logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: ტაქსის მძღოლების მოთხოვნა და პროტესტი მიუღებელია
- +

20 მარტი. 2019. 13:05

 

„ტაქსის მძღოლების მოთხოვნა და პროტესტი რეფორმის გადავადებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მიუღებელია“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ყველა ის სირთულე, რაც შეიძლებოდა რეფორმის ფარგლებში ყოფილიყო, გათვალისწინებულია და ტაქსის მძღოლებს გამოუვალი მდგომარეობა არ აქვს.

 

„ყველა ის სირთულე, რაზეც ტაქსის მძღოლები საუბრობენ, ჩვენ თავის დროზე გავითვალისწინეთ და სირთულეების და გარემოებების გათვალისწინებით შეიქმნა ტაქსის რეფორმის მოდელი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ტაქსის რეფორმა ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, მათ შორის, ტაქსის მძღოლებისთვის და მოკლე და გრძელვადიან ჭრილში მათთვის უფრო მეტად სარგებლიანი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია ამ რეფორმის გაპროტესტება. რაც შეეხება იმას, რომ გადაღებვის ხარჯებს ვერ ფარავს ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი, ამას ვერ დავეთანხმები. ვაუჩერი ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა სხვა შეკეთებასაც საჭიროებს, ეს უკვე მანქანის მესაკუთრის საქმეა. ჩვენ ვნახეთ უკვე გადაღებილი მანქანები და დადასტურებულია, რომ ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი სრულად ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

რაც შეეხება ტაქსის მძღოლებთან შეხვედრას, ხმალაძე აღნიშნავს, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, ის მზად არის, მათ შეხვდეს.

 

„შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ. აქამდეც მქონდა შეხვედრები ტაქსების ასოციაციასთან და ტაქსის მძღოლებთან. მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენ ახლა უნდა განვიხილოთ რაიმეს გადავადების საკითხი. პირიქით, მგონია, რომ დროული რეფორმაა. გადავადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ რაიმე სხვა სირთულეებზე იქნება საუბარი, ამაზე შეიძლება მათთან საუბარი. თუმცა, გადავადება, ფერის სტანდარტის ცვლილება, მარჯვენა საჭის შეზღუდვის მოხსნა, ეს მიუღებელია და ვერ დავუშვებთ. თუ ვინმე ამბობს, რომ მანქანა ნაქირავები ჰყავს, შეუძლია მეპატრონესთან შეთანხმებით გადაღებოს. ჩვენ ყველა ეს გარემოება გათვალისწინებული გვაქვს და ტაქსის არც ერთ მძღოლს გამოუვალი მდგომარეობა არ აქვს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მერიის მიერ შემოღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათი მთავარი მოთხოვნა თბილისის მერთან ან მის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებაა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×