logo_geo
eng_logo
რა შემთხვევაში ჩამოგართმევენ ავტომობილს?!
- +

29 აპრილი. 2016. 13:11



ბოლო დროს „სითი პარკის" ჯარიმებთან დაკავშირებით ბევრ მოქალაქეს შეექმნა პრობლემა. საკითხი უკავშირდება პარკირების წესის დარღვევისთვის გაცემულ 10-ლარიან ჯარიმებს, რომლებიც გადაუხდელობის შემთხვევაში 150 და ზოგჯერ სამას ლარამდე იზრდება. ავტომობილების მფლობელები ჯარიმის გადაუხდელობის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მათთვის ჯარიმა პირადად არ ჩაუბარებიათ ან პარკირების ადგილზე გამოწერილი ჯარიმის ფურცელი დაიკარგა, შესაბამისად, მათ მისი არსებობის შესახებ არ იცოდნენ.


მსგავსი პრობლემა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებსაც შეექმნათ. როგორც მომღერალი ნინი ბადურაშვილი ამბობს: „ის ჯარიმა, რომელიც ჩემთვის არ ჩაუბარებიათ, ავიდა 300 ლარზე, ისე, რომ მე არაფერი არ ვიცოდი და არც გამაფრთხილეს, რომ ჩემთვის გადმოეცათ".

ამავე პრობლემაზე წერს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილიც: „ვერ დავიმახსოვრე, 600 ლარი მაქვს გადასახდელი, თორემ მანქანას დაგიყადაღებთო. ეს ხომ პატრულის ჯარიმა არ არის. პარკირების ჯარიმაა... ასე ბრმად უნდა ვენდო, არ გავაპროტესტო და გადავიხადო? მითუმეტეს. მე არ ჩამიბარებია არანაირი ქვითარი..."


რა შემთხვევაში არის შესაძლებელი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ათლარიანი ჯარიმის გამო, მძღოლის საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცეს, როგორია დაჯარიმებული მძღოლის ინფორმირების მექანიზმი „სითი პარკის" მხრიდან და რა უნდა გააკეთოს ავტომფლობელმა იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის ფურცელი არც მას და არც მისი ოჯახის წევრს არ მიუღია?! - შეკითხვებით კომპანიის წარმომადგენელს მივმართეთ.


როგორც „სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ამბობს, რომ არც მისთვის და არც მისი ოჯახის წევრისთვის არ ჩაუბარებიათ ჯარიმა, მას შეუძლია დაწეროს განცხადება ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ საკითხს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ.


„მინდა განვმარტო, რომ ჯარიმებს ჩვენ არ ვარიგებთ. კომპანია თანამშრომლობს რამდენიმე ქვეკონტრაქტორ საფოსტო ორგანიზაციასთან, რომელთა უფლებამოსილებაშიცაა ჯარიმების ადრესატამდე მიტანა. თუ მათი მხრიდან ხელმოწერის გაყალბება დადასტურდა, საკმაოდ სერიოზული სანქციები დაეკისრება კანონმდებლობის დამრღვევს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ჩაბარებულია ჯარიმა უფლებამოსილი პირის მიერ, ავტომფლობელი ვერაფერს იზამს", - აცხადებს ტაბიძე.


მისივე თქმით, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტომფლობელის ინფორმირების რამდენიმე მექანიზმი არსებობს:


„გამოწერილი ჯარიმის ერთი ეგზემპლარი მანქანის საქარე მინაზე რჩება. ასევე, ჯარიმა იგზავნება ავტომფლობელის იურიდიულ მისამართზე და თუ ავტომფლობელი ან მისი სრულწლოვანი ოჯახის წევრი ჩაიბარებს ამ ჯარიმას, მას 30 კალენდარული დღე აქვს დასაფარად და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ამ ხნის განმავლობაში მას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი, თანხა იზრდება 150 ლარამდე. მეორე გზა იმისთვის, რომ ადამიანი მუდმივად საქმის კურსში იყოს ჯარიმებთან დაკავშირებით - საკმარისია, ერთხელ სრულიად უფასოდ გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდზე და ყველა დაჯარიმების შემთხვევაში ავტომფლობელს მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება. კომპანია ამ პიროვნებას ჯარიმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრეც იმავე მეთოდით გააფრთხილებს და აცნობებს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. მესამე მექანიზმია ავტომფლობელმა დარეკოს ცხელ ხაზზე და მიიღოს ამომწურავი ინფომაცია, აქვს თუ არა რაიმე ჯარიმა და მოხდა თუ არა მისი ჩაბარება", - განმარტავს ლევან ტაბიძე.


ლევან ტაბიძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომფლობელმა 150-ლარიანი ჯარიმაც არ გადაიხადა, საქმე გადადის აღსრულების ბიუროში, რომელიც თავის მხრივ მიმართავს მოქალაქეს და თუ ეს კომუნიკაციაც ვერ შედგა, აღსრულების ბიუროს მიერ სააღმსრულებლო პროცედურები იწყება.


AMBEBI.GE დაინტერესდა, რა პროცედურები ხორციელდება მას შემდეგ, რაც „სითი პარკი" „ურჩი" მძღოლის საქმეს აღსრულების ბიუროს გადასცემს. როგორც აღსრულების ბიუროში განგვიმარტეს, პირველ ეტაპზე სუბიექტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი მოვალეთა რეესტრში ემატება. ამავდროულად თავად მოვალეს ეგზავნება შეტყობინება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თუ ამას შვიდი დღის განმავლობაში არ მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, რეგისტრაციის საქმე იგზავნება ბანკებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილის ან პირადი ანგარიშების კონფისკაციის მიზნით. ხოლო თუ პირის სახელზე არ ფიქსირდება ქონება, სუბიექტი მოვალეთა რეესტრში რჩება 5 წლის განმავლობაში.


„ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ავტომფლობელებს მიღებული ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გაგება პოსტფაქტუმ უწევთ, რაც არასწორი და მანკიერი პრაქტიკაა. მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში ბევრი ადამიანი დგას მსგავსი პრობლემის წინაშე: „ეს არის გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი, „სითი პარკი" ვალდებულებას არ იღებს, გაზრდილი ჯარიმის შემთხვევაში აცნობოს მოქალაქეს. ხშირად არის შემთხვევები, როცა ე.წ. „სტაიანშიკები" თვითნებურად იღებენ „სითი პარკის" საჯაიმო ქვითარს კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით. ამ დროს ინფორმაცია არ აქვს ავტომფლობელს. საბოლოოდ კი ვიგებთ, რომ ჩვენი გვერდის ავლით ჩვენი საკუთრება დაყადაღებულია, რაც დიდი ხარვეზია როგორც საკანონმდებლო, ისე სახელისუფლებო დონეზე. ამ პრობლემის მოგვარებაზე არ მუშაობს არც თბილისის მერია და საკითხის მოგვარება მითუმეტეს არ დგას „სითი პარკის" ინტერესებში, რომელიც თავისი შემოსავლების ნახევარზე მეტს სწორედ ჯარიმებიდან მიღებული თანხით ავსებს", - ამბობს ურუშაძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.


ვასო ურუშაძის თქმით, მართალია „სითი პარკს" კანონით აქვს მინიჭებული დაჯარიმების, გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის გაზრდისა და მისი ამოღების მექანიზმების ამუშავების, ასევე საქმის აღსრულების ბიუროსთვის გადაცემის უფლება, მაგრამ არასწორია ის ფაქტი, რომ კომპანია საავტომობილო ინფრასტრუქტურისა თუ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, ავტომფლობელების დაჯარიმებაზეა ორიენტირებული.



ქრისტინე გამთენაძე



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner