logo_geo
eng_logo
„რუსული ფული და სკანდალური ფოტო-ვიდეომასალა“ - რა ბრალდებებს უყენებს ირმა ინაშვილი დავით ქაცარავას?
- +

11 მაისი. 2018. 13:47

 

 

ტელეკომპანია „ობიექტივი“ მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელის დავით ქაცარავას შესახებ ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ ფოტოებსა და ვიდეოში ქაცარავა რუსულ „ალფა ბანკის“ წარმომადგენლებთან ერთად არის გადაღებული. „ობიექტივის“ ინფორმაციით, ქაცარავამ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში რუსული დაფინანსება მიიღო. თავად ქაცარავა ამბობს, რომ პროექტი კულტურული და ტურისტული დანიშნულების იყო.

 

„ობიექტივის“ სიუჟეტში ნათქვამია: „ეს ფოტო და ვიდეო მასალა 2017 წლის ოქტომბერშია გადაღებული. წყარო მოგვითხრობს, რომ ქაცარავა რესტორან „მეტეხის ჩრდილში“ რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტის დეტალებს „ალფა ბანკის“ წარმომადგენელ ანგელინა ულიანიკოვასთან ათანხმებდა. აღნიშნულ პროექტს იმ პერიოდში სწორედ დავით ქაცარავა ხელმძღვანელობდა და მის განხორციელებაში რუსულმა მხარემ ათასობით ლარი გადაუხადა. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ყველა შესაბამის უწყებას დავით ქაცარავას საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდა“.

 

ტელეკომპანია იქვე ციტირებს ირმა ინაშვილის მიერ facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებას:

 

„2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ( სწორედ დავით ქაცარავას ე.წ. კულტურული პროექტის ფარგლებში) საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა რუსული ბანკის „Alfa Bank“ თანამშრომელთა ჯგუფი. პროექტი ექსკურსიების, წვეულებების ორგანიზებას ითვალისწინებდა, რაც, ცხადია, დაფინანსებული იყო რუსული ბანკის სათაო ოფისის მიერ, ანუ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა ბატონმა ქაცარავამ და მასთან დაკავშირებულმა პირთა წრემ (ორგანიზატორთა სახით) უარი არ თქვა რუსული ფულის აღებაზე ე.წ. კულტურული პროექტის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც თავად გახლდათ. პროექტის დეტალებს დავით ქაცარავა „Alfa Bank“-ის თანამშრომელთან ვინმე ანგელინა ულიანნიკოვასთან ათანხმებდა. ანტირუსული და ანტისაოკუპაციო მოძრაობის მგზნებარე ლიდერი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს (მისი ორგანიზაციის წევრებისაგან ფარულად) რუსული ბანკის თანამშრომლებს რესტორან „მეტეხის ჩრდილშიც“ მასპინძლობდა.

 

მორიგჯერ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს,- დაიწყოს დავით ქაცარავას საქმიანობის შესწავლა, დაიწყოს იმ ეპიზოდის გამოძიება, რომელზეც ახლა ვსაუბრობ. მზად ვარ,- ჩემს ხელთ არსებული მასალა, რომელიც ცოტა ხნის წინ მომაწოდეს, გადავცე სათანადო ორგანოებს. გამოძიებას მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას, თუ ვინ, როდის და როგორ გადმომცა ეს მასალა“, - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გთავაზობთ „ობიექტივის“ სიუჟეტს, სადაც ასევე ნახავთ, თუ რას პასუხობს დავით ქაცარავა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს. 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×