logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ელიავას ბაზრობაზე: სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში საშენი მასალები ღიად ეყაროს?!
- +

16 აგვისტო. 2018. 22:01

 

„თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები მოწესრიგდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ხოშარაულის, აგლაძისა და გიორგაძის ქუჩებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი, რაც, როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებდა.

 

„ზედამხედველობის სამსახურს დავავალე, რომ დიდუბის რაიონში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ხოშარაულის, აგლაძისა და გიორგაძის ქუჩებზე იქ არსებული მდგომარეობა მოეწესრიგებინათ. ყველას კარგად გვახსოვს, იქ რა ხდებოდა. ტროტუარებზე გამოტანილი იყო საშენი მასალები, საბურავები. შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება, რადგან ყველაფერი ტროტუარზე იყო გამოტანილი, ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მოძრაობის შეფერხების თვალსაზრისით, რადგან ადამიანები ტროტუარზე სიარულის ნაცვლად, გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ და ხდებოდა ავტომობილების გადაადგილების შეფერხება, ავარიებიც. ახლა ის ადგილი მოწესრიგებულია. აბსოლუტურად გასუფთავებულია ტროტუარები, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მაქვს ფოტომასალები, სადაც ნათლად ჩანს, რა მდგომარეობა იყო ამ ქუჩებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თბილისის სხვა უბნებში, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს, იგივე ღონისძიებები გატარდეს.

 

„მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ზედამხედველობის სამსახურს კოორდინაცია გაუწიოს, რომ სხვა რაიონებშიც, სადაც ასეთი ადგილები გვაქვს, იგივე ღონისძიებები გატარდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. ეს იერსახესაც სერიოზულ პრობლემას უქმნის. სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე საშენი მასალები იყოს გამოტანილი და ღიად ეყაროს?! ამიტომაც, მინდა მსგავსი სამუშაოები ყველა რაიონში გაატაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner