logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: პოლიტიკურ ჯგუფებში სააკაშვილს უყურებდნენ როგორც ხმაურიან მასხარას!
- +

13 თებერვალი. 2018. 20:10



სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა არ მომხდარა მისი შიშით. სააკაშვილის უკრაინაში არავის ეშინოდა, ოდესასა და უკრაინის ჯანდაცვაში ჩაფლავების შემდეგ „რეფორმატორი მიშას" ხიბლი დიდი ხანია გამქრალია.


უკრაინის საზოგადოებაში სააკაშვილის პოპულარობის საუკეთესო სარკე მის აქციებზე მისულთა რაოდენობა და მისი პარტიის რეიტინგია (საუბარი აღარაა ოდესის ოლქზე, სადაც მიშა ვეღარც ჩადიოდა) პოლიტიკურ ჯგუფებში სააკაშვილს უყურებდნენ როგორც ხმაურიან მასხარას, რომელიც გამოდგებოდა მხოლოდ სხვა, სერიოზული მოთამაშეების ერთმანეთთან საბრძოლო ერთჯერად ინსტრუმენტად.


არც ტიმოშენკოს და არც კოლომოისკის არ უფიქრიათ სააკაშვილთან თანამშრომლობა. ერთს სურდა პოროშენკოს გამოყვანა „ოპოზიციასთან მებრძოლ ქაჯად", ხოლო მეორეს უნდოდა თუნდაც მცირედი სამაგიერო გადაეხადა წართმეული ბანკისთვის.


სააკაშვილს მასხარად მიიჩნევს იაცენიუკის პარტიაც და ოპოზიციური ბლოკიც, ე.წ. „ევროოპტიმისტები" არანაირ ძალას არ წარმოადგენენ და სხვათაშორის დღემდე რჩებიან პოროშენკოს ბლოკში, ლვოვის მერი არავის სჭირდება, ის სამიოდე დეპუტატი, რომელსაც სააკაშვილი აპიარებდა, რეალურად საკუთარ პოლიტმომავალზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე სააკაშვილზე... და ზოგადად ყველამ იცოდა, რომ სააკაშვილის უკრაინაში პერსპექტივა არ ჰქონდა.


ყველამ იცოდა, რომ „აწყვეტილი ბორკილების", „სპეცნაზელების გალახვისა" და „ხალხის შიშით გათავისუფლების" მიღმა იდგა ბანალური გათვლა:


პოროშენკოს უნდოდა მისი მტერი - სააკაშვილი დაეკავებინა მის მტერ - ავაკოვს (შსს) და თუ ხმაური იქნებოდა (რაც აწყობდა პოროშენკოს) მაშინ ავაკოვიც დატოვებდა თანამდებობას. ავაკოვმა იყნოსა ხაფანგი და სააკაშვილი (რომელიც ავაკოვის მტერიცაა) დატოვა გარეთ პოროშენკოს „გასაბანძებლად". ბოლოს ისე გამოდიოდა, რომ ამ მასხარას გამო ბანძდებოდა პოროშენკოც, ავაკოვიც, პროკურატურაც და მთელი ხელისუფლებაც, წინ კი არჩევნებია.


მოკლედ არავითარი შიში არ ყოფილა, იყო პრაგმატული სვლა, რომელიც აწყობდა უკრაინული პოლიტიკის ყველა მოთამაშეს, პრეზიდენტის ბლოკსაც, სახალხო ფრონტსაც, ტიმოშენკოსაც და ოპოზიციურ ბლოკსაც. სათამაშოს დაკარგვით შესაძლოა გული დასწყვეტოდა კოლომოისკის და იანუკოვიჩს, რომელსაც ასევე ართობდა ხელისუფლების გაბანძება, დანარჩენებმა დაისვენეს. გული დასწყდებოდა უკრაინაში სააკაშვილის ქართული ფანკლუბის აქტივისტებს, შესაძლოა დიასპორელ გუგეშაშვილს, ჩვენს კონსულს უკრაინაში, ქათამაძეს წასცდებოდა კურცხალი ... კიდევ ოციოდე კარვის აქტივისტს და მორჩა, უკრაინაში არანაირი მასიური გლოვა არ დაწყებულა.


უკრაინა დიდი ქვეყანაა, დიდი პოლიტიკით, დიდი ამბიციებითა და ფულით. იქ სააკაშვილი ძალიან პატარა იყო და კიდევ უფრო დაპატარავდა, როცა ნაპრეზიდენტალი მასხარად იქცა და ამით საქართველოსაც ჩირქი მოსცხო.


საქართველოს პრეზიდენტი ან ექს-პრეზიდენტი ისე არ უნდა იქცეოდეს, როგორც ცანცარა, არ უნდა დახტოდეს სახურავებზე და არ უნდა ახოხებინებდეს თავს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს.


სააკაშვილი ვეღარ დაბრუნდება უკრაინაში და ეს კარგია არა მხოლოდ უკრაინისთვის (თავის ქვეყანას თავად, პორტირებული პოლიტიკოსების გარეშე უნდა მიხედონ) არამედ საქართველოსთვისაც, სადაც სააკაშვილს კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ ან მიზანმიმართულად ცდილობენ მის საფრთხედ წარმოჩენას.


ერთმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ძალიან მოკლედ ჩამომიყალიბა ჩვენი შეცდომა: - „თქვენი პრობლემა უკრაინაში მყოფი სააკაშვილი არაა, პრობლემა ისაა, რომ მასში ხედავთ პრობლემას, ჯობია მანდ მიხედოთ საქმეს და საქართველოს რეალური პრობლემები მოაგვაროთ".


გიორგი უძილაური










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner