭიანურებას. ამაზე სამართლიანად გამოითქმებოდა პრეტენზიები როგორც ბიზნესის, ისე შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან.


2017 წლის 19 ივლისიდან კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შემოღებული იქნა დაინტერესებული მხარის ინსტიტუტი - განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებსაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საბჭოში.


ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად საბჭოში შემოსული საჩივრების რაოდენობა დაახლოებით 41%-ით შემცირდა, რამაც თავის მხრივ დადებითი ასახვა ჰპოვა სახელმწიფო შესყიდვების შეუფერხებელ განხორციელებაზე.


მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ოპერატიულად, კერძოდ, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რაც უპრეცენდენტო ვადაა ევროპულ სამართლებრივ სივრცეში.


დავების განხილვის საბჭოსადმი მაღალი ნდობის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ საბჭოში შემოტანილი 1492 საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებიდან სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ 36 გადაწყვეტილება, რომელთაგან დაკმაყოფილდა მხოლოდ ორი. თუმცა, ისინიც კი ამ ეტაპზე კანონიერ ძალაში შესული არ არის, რადგან კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner