logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ლარი!!! დოლარი!!! საკითხავი აი ეს არის!
- +

1 დეკემბერი. 2016. 20:23



15 ნოემბერს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება ლარის კურსის არასასურველ ცვლასთან დაკავშირებით.


(http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=198&info_id=58369).


ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მათ შორის ჩემიც. აი, რას ვამბობდი მაშინ:


„რა უნდა დაწერო (ან, გააკეთო) ისეთი, რომ მე, საქართველოს მთავრობის და კურსის პრინციპულმა მხარდამჭერმაც კი, თავი ვერ შევიკავო და არ შევიკურთხო.


აი, ამ განცხადებაში არის ასეთი ფრაგმენტი:


"ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორების პარალელურად ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება. მეტიც, გასულ თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ფასების კლება დაფიქსირდა".


ამის დამწერი, ვიზის მიმცემი და გამომქვეყნებელი, ეტყობა, "პახმელიაზეა" (თუ მამრია), ან, მაღაზიებში არ დადის, ან, ბაზარში, ან, მეგობარი არ ყავს, ან ამბის მიმტანი?


რა პერიოდზეა საუბარი? რა კალათაზე?...


მარტო ერთი მაგალითი: შაქარმა თითქმის 100 პროცეტი მოიმატა!!!! გავაგრძელო?


ის ვინც, ერთი მხრივ, ასეთი საჭირო, ჩანაფიქრში გამართლებული, პრინციპული ხასიათის და, მეორე მხრივ, პრიმიტიული და საზოგადოებრივი განწყობის და რეალობის არ ცოდნის დამადასტურებელ განცხადებებს ამზადებს, ან აბსოლუტურად არაკომპეტენტური, ან კარგად შენიღბული მტერი, ან, უბრალოდ, პროვოკატორია!"


გავიდა 15 დღე.

რა ხდება?

რა ხდება და ყველაზე ცუდი პროგნოზები გამართლდა.

დღეს, 15-16 საათისთვის, ვალუტის გადასაცვლელ ჯიხურებში დოლარი 2.80, ხოლო ევრო 2.90 ღირს...

ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ მთავრობა შეწუხებულია. მაგრამ...

რაღაც არ იგრძნობა ეს გარეგნულად, არც ტელეეკრანებზე, არც რადიო-ეთერში, არც საგაზეთო ფურცლებზე. თუნდაც, ვერსად წავიკითხე და მოვისმინე იმის შესახებ, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ე.წ. კრიზისების საბჭო თუ რაღაც მსგავსი შტაბი?

ამაზე დიდი და მწვავე კრიზისი რა უნდა იყოს?

პანიკამდე ცოტა დრო დარჩა...

მე იმას კი არ ფიქრობ, რომ წივილ-კივილი უნდა ისმოდეს ყველა სივრცეში.

პირიქით, სიდინჯე და დამაჯერებლობა მოქმედების ყველაზე საუკეთესო გამოხატვაა ამ მხრივ. მაგრამ, ამ სიდინჯის პარალელურად ის მაინც უნდა ჩანდეს, თუ რა კეთდება, ვინ და რას აკეთებს, რას უნდა ველოდოთ...

არ ჩანს ეს.


ვერსად წავაწყდი დამადასტურებელ ინფორმაციას.


და თუ ორი კვირის წინანდელი განცხადებით ვიმსჯელებთ, ან მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით და ინტერნეტში გავრცელებული "ნაჯახური" PR-მასალებით. რაღაც კარგი პირი არ უნდა უჩანდეს უახლოეს მომავალს. უახლოესს, თორემ... 24-ე საუკუნეში რომ საქართველო გაბრწყინდება, ამაში ქალბატონმა ლელამ დიდი ხანია დამარწმუნა.


ცალკე თემაა ამ მხრივ ცალკეული მაღალჩინოსნების როლი.


ადრე არაერთგზის გვითქვამს, რომ მთავრობის თუ პარლამენტის უმრავლესობის წევრები ერთ მიზანს უნდა „ესროდნენ" და არა სხვადასხვას...


ადრე, მაგალითად, ერთერთი ძალოვანი მინისტრი თავს „ვალდებულად" თვლიდა ყველა (!) საკითხზე (საშინაო იქნებოდა თუ საგარეო პოლიტიკა) გამოეთქვა საკუთარი „კომპეტენტური" აზრი პარალელურად იმისა, რომ უკვე საჯაროდ იყო განცხადებული ქვეყნის პოზიცია პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავკაცის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ! არა, მთელ მსოფლიოს უნდა ცოდნოდა, რომ ის არ იყო „ჩვეულებრივი" მინისტრი, ის „განსაკუთრებული" და უფრო დიდი უფლებამოსილების და გავლენის ფიგურა გახლდათ, ვიდრე ...


სამწუხაროდ, ახლაც თითქმის იგივე ხდება. მით უმეტეს საერთო „დაბნეულობის" იმ ატმოსფეროში, როცა აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ნაზავიც კი ვერ გვაძლევს საბოლოო ეფექტს და ამ სფეროს არცოდნამ, მასში არაკომპეტენტურმა და მხოლოდ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ჩარევამ, შესაძლოა, „საკუთარ კარში" გაგვატანინოს გოლი!


სწორედ ეს „კეკლუცობა" და „ნარცისიზმი" წარმოშობს, როგორც წესი, გაუგებრობებს, რაც აბნევს საზოგადოებას. ამის არაერთი მაგალითი დღეს.


საინტერესო კია, ვინმე თუ უწევს კოორდინაციას საზოგადოებასთან ამ სტრუქტურების ურთიერთობას, მაღალჩინოსანთა იმ განცხადებებს,რომელთა მიზანი მოსახლეობის დროული და კვალიფიცირებული ინფორმირება უნდა იყოს და არა მისი... "გაგიჟება".


ისე, პროფესიული სამყაროც ვალშია საზოგადოებასთან: უამრავი ეკონომისტი გვყავს, ამდენივე ფინანსისტი, ათეულობით არასამთავრობო, ასევე-ფონდი, ათამდე დარგობრივი აკადემია (!) თავისი ე.წ. აკადემიკოსებით, ათობით უნივერსიტეტი და მათი სპეციალიზებული ფაკულტეტები "ნ"-რაოდენობის პროფესურით და... "არსაიდან ხმა არსით ძახილი!": არცერთი ისეთი სიტყვა, ისეთი რჩევა, ისეთი აზრი, რომელიც კომპეტენტურად გაანათლებს, დაამშვიდებს, იმედით აღავსებს შეშინებულ, გაჭირვებულ, სასოწარკვეთილებადე მისულ ასეულ ათასობით ადამიანს.

პირიქით!

არადა...


შეუიარაღებელი თვალიც კი ამჩნევს, რომ... ქვეყნის "აყირავება" სურს ვიღაცას თუ ვიღაცეებს...

ეგებ, შეუგნებლადაც კი. მაგრამ, საბოლოო ჯამში ასე ჩანს...

სხვანაირად ვერ ახსნი კაცი იმ მოვლენებს, რაც ლართან დაკავშირებით ხდება.


ვინმეს შეუძლია გაგგვცეს პასუხი შეკითხვაზე:

ისეთი მკვეთრი რა მოხდა ამ სამ-ოთხ დღეში (მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ), რომ დოლარი უკვე დღიურად კი არა, წუთობით "სუქდება" ლარის, ანუ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ხარჯზე. "სუქდება" არა მარტო დოლარი, ევრო, არამედ ის საფინანსო სტრუქტურები, რომლებიც ხალხისთვის ამ უმძიმეს პერიოდში თავხედობის ყველა ზღვარს გადასცდნენ.... დააკვირდით სარეკლამო სივრცეს, მობილური ტელეფონებით დაუკითხავად "შემოტენილ" მათ გზვნილებს...


დაპირება, თანაც უმაღლეს დონეზე, ხომ დიამეტრულად საპირისპირო იყო?


ჰოდა, ვიდრე პასუხისმგებლობით და კომპეტენციით აღსავსე განცხადებას არ მოვისმენთ, მანამდე ლეგიტიმურია სწორედ ქვეყნის "აყირავებასთან" დაკავშირებული ჭორი!


და კიდევ ერთი, მოარულ ხმის შესახებ:

საზოგადოების ერთ ნაწილში მუსირებს აზრი მთავრობის ზოგიერთი მაღალჩინოსნის მეტისმეტად ახლო ურთიერთობაზე საბანკო სექტორის ზოგიერთ „ვარსკვლავთან".


ის რომ მე, პირადად, არ ვთვლი ზოგადად ბანკებს და ბანკირებს "ხალხის მტრებად", არ ნიშნავს მათ ანგელოზებად გადაქცევას.


იზრდება მოსახლეობის სერიოზული ნაწილის უკმაყოფილება ამ სფეროსადმი, რომელიც თანდათანობით აგრესიაში შესაძლოა გადავიდეს. ამ დამოკიდებულებას, როგორც ცეცხლს ნავთი, გადაასხა "დოლარიზაციის" შეცვლის წინადადებამ "ლარიზაციით" და ამით წარმოქმნილი "სხვაობის" სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფარვის პირობამ, რომელიც საზოგადოებასთან და პროფესიულ სამყაროსთან კონსულტაციების გარეშე იშვა.


მოსახლეობის ერთი ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფოს მხრიდან "საჩუქრად" (!!!) შეთავაზებული, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკები ათეულ თუ ასეული მილიონობით მოსალოდნელ დივიდენდებს მიიღებენ. ისე, უბრალოდ, დაუმსახურებლად, ეშმაკობით, მოტყუებით, შეჭირვებული ადამიანების ხარჯზე. და სწორედ ეს მიაჩნიათ საუკუნის (!!!) "აფიორად" (!!!),რომლის მიზანი არისო ცალკეულ მაღალჩინოსანთა და საფინანსო სტრუქტურების გაათმაგებულ-გაასმაგებული მადის დაკმაყოფილება.


რამდენად აქვს რეალური საფუძველი ამ მოარულ ხმებს, ეს ამ წერილის გასარკვევი არ არის. ამ წერილის მიზანი ის გახლავთ, რომ ვისაც ჯერ არს იმას მიანიშნოს იპოლიტე ხვიჩიას ხმით და ტონალობით: „დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას!!!!


საკუთრივ კი ყველას შევახსენებ მამლის ნათქვამს: მე მიყივლია და აწი გინდ გათენდეს და გინდა არაო...


http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=198&info_id=58369











 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner